პიტიახში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიტიახში - (ძვ. სპარს. ბიტახს, საშ. სპარ. patixšah სომხ. bdexš - მმართველი) უმაღლესი რანგის მოხელე ძველ ირანში, საიდანაც ეს სამოხელეო ტერმინი შესულა ძველ ქართლში და ასევე, სომხეთში. მისი ზუსტი ეტიმოლოგია დაუდგენელია. სასანური პერიოდის სამეფო სიებში იგი დამოწმებულია არაუადრეს III ს-ის მეორე ნახევრისა (შაბურ I-ის ტრილინგვა, 262 წ-ის ნარსეს პაიკულის წარწერა), სადაც პიტიახში იერარქიულად სამეფო გვარეულობის წევრების ჩამონათვალს მოსდევს და სახელმწიფოს უმაღლესი რანგის მოხელეს აღნიშნავს. უფრო გვიან პ-ის ინსტიტუტი დამოწმებულია V ს-ის სომეხ ისტორკოსებთან (აგათანგელოსი, ფავსტოს ბუზანდი), აგრეთვე „ქართლის ცხოვრებასა“ და ქართული აგიოგრაფიის უადრეს (V-VI სს.) ძეგლებში („შუშანიკის წამება“, ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“), რომლებშიც პიტიახში მსხვილ სამხარეო გამგებლებს ეწოდება. პიტიახშის მოხსენიების ყველაზე ადრინდელი დამოწმებები შემოინახა არმაზისხევის არქეოლოგიურმა მონაპოვარმა, რომელიც შეიცავს ქართლის ძველ პიტიახშთა რეზიდენციის კომლექსის ნაშთებს (სასახლე, აბანო, ნეკროპოლი). სამარხებში აღმოჩენილ არამეულ და არამეულ-ბერძნულ წარწერებიან სტელებზე, აგრეთვე სხვა სამარხეულ ინვენტარზე (საბეჭდავი, თასები ბერძნული წარწერებითურთ), რამდენიმე თაობის ქართლის პიტიახშთა სახელებია შემორჩენილი. მთლიანად კომპლექსი თარიღდება I-III სს-ით, ამათგან სტელების საკმაოდ ვრცელი ტექსტები (არამეული მონოლინგვა და არამეულ-ბერძნული ბილინგვა) I და II სს-ით (გ. წერეთელი). არმაზისხევში პიტიახშთა საგვარეულო ნეკროპოლის აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ეს ადგილი (ვახუშტის ნომენკლატურით ქართლისხევი) წარმოადგენდა ძველი ქართლის პიტიახშთა, სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფალთა, რეზიდენციას. არმაზისხევის მონაპოვარზე დაყრდნობით გამოითქვა მოსაზრება, რომ ძველი ქართლის სამეფოში მეფის შემდგომ მეორე პირი, მეფეთა საგვარეულოს წევრი, მსაჯული და მთავარსარდალი, რომელსაც სტრაბონი იბერიის აღწერაში მოიხსენიებს, უნდა ყოფილიყო პიტიახში, და არა ლეონტი მროველისეული სპასპეტი, რამდენადაც საშუალო სპარსული სპასპეტის გავრცელება საქართველოში IV ს-ზე უწინარეს არ ივარაუდება (თ. გამსახურდია).

გ. წერეთელის მოსაზრეებით, ანტიკურ ქართლში უნდა არსებულიყვნენ „დიდი“ და „მცირე“ პიტიახშები. ეს დასკვნა დაემყარა მის მიერ არმაზის ბილინგვის გაშიფრვისას ბერძნ. ტექსტის „ნეოტეროს“-ის (ახალი, ახალგაზრდა, მცირე) გააზრებას ტერმინ პიტიახშის განსაზღვრებად („მცირე პიტიახში“). სხვა წაკითხვებით (ს. ყაუხჩიშვილი, ა. შანიძე, კ. წერეთელი, გ. გიორგაძე) ნეოტეროს მიემართება ზევახს (ახალგაზრდა/ახლანდელი პიტიახში ზევახი) და არა პიტიახშის სტატუსს, რის საფუძველზე პიტიახშის ინსტიტუტის დიფერენცირება „დიდ“ და „მცირე“ პიტიახშებად არ იქნა გაზიარებული. მოგვიანებით კ. თუმანოვმა თავისი შეხედულება არმაზისხევის პიტიახშებისა და გოგარენეს პიტიახშების იგივეობის შესახებ „მცირე პიტიახშის“ გაგებაზე დააფუძნა, რამდენადაც ასე იწოდებოდნენ გოგარენეს პიტიახშები მისი სომხეთის შემადგენლობაში ყოფნის დროს (ძვ. წ. I ს.). მისი მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ქართლმა გოგარენე დაიბრუნა, მისი პიტიახშები (ბდეხშები) ქართლის მეფის მიმართ („მცირე“) ვასალობას აღიარებდნენ. ქართულ ისტორიოგრაფიაში გოგარენეს და არმაზისხევის პიტიახშთა იდენტურობა მთელი რიგი ისტორიულ-გეოგრაფიული, ისტორიულ-გენეალოგიური თუ სხვა არგუმენტების საფუძველზე გაზიარებული არ არის. მკვლევართა უმრავლესობა თანხმდება, რომ არმაზისხევის პიტიახშების სახით საქმე გვაქვს ქართლის მეფის ცენტრალური აპარატის მოხელეებთან და არა პროვინციის მმართველებთან. ამასთანავე, აღიარებულია, არმაზისხევის პიტიახშები ეკუთვნოდნენ ერთ სამხედრო-არისტოკრატიულ საგვარეულოს, რომლის არსებობა, არქეოლოგიური მასალის მიხედვით, IV ს-ის დაწყისში შეწყვეტილა (ნ. პაჭიკაშვილი).

რაც შეეხება პროვინციის გამგებელ პიტიახშებს, საქართველოში მათი არსებობა დასტურდება IV ს-ის 80-იანი წლებიდან, როცა რომსა და ირანს შორის გაყოფილი ქართლის სამეფო ირანის ჰეგემონობით გაერთიანდა. ამ დროს შეეხება „ქართლის ცხოვრების“ გადმოცემა, რომ მირიან მეფის მემკვიდრე ბაქარმა რანისა და ბარდავის ყოფილ ერისთავს (აქ: ირანის მოხელეს) და თავისი დის ქმარს, ფეროზს, მისცა სამშვილდის „ქვეყანა“ აბოცამდე (ლეონტი მროველი). ამავე პირს „მოქცევაი ქართლისაი“ პიტიახშს უწოდებს. ასევე მოიხსენიებს მას ჯუანშერი VIII ს-ის მოვლენათა გადმოცემისას. საეჭვოა, რომ „ფეროზიანთა“ დინასტიას ასე ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეენარჩუნებინა ქვემო ქართლის პიტიახშობა, რაზეც მიუთითებს მათ საგვარეულოში სახელ არშუშას სიხშირე. ქვემო ქართლის მმართველთა პიტიახშებად მოხსენიების ტრადიცია ცოცხალი იყო VIII ს-შიც. იგი ასახულია სამშვილდის სიონის სამშენებლო წარწერაშიც, სადაც აღნიშნულია, რომ ტაძარი აუშენებიათ „ნათესავით პიტიახშებს“ ბიზანტიის იმპერატორების კონსტანტინე V-ის (740-775) და ლეონის (775-780) ზეობის წლებში (ზ. ალექსიძე).

სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს IV-VII სს-ის პ-თა მოხელეობის საკითხიც. მკვლევართა ნაწილს პიტიახში ქართული ერისთავის შესატყვის ტერმინად მიაჩნია და მას მეფის მოხელე ერისთავთან აიგივებენ (გ. წერეთელი, ს. ჯანაშია). ზოგი პიტიახშს ერისთავზე აღმატებულად მიიჩნევს მისი მაღალი წარმომავლობის, სამეფო ოჯახისადმი კუთვნილბის გამო (პ. ინგოროყვა). IV-VI სს-ის პიტიახშები, გ. მელიქიშვილის მოსაზრებით, ქართლში სპარსეთის მეფისნაცვლები იყვნენ, რომლებიც პიტიახშის ტიტულს ძველი ტრადიციის ძალით ატარებდნენ (რადგან ამ ოლქის მმართველებს სომხეთის მფლობელობის დროინდელი სახელწოდება შერჩათ). სხვა თვალსაზრისით, ამ საუკუნეებში პიტიახშობა არ ნიშნავდა სპარსეთის მოხელეობას, პიტიახში იყო საპატიო ტიტული, რომელიც ტრადიციულად ეწოდებოდა ქვემო ქართლის გამგებელ მთავრებს (კ. გრიგოლია, ა. ბოგვერაძე). არსებობს კომპრომისული შეხედულებაც, რომ პიტიახშები, შესაძლებელია, იმავდროულად ყოფილიყვნენ ქართლის მეფის ხელდასხმული ერისთვებიც და ამ თანამდებობის ძალით ჰქონოდათ მეფისადმი მორჩილების ვალდეულება (მ. ლორთქიფანიძე, ა. ბოგვერაძე, მ. ბახტაძე).


არმაზისხევის პიტიახშების გენეალოგიური შტოს სქემა*
პიტიახში? ზევახ,ძევაქ
„უფალი“
I საუკუნე [მონოლინგვა]
პიტიახში შარაგას I საუკუნე [მონოლინგვა]
პიტიახში ზევახ,ძევაქ
„მცირე“
II ს. პირველი ნახევარი [ბილინგვა. საპიტიახშო ქამრის ბალთა წარწერით წარწერით
„კარპაკი, ძევაქ ჩემი სიცოცხლე“]
პიტიახში ასპარუკ II ს. შუა წლები,
მეორე ნახევარი
[ოქროსბეჭედი წარწერით
„ძევაქ“]
პიტიახში? ზევახ, ძევაქ II ს. მიწურული [ოქროსბეჭედი წარწერით
„ძევაქ“]
პიტიახში ბერსუმა III ს. პირველი ნახევარი [ვერცხლის ლანგარი წარწერით:
„მე ფლავიუსდადესმა მივუძღვენბერსუმა პიტიახშს“]
პიტიახში ზევახ, ძევაქ III ს. მეორე ნახევარი [ოქროსბეჭედი წარწერით:
„ძ. ვ. ქ“]


წყაროები და ლიტერატურა

  • წერეთელი 1942: 34-42;
  • Tumanoff1963: 183-184-440; 1948:
  • ჯანაშია 1949: 277;
  • ინგოროყვა: 1941: 295, 267, 299, 302;
  • გამსახურდია 1970: 72-74;
  • ლეონტი მროველი 1955: 130-131;
  • ჯუანშერი 1955: 137;
  • აბულაძე 1963: 92;
  • ვახუშტი 1973: 339;
  • ყაუხჩიშვილი 1941: 16;
  • შანიძე 1941: 185;
  • წერეთელი 1992: 48;
  • მელიქიშვილი, სინ 1970: 649;
  • გრიგოლია 1959167;
  • ბოგვერაძე 1963: 62, 65-66;
  • ლორთქიფანიძე 1978: 61;
  • ალექსიძე 1991: 230;
  • პაჭიკაშვილი 1989: 153;
  • ბახტაძე 2003: 53, 64-66.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები