ფიზიოგნომიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიზიოგნომიკა – (ბერძნ. Physis – ბუნება და gnomovikos – მცოდნე, გამჭრიახი) – მეცნიერების დარგი, რომელიც ფიზიკური თავისებურებების მიხედვით ადგენს ადამიანის სულიერ თვისებებს; სწავლება გარდაუვალი კავშირის შესახებ ადამიანის (ასევე ცხოველის) გარეგნობასა და მის ხასიათს შორის. ფიზიოგნომიკურმა დაკვირვებებმა, რომლებიც დაფიქსირებულია ძველი აღმოსავლეთის კულტურაში, ანტიკურ ეპოქაში მიიღო სისტემური სახე, იმ დროის სხვა მეცნიერული სტრუქტურების მსგავსი. ფიზიოგნომიკასთან იყო დაკავშირებული ანტიკური თეორიები ადამიანის და ხალხების სხეულისა და ფსიქიკური წყობის კავშირზე კლიმატურ პირობებთან (ჰიპოკრატე), ასევე სწავლება ტემპერამენტების შესახებ. მასთან ახლოს დგას არისტოტელეს მოწაფეების მიერ შემუშავებული ტიპოლოგია „ზნეობრივი ხასიათებისა“ (თეოფრასტე). ფიზიოგნომიკის წინაპირობა იყო ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი წარმოდგენები, რომლის მიხედვით ყოველი ადამიანი მკაცრად დეტერმინირებულია თავისი თანდაყოლილი ზნეობის თვითგამოვლინებაში. არსებობს ჰერაკლიტეს გამონათქვამი: ადამიანის ზნე არის მისი დემონი, ანუ მისი ბედი (ანალოგიური გამონათქვამები აქვთ ეპიქარმეს, დემოკრიტეს, პლატონს).

ფიზიოგნომიკის ანტიკურმა ტრადიციებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია შუასაუკუნეების წარმოდგენებზე. მე-17-18 სს. მეცნიერების ახალმა კრიტერიუმებმა ფიზიოგნომიკას ადგილი მიუჩინა ემპირიულ ყოფაში და მხატვრულ სამყაროში. ი. ლაფატერმა შექმნა მეცნიერული ნაშრომი „ფიზიოგნომიკური ფრაგმენტები“, სადაც შეეცადა ფიზიოგნომიკისთვის დაებრუნებია მეცნიერული სტატუსი. ანალოგიური ტენდენციები აღენიშნებოდათ გერმანული რომანტიზმის ეპიგონებს (რ. კასნერი). ამავე პერიოდში იგივე მცდელობა განხორციელდა გრაფოლოგიის და ხარაქტეროლოგიის სფეროშიც.

ფიზიოგნომიკას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა თეატრალურ ხელოვნებაში, როგორც მხატვრული რეალობის განუყრელ კომპონენტს. როლის ფიზიოგნომიკური შტრიხების პოვნა სტანისლავსკის მიაჩნდა გარდასახვის მძლავრი ბერკეტად.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები