ქასქური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქასქური ენა – ხეთურ და ასურულ ლურსმულ ტექსტებში მრავალჯერ მოხსენიებული ტომების – ქასქების ენა. მართალია, იგი ამ წყაროებში დადასტურებული არ არის, მაგრამ მისი არსებობა ეჭვს არ იწვევს ხეთურ ტექსტებში შემორჩენილი ქასქური ტოპონიმიის, პირთა საკუთარი სახელების, ცალკეული ქასქური სიტყვების მიხედვით.

ქასქების ტომები ბინადრობდნენ ანატოლიის (მცირე აზიის, თანამედროვე თურქეთის) ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში (ძვ. წ. XVI–XII სს. დროინდელი ტექსტების მიხედვით), მოგვიანო ხანაში პონტოსა და მის აღმოსავლეთ ოლქებში, რომლებიც დასახლებული იყო ქართველური წარმოშობის ტომებით. თავიანთი გამუდმებული თავდასხმებით ისინი ხშირად საფრთხეს უქმნიდნენ ხეთებს. აღნიშნული ლურსმული ტექსტების „ქასქა (kasku), ქასქია (kaskaja)“ სახელწოდებას, რომელსაც ზოგჯერ უკავშირებენ ხათურ (პროტოხეთურ) სიტყვას – kasku – „მთვარე“, მკვლევრები დიდი ხანია განიხილავენ როგორც შუა საუკუნეების (VIII-XII სს.) დროინდელ წყაროებში (ბიზანტიელ ავტორებთან, არაბულ, რუსულ, ქართულ და სხვ.) მოხსენიებულ „ქაშაგ“ („ქასახთა“, „ქაშაქია“, „კასოგი“ და ა. შ.) სახელწოდებას, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრები ჩერქეზი (ადიღე) ხალხის აღმნიშვნელი იყო. აქედან გამომდინარე, ქასქური ენა განსახილველი იქნება როგორც აფხაურ-ადიღური წარმოშობის ენა. მაგრამ საეჭვოა, რამდენად მართებულია აღნიშნულ ტომთა (და ენათა) იგივეობის გამოცხადება „ქასქა / ქაშქა“ და „ქაშაგ“ ტერმინთა სავარაუდო იდენტურობაზე დაყრდნობით, მით უმეტეს, თუ ეს იდენტურობა შემთხვევითია (ქასქა / ქაშქა“ ტერმინის იდენტური ან მსგავსი სახელწოდებები გვხვდება მსოფლიოს სულ სხვადასხვა მხარეში – აფრიკაში, ევროპაში, აზიაში). ქასქებისა და მათი ენის გენეტური კავშირები აფხაზურ-ადიღურ ტომებთან (შესაბამისად, ენებთან) არადამაჯერებელია, რადგან ქასქები განსახილველი არიან როგორც მცირე აზიის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონების ავტოქთონური მოსახლეობა (რომელიმე რეგიონიდან ამ ტომთა გადმოსახლება ან მათი სხვაგან გადასახლება არ დასტურდება არც წერილობითი წყაროებისა და არც არქეოლოგიური მასალის იხედეით). უფრო სავარაუდოა ქასქების ტომთა (ენის) სიახლოვე სხვა წარმოშობის ტომებთან (ენებთან). ამ მხრივ პერსპექტიულია კავშირების ძებნა ძვ. კოლხურ, განსაკუთრებით, სამხრეთ, კოლხურ (ე. ი. დასავლურ-ქართველურ, ზანურ) ტომებთან, რომლებიც ანტიკურ ხანაში ცხოვრობდნენ პონტოს აღმოსავლეთ რაიონებში ან პონტოს მეზობლად აღმოსავლეთით. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს ხეთურ წყაროებში დადასტურებული ქასქური ტოპონიმია, პირთა საკუთარი სახელები, ცალკეული ქასქური სიტყვები და ა. შ. მაგ, ინტერესს იწვევს გეოგრაფიული სახელები, რომლებიც მთავრდება -ია (-ija) სუფიქსზე: ას-ხარფაია (Asarpaja), ელურია (ილურია): (Ellurija) გახარია (Gaharjia), ქათხარია (Katharija), ქასქაია (Kaskaija), ფათალია (Patallija), სარია (Sarija), სუხურია (Suhurija), თახანარია (Tahantarija), თალიფაცია (Tallipazija), თაქასთურია (Takasturija), თალმალია (Talmalija), თიმია (Timija), თიფია (Tipija), ვასხაია (Washaja), ციხარია (Ziharija), ცითახარია (Zitaharija), ციხარცია (Ziharaija).

სევე საინტერესოა -სქა, -სგა (-ska, -sga) სუფიქსიანი ტოპონიმები: ქასქა (Kaska, kasga), ხუმინთესქა (Humindeska), ქარიქურისქა (Karikuriska), მუნისქა (Muniska), თათისქა (Titiska), დუდუსქა/თუთუსქა (Dudduska), ციანთისქა (Ziantiska). შდრ. ასურული ლურსმული წყაროების მუსქა (მუშქა), მუსქაია (მუშქაია), ე. ი. მუშქების, მოგვიანო ხანის მესხების აღმნიშვნელი ტერმინი, (-სქა, -სგა ქასქურ სუფიქსთან დაკავშირებით შდრ. -სქ -სგ- კომპლექსიანი ფორმები ზანურსა და სვანურში).

ქასქურ პირთა სახელებია: ასხაფალა (Ashapala), ხათეფა (Hatepa), ხაცინა (Hazina), იციცი (Izizi), ქაციფირი (Kazipiri), ფაათა (Paata), ფათალია (Patalija), ფაცანა (Pazana), ფიხუნია (Pihunija), ფია (Pija), ფაციცი (pazizi), დადა, თათა, დათა, (Dada, Tata, Data), დადილუ (Dadilu), თემეთი (Temeti), თითა (Tita), თუთუ (Tuttu), და ა. შ. ქასქური პირთა სახელებია აგრეთვე -ილ-ილი (-il-ili) სუფიქსიანი სახელები (-ილ სუფიქი აღნიშნავს ამა თუ იმ პირთა წარმომავლობას): ხიმუილი [Himuili - „ხიმუელი“, კაცი ზიმუიდან. ხიმუა იგივე ხიმუვა (ტოპონიმი)], ქასქაილი [(Kaskaili) - „ქასქელი“]. გურიალი, გურიილი („ქურიელი“), ფიაფილი (Pijapili), დადილი (Dadili), დადილუ (Dadilu) და სხვ. ყურადღებას იქცევს ქასქური ტოპონიმები და პირთა საკუთარი სახელები უვა, -ვა დაბოლოებებით.

ქასქური ლექსიკიდან მომდინარეობს ცალკეული სიტყვები: ფიგაფილუ (Piggapilu), ფიქურიალი (Pikurijalli), ფიფალალა (pappalala), ფითაურია (Pittaurija) და სხვა.

ზემოაღნიშნული იმსახურებს ყურადღებას ბგერითი შედგენილობით. ჩამოთვლილ სახელწოდებებში ბევრია ზანური (დასავლურ-ქართველური) სტრუქტურის ტოპონიმები და საკუთარი სახელები. მთელი მასალა მიუთითებს უფრო მეტად ქასქების (resp. ქასქური ენის) კოლხურ წარმოშობაზე, ვიდრე მათ აფხაზურ-ადიღურ წარმომავლობაზე.

გ. გიორგაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები