ქორწინების საიდუმლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქორწინების საიდუმლო - ქრისტიანულ რელიგიაში შვიდი საეკლესიო საიდუმლოთაგან ერთ-ერთი.

იმისთვის, რომ მამაკაცისა და ქალის სიყვარული ისეთივე სრულყოფილი იყოს, როგორც ის ღმერთმა შექმნა, იგი უნდა იყოს ერთადერთი, და ურღვეველი, მარადიული და ღვთაებრივი. უფალმა არა მარტო მოგვმადლა ქორწინება, არამედ გვაძლევს ძალას, განვახორციელოთ იგი ეკლესიაში ქრისტიანული ქორწინების საიდუმლოს მეშვეობით. მასში მამაკაცსა და ქალს ეძლევათ საშუალება, გახდნენ „ერთსულ“ და „ერთხორც“, რისი მიღწევაც შეუძლებელია მხოლოდ ადამიანური სიყვარულით. სულიწმინდის ძალით მიწაზე აღსრულებული ქრისტიანული ქორწინება არ წყდება სიკვდილის შედეგად, არამედ სრულყოფილად გრძელდება ღვთის სასუფეველში.

დიდი ხნის განმავლობაში ეკლესიაში არ იყო განცალკევებული საქორწინო რიტუალი. ეკლესია, უბრალოდ, სცნობდა მეუღლეთა წყვილის ერთობას და დაქორწინებულთა მიერ წმინდა ზიარების მიღებით ქორწინება ხდებოდა ქრისტიანული, ესე იგი – ღვთაებრივი სიყვარულის ქმნილი ხატება, ერთადერთი და მარადიული.

როცა ეკლესიაში შემუშავდა ქორწინების საიდუმლოს განსაკუთრებული მსახურება, მის პირველ სახედ გამოყენებული იქნა ნათლობა. დასაქორწინებლებს მიმართავდნენ ისე, როგორც მოსანათლებს. ისინი აღიარებენ ღმერთისადმი თავიანთ რწმენასა და სიყვარულს. ისინი ტაძარში შეჰყავთ საზეიმო პროცესიით. მათთვის ლოცულობენ და მათ აკურთხებენ. ისინი ისმენენ ღვთის სიტყვას. მათ, როგორც ღვთის სასუფევლის მარადიული ცხოვრების მემკვიდრეებს, თავზე ადგამენ ღვთის დიდების გვირგვინებს. ჯვრისწერა მთავრდება ისე, როგორც ყველა საიდუმლო: დაქორწინებულები ერთად იღებენ წმინდა ზიარებას.

ქორწინების საიდუმლო არ შეიცავს იურიდიულ კონტრაქტს, მასში არაა რამე სახის ფიცი, არსებითად, ესაა კაცობრივი სიყვარულის „ნათლობა და მირონცხება“ ქრისტეთი სულიწმინდაში. ბუნებრივია, რომ მართლმადიდებლური ჯვრისწერა შესაძლებელია მხოლოდ მათთვის, რომლებიც უკვე არიან ეკლესიის წევრები, ე. ი. მონათლული და მაზიარებელი ადამიანებისათვის. მაგრამ ქრისტიანული განყოფის ტრაგედიის გათვალისწინებით თანამედროვე მსოფლიოში დაშვებულია მართლმადიდებლის ჯვრისწერა არამართლმადიდებელ ქრისტიანზე, იმის იმედით, რომ ისინი შეძლებენ ქრისტეში სრულ ერთობამდე მისვლას.


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები