ქარაგმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქარაგმა - (ბერძნ. charagma – შუბლის ნაოჭი, ნაკვალევი, კალმის მონასმი), პირობითი გრაფიკული ნიშანი, რომელიც ძველ ხელნაწერებში ან წარწერებში ზევით დაესმის შემოკლებით (არასრულად) დაწერილ სიტყვებს. შემოკლების მიზანი იყო საწერი მასალის, დროისა და, საერთოდ, შრომის ეკონომია. გრაფიკულად ქარაგმა არის სწორი ჰორიზონტალური ხაზი (უფრო ეპიგრაფიკულ ძეგლებში), ტალღისებრი კლაკნილი ჰორიზონტალური ხაზი (უფრო ხელნაწერებში), ან კიდევ დახრილი სწორი ხაზი, რომლის კიდურები წერტილებითაა შესქელებული.

ტერმინი ქარაგმა პირველად გაგვეღება მიქაელ მოდრეკილის (X ს) ჰიმნოგრაფიულ კრებულში „იადგარი“ (S-425). ეს ტერმინი ძველ საქართველოში გავრცელებული არ ყოფილა. სულხან-საბა ორბელიანამდე სხვა ხელნაწერებში იგი არ ჩანს (ც. ჭანკიევი).

დაქარაგმების წესებს საგანგებოდ შეეხო ანტონ I, რომელმაც თავისი „ქართული ღრამატიკის“ I რედაქციაში (1753) გამოყო ოთხგვარი ქარაგმა:

1 საუფლო – დაესმის შემოკლებულად დაწერილ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: ღ′ი – ღმერთი, უ′ი – უფალი, ი′ჳ – იესუ, ქ′ე – ქრისტე, წ′ჲ – წმიდაჲ…;

2. სამთავრულო– დაესმის მხოლოდ ერთი დასაწყისი ასოთი დაწერილ სიტყვებს, როგორიცაა: ხ′ (ხოლო), რ′ (რამეთუ);

3. საყოვგლადო (ანუ საზოგადო) – დაესმის საზოგადო შინაარსის შემოკლებულად დაწერილ სიტყვებს: კავშირებს (ა′დ – არამედ, ვ′დ – ვითარმედ, ვ′ე – ვიდრე), ნაცვალსახელებს (ყ′ი – ყოველი, რ′ – რომელი,…), ზმნიზედებს (კ′დ – კუალად… თანდებულებს (შ′ს – შორის…) და ზმნებს ( შწე′ლ – შეიწყალენ);

4. საჴმოჲანო (ჩ′ი– ჩემი, შ′ნი – შენი… „ქართული ღრამმატიკის“ II რედაქციაში (1760) ანტონმა ქარაგმათა კლასიფიკაცია შეცვალა და გამოყო ორგვარი ქარაგმა:
1.საყოვლადო იგივეა, რაც მის მიერ ადრე გამოყენებული „საყოვლადო“ + „სამთავრულო“ და „საჴმოUuuu.JPGანო“) და
2. უაღრესობითი (იგივეა, რაც „საყოვლადო“ + „სამთავრულო“), რომელიც 3 შინაარსობრივ სახეობად იყოფა:

ა) ლატრია (ბერძნ. latreia „მსახურება“, „თაყვანისცემა“), რომელშიც გააერთიანა საღმრთო სახელები: ღ′ი – ღმერთი, უ′ი – უფალი, ი′ო – იესო, ქ′ე – ქრისტე;
ბ) ტულია (ბერინ. tylos „კორძი“, „კოპი“, ნიშანი, კოპივით ამობურცული), რომელშიც გააერთიანა ღვთის შემდეგ ყველაზე წმინდა სახელები: ჯ′ი– ჯუარი, სახ′რა – სახარება, ღ′ის-მშობელი – ღვთისმშობელი, საკ′ხლი – საკურთხეველი.…;
გ) იპერტულია (υπερτερος „საუკეთესო“, „უმაღლესი“), რომელშიც გააერთიანა ფრიად საპატიო სახელები: ან′ გს – ანგელოსი, წ′ა – წმიდა, იჱ′რლიმ – იერუსალიმი, მღ′დლი – მღვდელი, წწყ′ლი – წინასწარმეტყველი,

მოც′ქლი – მოციქული, კ′სი – კათოლიკოსი...

ძვ. ქართულში არსებობდა სიტყვათა დაქარაგმების წესები: შუაშეკვეცილობა – სიტყვის დასაწყისი და ბოლო (ყველაზე გავრცელებული); ბოლოშეკვეცილობა – სიტყვის დასაწყისი (იშვიათი); მხოლოასოიანი – მხოლოდ დასაწყისი ასო (ძალზე იშვიათი, რადგან წასაკითხად ძნელი იყო). სისტემებრ, ორი კავშირი მოკლდებოდა ამ წესით: რ′ – რამეთუ, ხ′ – ხოლო; უხმოვნო დაწერილობა: ჩ′ნ – ჩუენ, შ′ნ – შენ…

შემოკლებულად დაწერილ სიტყვას, ჩვეულებრივ, ერთი ქარაგმა უკეთდებოდა, მაგრამ ზოგჯერ გრძელ სიტყვებს შეიძლებოდა ორი ქარაგმის ნიშანი ჰქონოდა. ზოგჯერ ერთი ქარაგმით მოკლდებოდა ორი დამოუკიდებელი ან ერთი რთული სიტყვა (ქჱ′მრთ – ქრისტჱს მიმართ, დბლ′ხრ – დიდებულ ხარ) ან ერთი ქარაგმის ქვეშ შემოკლებით წარმოდგენილი იყო მთელი წინადადება (მხგე′ჩნ – მეოხ გუეყავ ჩუენ).



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები