გუდაყვის საეპისკოპოსო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:04, 7 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუდაყვის საეპისკოპოსოეპარქია შუა საუკუნეების დასავლეთ საქართველოში. ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული იყო აზრი, რომ გუდაყვა იგივე „ზიღანეოსია“ (ზიგანა) ან – „ზიღანევი“ (ზიგანევი). მდებარეობდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, აფსარონსა და ბიჭვინთას შორის. ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ გუდაყვა იგივე თანამედროვე გუდავაა. იგი საეპისკოპოსო ცენტრი იყო ლაზეთში, შედიოდა ფაზისის სამიტროპოლიტოში და ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს. დაახლ. IX ს-ის ბოლოს გამოვიდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან. საქართველოს მეფე ბაგრატ III-მ გუდაყვის კათედრა „მოცვალა“ და მის ნაცვლად დააარსა ბედიის საეპისკოპოსო.

გუდაყვის კათედრის მახლობლად საქართველოს მეფე ბაგრატ III-ის მიერ დიდებული ბედიის საყდრის აგების შემდეგ, გუდაყველი ეპისკოპოსის საკათედრო ტაძრად განისაზღვრა ბედია. ამის შემდეგ გუდაყვის ეკლესია სამრევლო ეკლესიის სტატუსით განაგრძობდა არსებობას მრავალი საუკუნის მანძილზე.

XX საუკუნეში არასწორად განისაზღვრა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპარქიათა ნუსხებში ლაზიკის სამიტროპოლიტოს კათედრათა ადგილმდებარეობა. მათ შორის არის ზიგანაც (ზიგანეოსიც). მაშინვე დამკვიდრდა აზრი, რომ ეს იყო გუდაყვის კათედრა, თუმცა ჯერ კიდევ XX ს-ის დასაწყისში ცნობილი მეცნიერი ნ. ადონცი მიუთითებდა, რომ შეუძლებელია არმენიის დუკას განსაგებელში შემავალი ზიგანას კათედრის ტრაპეზუნტიდან ასე დაშორებით – აფხაზეთში მდებარეობა.

ნ. ადონცი აღნიშნავდა – „არდასის ჩრდილოეთით მდებარეობს ზიგანა, იმავე სახელის ქედის ძირში, ტრაპეზუნტის მთავარ გზაზე. ზიგანა იყო ძველ დროს ძალზე მნიშვნელოვანი პუნქტი და იქ იყო რეზიდენცია იმ ხუთი ეპისკოპოსიდან ერთ-ერთისა ... საეკლესიო თვალსაზრისით ჭანიკა ლაზიკას მიეკუთვნებოდა“.

ნ. ადონცი აღნიშნავდა – „არდასის ჩრდილოეთით მდებარეობს ზიგანა, იმავე სახელის ქედის ძირში, ტრაპეზუნტის მთავარ გზაზე. ზიგანა იყო ძველ დროს ძალზე მნიშვნელოვანი პუნქტი და იქ იყო რეზიდენცია იმ ხუთი ეპისკოპოსიდან ერთ-ერთისა ... საეკლესიო თვალსაზრისით ჭანიკა ლაზიკას მიეკუთვნებოდა“.

არასწორ მოსაზრებას, თითქოსდა საქართველოს მეფე ბაგრატ III-მ (975-1014) ბერძნული საეპისკოპოსო კათედრა მოშალა გუდაყვაში და ის „მოანაცვლა“ ბედიაში, საფუძვლად უდევს „მატიანე ქართლისაში“ შემონახული ცნობის არასათანადო ინტერპრეტირება. იქ ნათქვამია – „ამანვე დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა, და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყვისა საეპისკოპოსო“, ეს იმას ნიშნავს, რომ ბედიის რეგიონში მანამდეც უკვე არსებობდა გუდაყვის ქართული საეპისკოპოსო და როდესაც მეფემ მის მახლობლად უკეთესი ბედიის საყდარი ააგო, გადაიყვანა გუდაყვის ეპისკოპოსი ერთი ტაძრიდან მეორეში. ამ წინადადებაში არ არის აღნიშნული, რომ გუდაყვის საეპისკოპოსო იქამდე იყო კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში შემავალი კათედრა და ის თითქოსდა გააუქმა საქართველოს მეფემ. საერთოდ ასეთი დიდმნიშვნელოვანი საკითხი – ერთი ეკლესიის შეჭრა მეორის იურისდიქციაში, დაგმობილია მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ. III მსოფლიო კრების (431) მე-8 კანონი მკაცრად კრძალავს ასეთ ქმედებას. საეკლესიო სამართლის თანახმად, თუ ასეთი რამ განხორციელდება, აუცილებლად უნდა აღდგეს ძველი მდგომარეობა, ანუ აღნიშნული კანონის ძალით ქართულ ეკლესიას რომ შეებღალა კონსტანტინოპოლის იურისდიქცია, ის მას უთუოდ აღიდგენდა რომელიმე შემდგომ საუკუნეში მაინც, მაგრამ კონსტანტინოპოლს არასდროს გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია საქართველოს ეკლესიის მიმართ ამასთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, სხვაა გუდაყვას ქართული საეპისკოპოსო და სხვაა ბიზანტიური ნოტიციებით ცნობილი ზიგანას ანუ ზიგანევის ბერძნული საეპისკოპოსო. ზიგანას კათედრა უნდა ლოკალიზდეს არა გუდავა-გუდაყვაში, არამედ ისტორიულ ლაზიკის სამხრეთ ნაწილში, ქ. გუმუშხანესთან და უარყოფილ უნდა იქნეს ის აზრი, რომ აფხაზეთში, კერძოდ, გალის მუნიციპალიტეტში დღეს არსებული გუდავა (გუდაყვა) და ზიგანა (ზიგანევი, ზიღანეოსი), ერთი და იგივე გეოგრაფიული პუნქტებია.

აღნიშნულს ადასტურებს გ. გრიგოლიას კვლევა, რომელიც არ ეთანხმება ს. ყაუხჩიშვილის ვარაუდს, რომ ზიგანა იყო – გუდაყვა, პითია ბიჭვინთა, სებასტოპოლისი და დიოსკურია – ცხუმი და ა.შ. და მხარს უჭერს ნ. ადონცის მოსაზრებას. გ. გრიგოლიას აზრით, ზიგანა ტრაპეზუნტიდან არდასაში მიმავალ გზაზეა, ზიგანას უღელტეხილის სამხრეთ ნაწილში.

გასაზიარებელია გ. გრიგოლიას დასკვნა, რომ „არმენიის სამთავარსარდლოში ნოტიციის მიხედვით დასახელებული 11 პუნქტიდან ხუთი – ზიგანა, ხაძანა, სილუანა, მოხორა და ავაძა – თავსდებიან ტრაპიზონის სამხრეთით, ტრაპიზონსა და სატალას შორის“.

ამრიგად, ბედიის ტაძრის აგებამდე გუდაყვაში (დღევანდელი გუდავა) არსებობდა ქართული საეპისკოპოსო კათედრა, ხოლო ზიგანას ბერძნული საეპისკოპოსო იყო ისტორიული ლაზიკის სამხრეთით მდებარე დღევანდელი ქ. გუმუშხანეში.

მიტროპ. ანანია (ჯაფარიძე)


წყაროები და ლიტერატურა

  • გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1961;
  • დიდი სჯულისკანონი, ე. გაბიძაშვილის, ე. გიუნაშვილის, მ. დოლაქიძის, გ. ნინუას გამოც., თბ., 1975;
  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
  • ახალაძე ლ., აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო, ლაპიდარული და ფრესკული წარწერები, ტ. 1, თბ., 2005;
  • გრიგოლია გ., ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები, თბ., 1994;
  • თარხნიშვილი მ., წერილები, თბ., 1994; ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
  • იოანე კათალიკოსის (დრასხანაკერტელის) მატიანე, ტფ., 1912;
  • მიმომხილველი, 1, 1926; ლორთქიფანიძე გ., ბიჭვინთის ნაქალაქარი, თბ., 1991;
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ქალდეა (საეპისკოპოსოები ლაზიკაში), თბ., 2013;
  • Адонц Н.Г., Армения в эпоху Юстиниана, Epeвaн,1971.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები