გორგასალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორგასალისაქართველოს მეფე ვახტანგის ზედწოდება. ნიშნავს მგელ-ლომს, რომლებიც მის ფარზე თუ მუზარადზე იყო გამოსახული. გორგასალი რამდენიმე მითიური სიუჟეტის გმირია.

სარჩევი

თბილისის დაარსება

საქართველოს მეფე ვახტანგ გორგასალი რამდენიმე მითიური სიუჟეტის გმირია. ისევე, როგორც მისი წინაპარი მეფე ფარნავაზი. ნადირობის ტრფიალი იყო. მცხეთიდან სანადიროდ გასული მეფე ბევრჯერ მოხვედრილა იმ ადგილებში, სადაც ახლა საქართველოს დედაქალაქი თბილისია გაშენებული, მაგრამ ბედნიერი აღმოჩენა მხოლოდ ერთხელ ხდება. იმ ხანად ეს მიდამოები ხშირი ტყით იყო დაფარული, მის ხევ–ხუვებში და ღირდალებში ბევრი ნადირი და გარეული ფრინველი ბუდობდა. ამაზე უკეთესი სანადირო ადგილი მეფეს არც კი ეგულებოდა. მაგრამ რაც მეფემ იმ დღეს აღმოაჩინა, ყველა ნანადირევზე ძვირფასი შეიქნა. აფრინდა მის წინ ხოხობი და მეფემ თავისი გაწვრთნილი მიმინო მასზე მიუშვა. გაედევნა მიმინო ხოხობს და, ის იყო, უნდა დაწეოდა, რომ ორივენი ერთ დაბურულ ხევში გაუჩინარდნენ და მეფეც თავისი ამალითურთ მათ საძებრად ხევში ჩავიდა. ბევრი ეძება მეფემ მიმინო და ხოხობი. ბოლოს, წააწყდა წყაროს და ხედავს, წყალს ორთქლი ასდის, შიგ ხოხობი და მიმინო იფუფქებიან. ასე აღმოაჩინა მეფემ თბილისის განთქმული გოგირდის ცხელი წყლები, რომელთა მახლობლად მან ქალაქის აშენება ბრძანა, რათა თავის სატახტოდ გაეხადა. აშენდა ქალაქი. სახელიც შესაფერისი ეწოდა – ტფილისი (ანუ თბილი ქალაქი).

ვახტანგ გორგასალი ღვთის რჩელი

გორგასალი ღვთის რჩელია. ღმერთმა მას მოასმენინა ზარების რეკვა ციური ტაძრიდან, მოუხმო მაღალ მთაზე, რათა უწმიდური ძალებისგან გაეწმიდა იგი. ვის არ გაუგია ეს ლექსი ადრეული ბავშვობიდანვე:

„ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან ჩამოესმა რეკა,
იალბუზზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა,
იალბუზის ეშმაკები
ცხრა მთას იქით გადარეკა“.
გორგასალი ტყვეობიდან იხსნის მოტაცებულ დას

ათი წლის გორგასალი ტყვეობიდან იხსნის მოტაცებულ დას. ჯერ კიდევ, როცა გორგასალი დაბადებული არ ყოფილა, ბაყათარ ოსს მისი და მოუტაცნია. დედა დიდხანს არ უმხელდა ამ ამბავს. ერთხელ თანატოლებთან კინკლაობისას ვახტანგს ერთისთვის მუშტი დაუკრავს. გალახულმა მიაძახა: თუ ასეთი ყოჩაღი ხარ, მე კი ნუ მირტყამ მუშტებს, წადი და შენი და დაიხსენი, ბაყათარ ოსს რომ ჰყავს მოტაცებულიო. გორგასალი მყისვე დედასთან გაიქცა და სთხოვა, ძუძუ მომეცი, რომ უკანასკნელად მოვწოვო და ბავშვობას გამოვეთხოვოო. დედამაც მისცა ძუძუ. ვახტანგმა კბილი დააჭირა ძუძუს და ასე გამოტეხა დედა, ათქმევინა დის მოტაცების ამბავი. უთხრა: აქამდე გიმალავდი, რადგან ბავშვი იყავი, ახლა, გატყობ, დავაჟკაცებულხარ და, შენ იცი, როგორ უშველი შენს დასო. და გაემზადა გულმოცემული ვახტანგი, ჯარი შეყარა, დასაც საიდუმლოდ წერილი გაუგზავნა, შენს გასათავისუფლებლად მოვდივართ. დამ მოსწერა: ბაყათარის მომრევი არა ხარ. სჯობს, გადაიფიქრო ეგ განზრახვაო. თუ მაინც არ დაიშლი, იცოდე, ბაყათარს ვერ მოკლავ, თუ იღლიაში არ დასჭრიო. მაგრამ როგორ დაჭრი, თავიდან ფეხებამდე აბჯარში ზისო. ახლა ვახტანგმა თავად ბაყათარს გაუგზავნა კაცი, ან ჩემი და გაათავისუფლე, ან ორთაბრძოლაში გამომყევიო. ბაყათარმა ტყვე არ გაათავისუფ ლა, შეყარა ოსები და წამოვიდა ვახტანგზე, მიიღო გამოწვევა. და მოადგა ბაყათარი მტკვარს, იმ ადგილას, სადაც ახლა მეტეხის ტაძარია. უნდა გადალახოს მტკვარი, რომ მეორე ნაპირზე, სადაც ვახტანგი დგას, შეებან ერთმანეთს. ბაყათარმა ფიცით პირობა ჩამოართვა ვახტანგს, სანამ წყალში ვიქნები, მანამდე ისარი არ მესროლო, გამოვალ მდინარეს და მერე შევერკინოთ ერთმანეთსო. და შეაგდო ბაყათარმა ცხენი მტკვარში. მოაპობს ტალღებს გოლიათი, ვახტანგი კი თვალს აშორებს, აბა, იღლია როდის გამოუჩნდებაო. და, აჰა, ხედავს, ოდნავ აუქნია ხელი ბაყათარმა ცხენს და იღლიაც გამოუჩნდა აბჯარს შორის. იდროვა ვახტანგმა და ისე მარჯვედ სტყორცნა ისარი, რომ შიგ იღლიაში გაუტარა. სასიკვდილოდ დაჭრილი ბაყათარი ცხენიდან გადმოვარდა და ტალღებმა წაიღეს. შედრკა უმეთაუროდ დარჩენილი ოსის ლაშქარი და უკუიქცა. ვახტანგმა ოსეთამდე სდია, გზადაგზა მუსრს ავლებდა, შევიდა ოსეთში დაიპყრო იგი და თავისი უნახავი დაც გაათავისუფლა. მაგრამ ვახტანგს ხინჯად ჰქონდა, რომ ღალატით მოკლა მტერი და მოსანანიებლად ხუთი ტაძარი ააშენა: აღმოსავლეთით წილკნისა, სამხრეთით სიონისა, დასავლეთით ერთაწმიდისა, ჩრდილოეთით სამთავისისა და მათ შუაში ტაძარი, რომელსაც უწოდა მეტეხი ანუ „მე ვტეხე ფიციო“

ვახტანგ გორგასალის სიკვდილი

გორგასალი, როგორც მითოსურ პერსონაჟებს სჩვევიათ, ორთაბრძოლაში იწვევს ფიზიკური ძალით მასზე აღმატებულ ბუმბერაზებს და სძლევს მათ; მაგრამ ძლევს არა ძლიერებით, არამედ მოხერხებით, ქრისტეს ძალით და შეწევნით. მარცხდება კი ღალატით. ვახტანგს ვიგრის ტყავის ჯავშანი ჰქონდა, რომელსაც ვერც ისარი, ვერც ხმალი ვერ სჭრიდა. მაგრამ ყოველმხრივ უძლეველს ერთი სუსტი ადგილი ჰქონდა, იღლია, რომლის საიდუმლო მხოლოდ მისმა ცოლმა – დედოფალმა იცოდა. უჯარმის თავზე მეფეს მტერთაგან მიუვალი ციხე-დარბაზი ჰქონდა და აქედან განაგებდა ქვეყანას. მტერი დამარცხებულ-დამორჩილებული ჰყავდა მეფეს და მშვიდად და უზრუნველად ცხორობდა თავის ხალხითურთ. მაგრამ ერთი დაუძინებელი მტერი – ოსთა ბატონი ელოდებოდა მოხერხებულ შემთხვევას რომ სამაგიერო მიეზღო იმ მარცხისათვის, რაც მას გორგასალმა აწვნია. იდუმალი მიდიოდა ციხესთან, უთვალთვალებდა, რომ როგორმე დაემარტოხელებია და მოეკლა. ბევრჯერ დაუნახავს ჩასაფრებულს მეფე, როცა მას ცხენი ჩაყავდა მდინარეზე დასარწყულებლად, მაგრამ ვერაფერს გამხდარა: ამოიღებდა თუ არა მიზანში, მეფეს მის ცხენიანა საფარველი დაედებოდა და გაწბილებული მტერი უკან ბრუნდებოდა. ბოლოს, ასე გადაწყვიტა: შეკვროდა დედოფალს, რომელიც მისი ქვეყნიდან იყო და ოდესღაც ერთმანეთი უყვარდათ. დაწერა წერილი, სადაც ახსენებდა ძველ სიყვარულს, ახალს ეფიცებოდა; სწერდა, რომ სურდა მისი მოტაცება, მაგრამ ვერ მოეხერხებინა; სთხოვდა, ესწავლებინა რაიმე ხერხი, რომ როგორმე მოეკლა მეფე. შეაბა წერილი ისარს, სტყორცნა და ქალის სარკმელში შეაგდო. ქალმა ჯერ არ ინდომა ქმრის ღალატი, მაგრამ ბოლოს ძველმა სიყვარულმა სძლია და პასუხიც შეუთვალა: ამაღამ მეფის ცხენს ბევრ მარილს დავუდებ სალოკავად, რომ ძალიან მოსწყურდეს წყალი. დილით წყალზე რომ ჩაიყვანს მეფე ცხენს, სადმე ჩაუსაფრდი. როცა მეფე ხელს აუქნევს ცხენს, რომ ბევრი წყალი არ დალიოს, იღლია გამოუჩნდება და ისარი ჰკარიო. სხვაგან ვერც ისარი და ვერც სატევარი ვერ გასჭრისო. დედოფალმა იცოდა მეფის ხასიათი, რომ ცხენს სხვას არ ანდობდა, მხოლოდ თავად უნდა ჩაეყვანა მდინარეზე. აი, მივარდა მარილ-ნაჭამი ცხენი წყალს, დაეწაფა და წყლიდან პირის აღება აღარ უნდა. აუკრა ხელი ავშარას მეფემ, რომ მოაცილოს ცხენი წყალს, და გამოუჩნდა იღლია. ამ დროს გაიზუზუნა მოშხამულმა ისარმა და მარჯვენა იღლიიდან შიგ გულში გაუარა. და იქვე, მდინარის პირას, დაეცა გულგანგმირული მეფე. მიაღწია წადილს ოსთა ბატონმა: შურიც იძია და ქალიც მოიტაცა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები