შეგრენი ანდრიას იოჰან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდრიას იოჰან შეგრენი – (26 აპრილი 1793.ნიულანდის გუბ., ფინეთი, – 6 იანვარი 1855, პეტერბურგი). ფილოლოგი და ეთნოგრაფი. წარმოშობით შვედი, 1844-იდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ფინური და კავკასიური ფილოლოგიისა და ეთნოგრაფიის დარგში.

დაამთავრა აბოს (ახლანდ. ტურკუს) უნივერსიტეტი. სადაც სწავლობდა ძვ. და ახ. კლასიკურ ენებს. რასმუს რასკის რჩევით მან ხელი მოჰკიდა ჩუდური (ფინური მოდგმის) ენების შესწავლას, 1818 წელს გადასახლდა პეტერბურგში. შეგრენმა 1835–38 კავკასიაში იმოგზაურა; ორჯერ იყო თბილისში.

ჩუდური ენების შესწავლამ მეცნიერი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ამ ენებს სიახლოვე აქვთ თურქული ჯგუფის ენებთან, რომლებთან შეხების სამხრეთ საზღვარი კავკასიაზე გადიოდა. ალბათ, ამან განაპირობა მეცნიერის დაინტერესება ქართულით. კერძოდ როდის დაიწყო მან ქართულის შესწავლა, უცნობია, მაგრამ პეტერბურგიდან კავკასიაში გამომგზავრების წინ ელემენტარულ კურსს დაუფლებული უნდა ყოფილიყო. მოგზაურობის დროინდელი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსაზღვრედ მცხოვრებ ჩრდილო ოსებს, რომლებიც მას მეგზურობდნენ და რომელთა ენაც იმ დროს ჯერ კიდევ არ იცოდა, შეგრენი ქართულად აგებინებდა.

შეგრენი თბილისში პირველად 1835-ის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო. აქ დიდხანს არ დარჩენილა, გიმნაზიის მასწავლებლის ზ. ყორღანოვის დახმარებით ქართულში მეცადინეობდა. მეორედ შეგრენმა ფეხით გადმოლახა მამისონის გადმოსასვლელი და რაჭის გზით ქუთაისს ჩავიდა, რათა გელათის ქართულ ხელნაწერებს გასცნობოდა. ქუთაისიდან გორზე გამოვლით (გზადაგზა კვლავ ქართულ ხელნაწერებს ეძიებდა) ისევ ჩამოვიდა თბილისში და ამჯერად მთელი თვე დაყო. სწორედ ამ დროს გაიცნო მან პ. იოსელიანი, რომელსაც ურჩია, დაეწყო საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკისა და სხვ. შესწავლა. შეგრენისა და პ. იოსელიანის ურთიერთობა და მიმოწერა შეგრენის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.

შეგრენმა მ. ბროსესგან დამოუკიდებლად დაადგინა, რომ ი. კლაპროთის ცნობები ქართული ენის შესახებ ნაკლებ სანდო იყო, ფრანგულ-ქართული და ქართულ-ფრანგული ლექსიკონები კი – შეცდომებით სავსე.

კავკასიიდან დაბრუნების შემდეგ, 1838 შეგრენი აქვეყნებს „ლიტერატურულ ცნობებს“ პეტერბურგის გერმანულენოვან გაზეთში (№97). წერილი ძირითადად მ. ბროსეს ქართულ გრამატიკებს ეხებოდა, მაგრამ შესავალ ნაწილში მოცემული იყო მთელი ქართული საგრამატიკო ლიტერატურის მიმოხილვა: ავტორი იცნობს ანტონის, დავით და იოანე ბაგრატიონების, გაიოზის, იოანე ქართველიშვილის (მასთან ეს გრამატიკა იესე ჩუბინაშვილს მიეწერება) და ს. დოდაშვილის გრამატიკებს, რომელთაც მოკლედ, მაგრამ საქმის ცოდნით აანალიზებს. ამდენად, შეგრენის ეს წერილი ქართული გრამატიკული აზრის შესწავლის ისტორიის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს.

ა. ფოცხიშვილი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები