ბედიის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბედიის ეპარქია – ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო დასავლეთ საქართველოში. დაარსდა X საუკუნის მიწურულს. XI ს. ქართული საისტორიო თხზულების „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობათ, აფხაზთა მეფემ (შემდეგში – გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ III) „აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყვისა საეპისკოპოსო... აკურთხა და დასუა ეპისკოპოსი“. ბედიის ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდ. მოქვისწყალსა და მდ. დადისწყალს (ოქუმი) შორის. იმავე „მატიანე ქართლსაჲს“ ცნობით, ბაგრატ მეფემ „შესწირნა სოფელნი მრავალნი ყოველთა ჴევთა და ადგილთა“, მაგრამ ბედიის ეპარქიის საეკლესიო მიწისმფლობელობისა და სამამულო სისტემის შესახებ ცნობები არ გაგვაჩნია. ბედიის ეპარქიაში შედიოდა ეკლესიები: წარჩის „მაფაშ ოხვამე“, ფუწყურის სვიმეონ მიმრქმელის, ილორის წმ. გიორგის, ღალიძგის წმ. ნიკოლოზის, მერკულას ყოვლადწმინდა სამებისა და სხვ.

ბედიის ეპარქიის მღვდელმთავარი ცნობილია ბედიელის სახელით. ბედიელები მთავარეპისკოპოსის, ხოლო შემდეგ მიტროპოლიტის ხარისხს ატარებდნენ. ზოგიერთი ბედიელი მნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეებსაც ასრულებდა. პირველი ბედიელი, რომელიც წყაროებში იხსენიება, არის მთავარეპისკოპოსი სოფრონი (XI საუკუნის I მესამედი). იგი იხსენიება მისი ძმის, ასად სანივაჯის ძის მიერ აგებული კაბერის წმ. გიორგის ეკლესიის (XI საუკუნის პირველი მესამედი) საამშენებლო წარწერაში. შემდეგი ცნობილი ბედიელია მთავარეპისკოპოსი და სჳნგელოზი იოანე (XI საუკუნის 60-იანი წლები). იგი XI საუკუნის II ნახევარში ამბების თხრობისას იხსენიება გიორგი მცირის თხზულებაში „ცხოვრება გიორგი მთაწმიდელისა“. 1065 წელს, როდესაც ბაგრატ IV-ის ასული მართა, შემდგომში – დედოფალი მარიამი, გაგზავნეს კონსტანტინოპოლში, როგორც კონსტანტინე X დუკას ვაჟის, მიხეილის საცოლე, სხვებთან ერთად მას იოანე ბედიელიც ახლდა. XII საუკუნის პირველ მეოთხედში ბედიის კათედრაზე მოღვაწეობდა გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის დისწული სჳმეონ გულაბერისძე. იგი ბედიელ-ალავერდელისა და მწიგნობართუხუცესის ტიტულით იხსენიება დავით აღმაშენებლის 1123–1124 წწ. ანდერძში შიომღვიმისადმი, საიდანაც ჩანს, რომ მეფე მის მზრუნველობას ანდობს შიომღვიმის მონასტერს. 1124 წლის შემოდგომაზე, როდესაც მეფემ შირვანი აიღო, ამ მხარის საქმეთა გამგებლად სჳმეონ ბედიელ-ალავერდელი დატოვა. ბიძის გარდაცვალების შემდეგ, 1118 წელს, მწიგნობართუხუცესის სახელი მიიღო. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების (1125) შემდეგ, დემეტრე I-ის მეფობის დროს, ბედიელ-ალავერდელობა დატოვა და ჭყონდიდლად ეკურთხა. შემდგომში იგი ქართლის კათოლიკოსი გახდა. XIII საუკუნის II ნახევარში ბედიის კათედრაზე მოღვაწეობდა მიქაელ გონგლიბაისძე. იგი იხსენიება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში. შემდეგი ბედიელი მღვდელმთავარია ნიკოლოზ გონგლიბაისძე (XIII საუკუნის II ნახევარი). შემდეგში – აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) კათოლიკოსი. იგი იხსენიება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში, აგრეთვე პალესტინაში, შეჰანის უდაბნოში გადაწერილი ხელნაწერის მინაწერსა და ბედიის სამრეკლოს საამშენებლო წარწერაში. როგორც ფიქრობენ, სწორედ მისი კათოლიკოსობის დროს (XIII საუკუნის მიწურული – XIV საუკუნის დასაწყისი) ბედიელი სამეფო საფლავის მფარველად იქნა დადგენილი, რაც „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ აისახა. ბედიელის მოსაფლავედ დადგენა ნიშნავდა მეფის საფლავზე მწირველი ეპისკოპოსის დაყენებას, რაც მნიშვნელოვანი პატივი იყო. ნიკოლოზ ბედიელის აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) კათოლიკოსად კურთხევის შემდეგ ბედიელად სოფრონ გონგლიბაისძე აკურთხეს. მისი მოღვაწეობა ბედიის კათედრაზე XIII საუკუნის მიწურულითა და XIV საუკუნის დასაწყისით თარიღდება. კონსტანტინე დავით ნარინის ძის მეფობაში აფხაზეთის კათოლიკოსმა ნიკოლოზმა და სოფრონ ბედიელმა ააგეს ბედიის ტაძრის სამრეკლო, იმავდროულად, კაპიტალურად განაახლეს ტაძარი – მოაპირკეთეს და შეამკეს ფასადები, განაახლეს ტაძრის გუმბათი და დაზიანებული ფრესკული მხატვრობა. შემდეგი ბედიელი მთავარეპისკოპოსი ლაზარე (XIV საუკუნის II ნახევარი) იხსენიება სინის მთის სულთა მატიანეში.

XIV-XV საუკუნეების მიჯნის ბედიელია მარკოზი, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში იხსენიება. როგორც ჩანს, ბედიელები ზრუნვასა და ყურადღებას არ აკლებდნენ იერუსალიმისა და სინის მთის ქართულ სავანეებს, რის გამოც მათ მოსახსენებლები შეჰქონდათ ამ სავანეთა სულთა მატიანეებში. XV საუკუნეში ბედიის კათედრაზე მოღვაწეობდნენ: მელქისედეკი (XV საუკუნის I ნახევარი), რომელიც იხსენიება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სულთა მატიანეში; მთავარეპისკოპოსი იოვაკიმე ცაიშელ-ბედიელი (50-70-იანი წლები), რომელიც ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქმა, მიქაელმა აფხაზეთის კათოლიკოსად აკურთხა, ამასთან დაკავშირებით შედგა „კანონიკური“ ძეგლი „მცნებაჲ სასჯულოჲ“. კათოლიკოსად კურთხევის შემდეგაც მან შეინარჩუნა ცაიშელ-ბედიელობა. იგი იხსენიება ილორის დიდი ჯვრის წარწერასა და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში. შემდეგი მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (XV საუკუნის II ნახევარი) თოფურიძეთა სასისხლო სიგელში იხსენიება.

XVI საუკუნეში ბედიის კათედრაზე მოღვაწეობდნენ: მთავარეპისკოპოსი, შემდეგ მიტროპოლიტი ანტონ ჟვანიძე (XVI საუკუნის I ნახევარი). ესაა პირველი ბედიელი მღვდელმთავარი მიტროპოლიტის პატივში. იგი იხსენიება ვარძიის ოთხთავისა (XII-XIII სს.) და გელათის სახარების მინაწერებში, ილორის კარედი ხატის წარწერაში, მის მიერ აგებულ ბედიელ მღვდელმთავართა სასახლის საამშენებლო წარწერაში. როგორც ჩანს, იგი მონაწილეობდა დაახლოებით 1543-1549 წწ. შორის მოწვეულ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებაში, რომელმაც საეკლესიო და ზნეობრივი ნორმების დასაცავად შეიმუშავა „სამართალი კათალიკოზთა“. ამ კრებაში მონაწილე ბედიელის სახელი წყაროებს არ შემოუნახავს, თუმცა მიტროპოლიტ ანტონ ჟვანიძის მოღვაწეობა ბედიის კათედრაზე ქრონოლოგიურად ემთხვევა საეკლესიო კრების გამართვის დროს. ანტონის მოგვარე მიტროპოლიტი კირილე ბედიელი (XVI საუკუნის 70-80-იანი წლები) იყო ილორის წმ. გიორგის ხატის „მომგებელი“ (შემამკობელი). ერთხანს იყო ცაიშელ-ბედიელი, შემდეგ – ბედიელი მიტროპოლიტი.

XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ბედიის კათედრაზე მოღვაწეობს მიტროპოლიტი გერმანე ჩხეტიძე, რომელმაც ღრმა კვალი დააჩნია ბედიის ეპარქიას. მისი დაკვეთით მოიჭედა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი, განახლდა ბედიის ბარძიმის სადგარი, გადაიწერა ბედიის გულანი. XVII ს. ბედიელთაგან ცნობილია: მიტროპოლიტი ნიკოლოზ მხეიძე (XVII საუკუნის I ნახევარი). იგი იხსენიება ბედიის გულანის მინაწერში, საიდანაც ჩანს, რომ მან ვლაქერნის ღვთისმშობელს შესწირა სასულიერო წიგნები – ჟამნი, დავითნი, კონდაკი, მეტაფრასი, აგრეთვე, ყმები, სკა და სხვ. ევტიხი ბედიელს (XVII ს. 30-40-იანი წლები) იხსენიებენ რუსეთის მეფის ელჩები – დიაკონი ფ. ელჩინი და მღვდელი პ. ზახარიევი, რომლებიც 1640 წელს იყვნენ ბედიაში. XVII საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში ბედიის კათედრაზე მცირე ხანს მოღვაწეობდა საეკლესიო და პოლიტიკური პოღვაწე, დიპლომატი, მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე (ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი); ეპისკოპოს ანდრიას (XVII ს. 60-იანი წწ.) იხსენიებს ანტიოქიის პატრიარქი მაკარიოსი, რომელიც 1664-1665 წლებში იმყოფებოდა ოდიშის სამთავროში; XVII ს. 70-80-იან წლებში ბედიის კათედრაზე მოღვაწეობდა გაბრიელ ჩიქვანი (ჩიქოვანი), რომელიც იმავდროულად ჭყონდიდელ-ცაგერელიც იყო,

XVII ს. 60-იანი წლებიდან ეპარქიას მძიმე დრო დაუდგა. ამ დროიდან ოდიშზე იწყება აფხაზთა შემოტევის ახალი ტალღა. აფხაზები ძარცვავდნენ და აოხრებდნენ ეკლესიებსა და მონასტრებს. ამიტომ ამ მხარის ეკლესია-მონასტრებიდან ქვეყნის შიდა რაიონებში გადაჰქონდათ ქრისტიანული სიწმინდეები, საეკლესიო წიგნები, ხატები, ჯვრები და სხვა საეკლესიო ინვენტარი. მძიმე დრომ თავის დაღი დააჩნია ბედიის ეპარქიას, დაიწყო მისი დაკნინება.

XVII ს. 70-80-იანი წლებიდან XVIII ს. 50-იან წლებამდე ბედიელთა შესახებ წყაროებში არანაირი ცნობა არ ჩანს. უკანასკნელი ბედიელი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი მაქსიმე იაშვილი (XVIII ს. 50-60-იანი წწ.). იგი მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოს 1759 წ. და 1761 წ. საეკლესიო კრებებში. XVI ს. 60-იანი წლების მიწურულს, აფხაზთა ექსპანსიის გამო ბედიის კათედრა მოიშალა. 1770 წლის აპრილში სამწყსოთა ნუსხაში ბედია მოხსენიებულია, როგორც ყოფილი საეპისკოპოსო ცენტრი დასავლეთ საქართველოში. ასევე იხსენიებს მას გერმანელი მეცნიერი და მოგზაური ი. გიულდენშტედტი, რომელმაც 1771-1772 წლებში იმოგზაურა საქართველოში. ამ დროიდან ყოფილი ბედიის ეპარქია ცაიშელის სამწყსოში შედიოდა.

ბ. ხორავა

წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
  • აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) კათოლიკოსები და კათოლიკოს-პატრიარქები, თბ., 2003;
  • ახალაძე ლ., აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო, ლაპიდარული და ფრესკული წარწერები, ტ. 1, თბ., 2005;
  • კალანდია გ., ოდიშის საეპისკოპოსოები (ცაიში, ბედია, მოქვი, ხობი), თბ., 2004;
  • ხორავა ბ., ბედიის საეპისკოპოსო, „საისტორიო ძიებანი“, 2000, №3.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები