დამწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამწერლობა – მეტყველების ფიქსაცია გრაფიკულ ნიშანთა სისტემების საშუალებით სამეტყველო ინფორმაციის მანძილზე გადასაცემად ან დროთა განმავლობაში შესანახად, დამწერლობაში გრაფიკული ნიშნები წარმოადგენს მეტყველების ამა თუ იმ ელემენტის (მთელი გამონათქვამის, სიტყვის, მარცვლის, ბგერის) სიმბოლოებს. დამწერლობის ისტორიაში გამოყოფენ ხუთ ძირითად საფეხურს: 1. ხატოვანს ანუ პიქტოგრაფიულს; 2. იდეოგრაფიულს; 3. სიტყვიერ-მარცვლოვანს (ლოგოგრაფიულ-სილაბურს); 4. მარცელოვანს ანუ სილაბურს; 5. ანბანურს. ეს ტერმინები ყოველთვის ზუსტად ვერ ასახავენ ამა თუ იმ კონკრეტული დამწერლობის ბუნებას, რადგან ზოგი მათგანი ნარევია.

დამწერლობის გრაფიკული სისტემებს წინ უსწრებდა სხვადასხვა სახის პრიმიტიული სისტემები. მაგ., საყოველთაოდ იყო გავრცელებული კლდეებზე. გამოქვაბულის კედლებზე და ა. შ. შესრულებული მხატვრობა (გეომეტრიული ფიგურები, საგანთა, ადამიანთა ან ცხოველთა გამოსახულებები და სხვ.), რომელიც ემსახურებოდა როგორც მაგიური ან რიტუალური ქმედებები ასახვას, ისე, საფიქრებელია, რაიმე სახის ინფორმაციის გადაცემასაც. კომუნიკაციური და მნემონიკური ფუნქციებით ფართოდაა გამოყენებული არაგრაფიკული საშუალებები, რომელთაგან განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ე. წ ვამპუმებმა (სხვადასხეა ფერისა და ფორმის ნიჟარების კომბინაციები) და კიპუმ (განასკვული ზონრების კომბინაციები). აღრიცხვისა და ანგარიშსწორებისათვის მთელ რიგ ხალხებში (ცენტრ. აფრიკა, აზია, ავსტრალია…) გავრცელებულია ნაჭდევებიანი ხის თხელი ფირფიტები ან ჯოხები და ა. შ.

პიქტოგრაფიული დამწერლობა

პიქტოგრაფიული, ხატოვანი დამწერლობა აზრის ფიქსაციის უძველესი საშუალებაა. იგი წარმოშობით უკავშირდება პირველყოფილ სახვით ხელოვნებას, მაგრამ ჩვეულებრივი ნახატისაგან განსხვავდება გამოყენებითი ხასიათით. პიქტოგრამა აღნიშნავს კონკრეტულ საგანს, ხოლო მათი ჯგუფი – გამონათქვამის ზოგად აზრს. ამ სისტემაში არ აისახება ენის ბგერითი მხარე, ენის დანაწევრება სიტყვებად, ამდენად მისი წაკითხვა შეუძლია ნებისმიერი ენის წარმომადგენელს. თუმცა პიქტოგრაფია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო დამწერლობის განვითარების თვალსაზრისით, მას მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს დამწერლობა, (არსებობს აზრი, რომ პიქტოგრაფია საერთოდ არ შეიძლება ჩაითვალოს დამწერლობად, ფ. დე სოსიური და სხვ.) პიქტოგრაფიული ნიმუშები ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში: მესოპოტამიაში, სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ამერიკაში, ციმბირის მკვიდრ მოსახლეობაში. მას იყეჩებენ ცენტრ. აფრიკისა და ავსტრალიის ტომებიც.

იდეოგრაფიული დამწერლობა

პიქტოგრაფიის შემდეგი საფეხური წარმოდგენილია იდეოგრაფიული დამწერლობით. მასში იდეოგრამა (სახვითი ელემენტი) გამოხატავს არა იმდენად საგანს, რამდენადაც უფრო ამ ნიშანთან დაკავშირებულ იდეებს – მთლიან სიტყვას გრამატიკულ ფორმაში. მაგ., წრე გამოხატავს არა მარტო მზეს, არამედ სიცხეს, სინათლეს, სიტყვას „დღე“. იდეოგრაფიულ დამწერლობაში შესაძლებელია გრაფიკული სიმბოლოების გამოყენებაც. წმინდა იდეოგრაფიული დამწერლობა ფართოდ ვერ გავრცელდა. იგი ფაქტობრივად არსებობდა როგორც გარდამავალი საფეხური პიქტოგრაფიულ და ლოგოგრაფიულ დამწერლობათა შორის. იდეოგრაფიული დამწერლობის ნიმუშები დადასტურებულია ძვ. შუმერში (ძვ. წ. III ათასწლ.) ამერიკისა და აფრიკის ზოგ ტომებთან, პოლინეზიასა და ავსტრალიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში და სხვ. ვარაუდობენ აგრეთვე, რომ იდეოგრაფიულია აღდგომის კუნძულისა და XX ს-ში შექმნილი ჩუკოტკის დამწერლობები.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები