ცეოლითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვულკანური ცეოლითი

ცეოლითი − (ბერძ. zeō ვდუღვარ და lithos ქვა) – მინასავით ან სადაფივით მბზინვარე მინერალი. ცეოლითის მინერალების პირველი ნიმუშები აღმოჩენილ იქნა ბაზალტის, ანდეზიტებისა და ვულკანური ქანების სიცარიელებსა და ბზარებში. შემდგომში ეს მინერალები ნაპოვნი იქნა დანალექ ქანებში, ვულკანური ფერფლის ცვლილების პროდუქტებსა და სხვა პიროკლასტიკურ ფორმაციებში. ცნობილია თავისი უნარით გასცეს და მერე ისევ მიიერთოს წყალი ტემპერატურისა და ტენიანობის მიხედვით. ქიმიური ფორმულა – Na2Al2Si3O10·2H2O.

ცეოლითი ბუნებაში წარმოიქმნება სხვადასხვანაირი გეო-ქიმიური პროცესების განვითარებისას, რომელიც ძირითადად ტემპერატურისა და წნევის დაბალი პარამეტრებით ხასიათდება. მათი წარმოშობა ხდება ზედაპირზე ან ზედაპირთან ახლოს ქანების წარმოშობის პირველ ეტაპზე ჰიდროთერმული ქმედების დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში. ცეოლითის უზარმაზარი მასებით მოფენილია ოკეანის ფსკერები. ცეოლითი ჩვეულებრივ გავრცელებულია ტუტემარილიანი ტბების ნალექებში, სადაც ისინი წარმოიშობიან ვულკანური ნატეხების (განსაკუთრებით არასტაბილური მინები) ცვლილების შედეგად. ცეოლითი ასევე გვხდება ტუტე ნიადაგებში მშრალი კლიმატის მხარეებში. ასეთი ტბებისა და ნიადაგებისათვის დამახასიათებელია Ph-ის მაღალი მნიშვნელობა და ძლიერი მარილიანობა, რომელიც უმეტესად გამოწვეულია ნატრიუმის კარბონატებისა და ბორატების მაღალი კონცენტრაციით.

საქართველოს ტერიტორიაზე ცეოლითური მინერალების არსებობა წინა საუკუნიდან იხსენიება. ამ მხრივ პირველი ცეოლითური მინერალი იყო ჰეილანდიტი, რომელიც ეიხვალდმა აღმოაჩინა 1844 წელს ახალციხის რაიონის ეოცენის ვულკანოგენ ქანებში. შემდგომ წლებში აღმოჩენილ იქნა: შაბაზიტი (1885), სტილბიტი (1887), ლომონტიტი (1898), ანალციმი (1900), ნატროლითი (1924), ტომსონიტი (1906), სკოლიციტი (1951), მორდენიტი (1948), ერიონიტი (1968), ჰარმოტომი (1976), ფერიერიტი (1985), ფილიფსიტი.

ცეოლითი თავისი უნიკალური თვისებების გამო ფართოდ გამოყენება მრეწველობის, მაღალი ტექნოლოგიების, მედიცინისა და სოფლის მეურნეობის მრავალ დარგში: მრეწველობაში – წყლის გასაწმენდად, ქსოვილების შესაღებად, გაზების გასაწმენდად და გასაშრობად; ნავთობის კრეკინგის, იზომერიზაციის, ჰიდროგენიზაციისა და დეჰიდროგენიზაციის, დაჟანგვისა და მრავალ სხვა რეაქციაში ადსორბენტებად და კატალიზატორებად; ჰაერის ჟანგბადით გასამდიდრებლად; ქაღალდის, პლასტმასის მრეწველობასა და საშენ მასალებში დანამატებად; რეზინის ვულკანიზაციაში; სარეცხ საშუალებებში ფოსფატების შემცვლელებად; აგრეთვე წყალბადის, ამიაკის, არომატული ნახშირწყლების მისაღებად, ფერად მეტალურგიასა და გოგირდმჟავას მრეწველობაში ნარჩენი გამოყოფილი გაზების გოგირდოვანი აირისაგან გასაწმენდად, რეზინის ტექნიკურ მრეწველობაში – რეზინული ნარევების ინგრედიენტად, ამასთან მას შეუძლია შეასრულოს რეზინის შემავსებლის როლი და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები