ფსიქოლინგვისტიკა საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქოლინგვისტიკა საქართველოში - Psycholinguistics in Georgia - Психолингвистика в Грузии
(ბერძ. psychё სული + logos მცოდნეობა, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში ფსიქოლინგვისტიკა. მას დიმიტრი უზნაძემ დაუდო სათავე. თავის პირველივე ფსიქოლოგიურ ნაშრომში (1923) მან იკვლია სახელდების საკითხი. ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე უზნაძემ გამოთქვა მოსაზრება ამ ფენომენის განწყობისეული ბუნების თაობაზე. კვლევის ეს ხაზი შემდგომში განაგრძო და განავრცო აკაკი ბაინდურაშვილმა, შემდეგ კი − ზურაბ ვახანიამ. ამ გამოკვლევებით გადაიჭრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უძველესი პრობლება: დამტკიცდა სიტყვის ჟღერადობის მოტივირებულობა სიტყვის მნიშვნელობით (მთლიანობითი აქტუალური განწყობის მოქმედებაზე დამყარებით) (ფონოსემანტიკური მოტივირებულობა ქართულ ენაში).

ნაშრომში „ენის შინაფორმა” (1947) დ. უზნაძემ დაამუშავა „ენობრივი განწყობის” ცნება და წარმოადგინა შეხედულება მეტყველების პროცესის განწყობისეული საფუძვლის შესახებ. ენის შინაფორმა − ვ. ფონ ჰუმბოლდტის თეორიის ერთ-ერთი უმთავრესი ცნებაა. დ. უზნაძემ, ბუნებრივია, მის საფუძვლად განწყობის ცნება მოიაზრა. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ძალიან ზოგადი მონახაზი იყო. ეს მიმართულება ნაყოფიერად განაგრძო და განავითარა ვ. ჰუმბოლდტის ქართველმა მიმდევარმა, ფილოლოგმა გურამ რამიშვილმა. მან განსაკუთრებით გამოკვეთა ჰუმბოლდტისეული მიდგომის მთავარი მახასიათებელი − ის, რომ ენა, მისი ცალკეული ფენები და განზომილებანი არის განუწყვეტელი ქმნადობა („ენერგეია”), და არა ქმნადობის შედეგები („ერგონი”). ეს მიდგომა XXI საუკუნეშიც რჩება მთავარ ალტერნატივად ცალმხრივად რაციონალისტური/კოგნიტივისტური თეორიებისა ენის შესახებ.

განწყობის ფსიქოლოგიას უშუალო და ძალიან საინტერესო გამოყენებები აქვს ენათმეცნიერების ყველა ძირითად დარგში: ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, ლექსიკოლოგია, სტილისტიკა... ფსიქოლინგვისტიკური კვლევა საშუალებას გვაძლევს, ჩავწვდეთ ენის სიღრმისეულ ფენებს და ავხსნათ ენაში მოქმედი ძირეული კანონზომიერებანი. ზოგი ეს კანონზომიერება მეტ-ნაკლებად ახასიათებს უცხო ენებსაც (მაგ., ფონეტიკური ასიმილაციის მოვლენა, რომელიც უშუალოდ აიხსნება განწყობის ასიმილაციური მოქმედებით); ზოგი კი საკუთრივ ქართულია და ქართულენოვანი მსოფლაღქმის, ქართულენოვანი სამყაროსა და, შესაბამისად, ეროვნული ზნე-ხასიათვის თავისებურებებს წარმოაჩენს (ვ. ჰუმბოლდტი).

დ. უზნაძე დაინტერესებული იყო ბავშვის მეტყველების გენეზისის საკითხითაც. მონოგრაფიაში „ბავშვის ფსიქოლოგია” (1947) მან განაზოგადა თავისი მოსაზრებები მეტყველების ჩასახვა-განვითარების პრინციპულ საკითხებზე (მეტყველების ონტოგენეზის სტადიები, მეტყველების როლი ფსიქიკური პროცესების განვითარებაში და სხვა).

მეტყველების განვითარების შესწავლას უზნაძის სკოლაში ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა: აკაკი ავალიშვილის წიგნი “ბავშვის მეტყველების განვითარება დაბადებიდან სამ წლამდე” (1961) და ნათელა ჭრელაშვილის მონოგრაფია “ბავშვის ამეტყველების ფსიქოლოგიური ბუნება” (1965).

ვრცლად იქნა შესწავლილი ბილინგვიზმისა და მეორე ენის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო წრე. აქ გამორჩეული ადგილი უკავია ნათელა იმედაძის ფუნდამენტურ კვლევებს, რომლებშიც ადრეული ბილინგვიზმის განვითარების სტადიები განწყობისეული მიდგომის თვალსაზრისითაა გააზრებული; შესწავლილია აგრეთვე მეორე ენის სწავლებისა და მშობლიური ენის დაუფლების ფსიქოლოგიური კანონზომიერებანი. უცხო ენის სწავლა-სწავლების ფსიქოლოგიური და პედაგოგიურ-მეთოდიკური ასპექტები, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, დამუშავებულია არჩილ ალხაზიშვილის ორ მონოგრაფიაში. მათში დასაბუთებულია უცხო ენის სწავლების ბუნებრივი გზის უპირატესობა და ენობრივი სიტუაციის (სათანადო უცხოენოვანი გარემოს) გადამწყვეტი მნიშვნელოვნება, შემუშავებულია მრავალი კონკრეტული რეკომენდაცია (საპირისპიროდ უცხო ენის სწავლების ტრადიციული გზისა, რომელიც წერა-კითხვასა და თეორიულ გრამატიკას ემყარება).

დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში 1970-80-იან წლებში მუშაობდა ენის ფსიქოლოგიის ლაბორატორია, რომლის კვლევათა საფუძველზე მომზადდა და გამოქვეყნდა სამტომეული: „მეტყველების ფსიქოლოგია და ფსიქოლინგვისტიკის ზოგიერთი საკითხი” (1979-1983). კრებულის თემატიკა მრავალფეროვანია, დაწყებული ცხოველური კომუნიკაციიდან (დალი ბერეკაშვილი), დამთავრებული ჯ. მილერის ფსიქოლინგვისტიკური მოდელის თეორიულ-ექსპერიმენტული კრიტიკით (თამარ ზარიძე). ძირითადი ადგილი მაინც ამ ჯგუფის სამეცნიერო ხელმძღვანელის, დარეჯან რამიშვილის სტატიებს უკავია. მათი შინაარსის დიდი ნაწილი ასახულია ამ ავტორის მრავალრიცხოვან ფუნდამენტურ მონოგრაფიებში, რომლებშიც გადმოცემულია შეხედულებათა მთელი სისტემა ენის ფსიქოლოგიისა და ფსიქოლინგვისტიკის ძირეულ პრობლემებზე: მეტყველების განსხვავებულ სახეობათა ფსიქოლოგიური ბუნება, გამომხატველ მოძრაობათა ფუნქცია და ბუნება, აზროვნებისა და მეტყველების პროცესების ურთიერთმიმართება, ენობრივი პროცესის ძირითადი ფსიქოლოგიური მექანიზმი, ენობრივი პროცესის კანონზომიერება და შემეცნების თეორია.

ალექსანდრე ფრანგიშვილმა დაწვრილებით შეისწავლა „გულ-” ძირი ქართულ ენასა და მხატვრულ ლიტერატურაში. ეს კვლევა მზია გომელაურმა განაგრძო. ფრანგიშვილის დასკვნით, „გულ-” ძირის უაღრესად ფართო და განტოტილი სემანტიკური ველი ძალიან ახლოსაა დ. უზნაძისეული „განწყობის” ცნების სემანტიკურ ველთან.

ზ. ვახანიამ, ქართული ენის სიღრმისეულ თავისებურებათა კვლევისას, გამოავლინა სხვა ენებთან შედარებით ძლიერი ექსპრესიულობა და სუბიექტივიზმი, ანუ ფსიქოლოგიზმი (ქართული ენის ფსიქოლოგიზმი). ამას წარმოაჩენს ენის ყველა მხარე თუ დონე: ფონეტიკა; ლექსიკა და ფრაზეოლოგია, კონოტაციები, სინტაქსი, მორფოლოგია. ამ ყოველივეს გათვალისწინებით შემთხვევითი არაა, რომ განწყობის თეორია სწორედ ქართველის შექმნილია. ეს კიდევ ერთი საყურადღებო მაგალითია „ლინგვისტური ფარდობითობის ჰიპოთეზისა”, რომლის ექსპერიმენტული შემოწმება ნ. იმედაძის სპეციალურ გამოკვლევაშია ნაცადი.

ა. ალხაზიშვილმა ქართული ენის სინტაქსის ფრიად საყურადღებო თავისებურება აღმოაჩინა: სიტყვათრიგის გამოყენება ფაქიზი აზრობრივ-რიტორიკული მახვილისთვის ანუ სიტყვის გამოსარჩევად. ამგვარი მოვლენა მსოფლიო ენათმეცნიერებისთვის უცნობი იყო. ხოლო ქართულ ენაში იმდენად ძლიერმოქმედია, რომ ფონეტიკურ ილუზიებსაც კი იწვევს (სინტაქსური გამორჩევადობა ქართულ ენაში). ა. ალხაზიშვილმა ფონემის ცნებაც დააზუსტა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სიტყვის მნიშვნელობის წვდომა-გაგებისთვის კონტექსტია განმსაზღვრელი. გ. კეჩხუაშვილმა დაასაბუთა, რომ ამის საფუძველი განწყობის მოქმედებაა.

რუსუდან მშვიდობაძემ მონოგრაფიაში „მეტყველების გაუცნობიერებელი ფორმალური პარამეტრების ფსიქოლოგიური ფუნქციები” ექსპერიმენტულად გამოავლინა, რომ საგანზე (ადამიანზე) საუბრისას ადამიანი გაუცნობიერებლად ცვლის ტექსტის გრამატიკულ, სინტაქსურ პარამეტრებს იმისდა მიხედვით, დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულება (ატიტუდი) აქვს მას ამ საგნის (ადამიანის) მიმართ. გამარტივებულად: უარყოფითი დამოკიდებულებისას წინადადებები უფრო მოკლე და მარტივია, ხოლო დადებითი დამოკიდებულებისას − უფრო გრძელი და რთული.

რამაზ საყვარელიძემ სადისერტაციო ნაშრომში „სემანტიკური ინტერფერენციის ფსიქოლოგიური მექანიზმის საკითხისთვის” იკვლია ფიქსირებული ენის ასიმილაციური გავლენა ახალი ენის სიტყვათხმარებაზე. ეს მიჩნეულ იქნა სამეტყველო ქცევაში ფიქსირებული განწყობის მთავარი ზოგადი თვისების − ასიმილაციური მოქმედების − გამოვლინებად.

მანანა ბუაჩიძე-გაბაშვილი მუშაობს აფაზიოლოგიის ისტორიის საკითხებზე და აფაზიის ლინგვისტიკურ ასპექტებზე; მიმართებებზე ენას, მეტყველებასა და ენობრივ განწყობას შორის, ლინგვისტიკურ კანონზომიერებათა რღვევის ბუნებაზე მეტყველების პათოლოგიის დროს. ლალი სურმანიძემ ფსიქოსემანტიკის მეთოდით ჩაატარა კვლევა ქართული ანდაზების მასალაზე.

2009 წელს გამომცემლობამ „არეტე” გამოსცა ივა მინდაძის სახელმძღვანელო „ფსიქოლინგვისტიკა”, რომელშიც წარმოჩენილია ამ დარგის თანამედროვე მიმართულებები. 2010 წელს გამომცემლობამ „ქორბუდა” გამოსცა ზურაბ ვახანიას, კახა გაბუნიას და თამარ მახარაძის ორტომიანი მონოგრაფია „ქართული ფილოლოგია”. ამ წიგნში გადმოცემულია მრავალი თემა შემდეგი დარგებიდან: ფსიქოლინგვისტიკა, ენის ფსიქოლოგია და ენის ფილოსოფია, ზოგადი და ქართველური ენათმეცნიერება; კულტუროლოგია, მითოლოგია, ლიტერატურისმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია, ლიტერატურის ფსიქოლოგია (მათ შორის − ავტორების ორიგინალურ კვლევათა მრავალი შედეგი).

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები