წყლის პიტნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყლის პიტნა, ტენცო - Mentha aquatica L.

Mentha aquatica L.წყლის პიტნა, ტენცო.

მეგრულად – ღეჯიში ყვალმითა.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა; ინვითარებს მიწისქვეშა და წყლის, აგრეთვე მიწის ზედა შეფოთლილ ყლორტებს, აქა-იქაა შებუსული რბილი, მარტივი ბეწვით ან თითქმის შიშველია, კაშკაშა ან მკრთალი ფერის, ხასიათდება ძლიერი არომატული სურნელით. ღერო მეტწილად წამოწეულია, ძირიდან სწორი, მარტივი, უფრო ხშირად დატოტვილი. ღეროსეული ფოთლები მოკლეყუნწიანია, კვერცხისებრიდან ელიფსურამდე ფორმის, მომრგვალო გულისებრი, ზოგჯერ სოლისებრი ძირით, ხშირად რამდენადმე უხეშია, ოდნავ პრიალა, რკალისებრ-ფრთისებრ დაძარღვული, კიდეებზე ბრტყელი, ხერხისებრი ან მრგვალკბილებიანი. ყვავილები შეკრებილია თითქმის სფერულ, თავაკისებრ ყვავილედებად, ქვედა მათგანი – ფოთლების იღლიებში ვითარდება, ზედა – შეკრებილია კენწრულ კვერცხისებრ ან სფერულ თავაკებად: გვირგვინი კაშკაშა იისფერია ან ლილისფერი, ხორცისებრ წითელი ან თეთრი, აღემატება ჯამს. ნაყოფი კვერცხისებრი, წვრილმეჭეჭიანი, ღია ყავისფერი კაკლუჭაა. ყვ. VI-X. ნაყ. VII-X.

იზრდება მდინარეების, წყალსატევებისა და არხების ნაპირებზე, ნარწყავ მდელოებზე, რუდერალურ ადგილებზე.

სანელებელ-არომატული მცენარეა, ბაღის პიტნის არომატისა და გემოვნების მსგავსი. სანელებელის სახით უმატებენ კერძებს, სალათებსა და გამაგრილებელ სასმელებს.

ბალახი შეიცავს ეთერზეთებს (ეთერები + მენთოლი), ძმრის, ლინოლენის, ლინოლის, პალმიტინის მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, A, B, C, PP, D ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს,ფოსფორს, ნატრიუმს, რკინას, თუთიას, ფიტოსტეროლებს, ბეტაინს.

ხასიათდება კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ქარმდენი, ტკივილგამაყუჩებელი და შარდმდნი მოქმედებით.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კუჭ-ნაწლავის აშლილობის, კუჭისა და ნაწლავების სპაზმისა და ტკივილების, მეტეორიზმის, გულის ფრიალის დროს, პირიდან ცუდი სუნის მოსაშორებლად.

გამოიყენება პარფიუმერიაში, საპნის წარმოებაში.

წყლის პიტნა გამოირჩევა სედატური ეფექტით და ამცირებს აღგზნებადობას. რის გამოც არ არის რეკომენდირებული მამაკაცებისათვის, რომლებსაც პრობლემები აქვთ პოტენციასთან, ასევე მისგან დამზადებულ ჩაის უნდა ერიდოს მძღოლები, ღამის ცვლაში მომუშავენი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები