გრენობლის ზამთრის X ოლიმპიური თამაშები (1968)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამთრის X ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია

გრენობლის ზამთრის X ოლიმპიური თამაშები − ზამთრის X ოლიმპიური თამაშები ჩატარდა საფრანგეთში, გრენობლში 1968 წლის 6-18 თებერვალს.

ზამთრის X ოლიმპიური თამაშების მასპინძლის ვინაობის გამოსავლენად 3 ტური გახდა საჭირო. ფინალში გრენობლმა უშუალო მეტოქეს – კალგარის 3 ხმის უპირატესობით აჯობა.

წარწერის ტექსტი

ფრანგები ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებაში ხედავდნენ საშუალებას, უკეთ წარმოეჩინათ გრენობლი, როგორც თანამედროვე საფრანგეთის სიმბოლო. არადა, გრენობლის ინფრასტრუქტურა ძირითადად, კვლავაც მეორე მსოფლიო ომამდელ მდგომარეობაში იყო. მასპინძლები არც მალავდნენ, რომ ოლიმპიადის გამოყენებით სახსრების მოზიდვა, ინფრასტრუქტურის და ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სურდათ. ფრანგებმა საოლიმპიადო სამზადისში ყველა სფეროს და სამსახურის წარმომადგენელი ჩართეს და მიზანსაც მიაღწიეს.

ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამერიკელი პეგი ფლემინგი

ეს საიუბილეო ზამთრის თამაშები პირველი იყო, სადაც სპორტსმენებს დოპინგ-კონტროლისა და გენდერული ტესტის გავლა მოუწიათ. ასევე, პირველად ისტორიაში, პრიზიორებისთვის გადასაცემი მედლების ავერსზე იმ სახეობის პიქტოგრამა იყო დატანილი, რომელსაც მედალოსანი წარმოადგენდა. გრენობლში პირველად გამოჩნდა ოლიმპიური თილისმაც – სტილიზებული მოთხილამურე, სახელად მუსი, თუმცა, მას ოფიციალური სტატუსი არ ჰქონია.

ზამთრის ოლიმპიადებზე დებიუტი ჰქონდა მაროკოს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებელ გუნდებად გამოსვლის უფლება მისცა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას.

თამაშების გმირი გახდა ფრანგი სამთო მოთხილამურე ჟან-კლოდ კილი. მასპინძლებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ კილი სამივე ოქროს მედლის მოგებით ავსტრიელი ტონი ზაილერის 1956 წლის ოლიმპიადის შედეგს გაიმეორებდა. კოლმა იმედები მართლაც გაამართლა, მაგრამ სლალომში მის წარმატებას ხმაურიც ახლდა. საქმე ის იყო, რომ ავსტრიელმა კარლ შრანცმა და ნორვეგიელმა ჰაკონ მიოენმა საუკეთესო შედეგები დააფიქსირეს, მაგრამ კარის გამოტოვების გამო დისკვალიფიკაცია მიესაჯათ. ნორვეგიელისგან განსხვავებით, შრანცმა მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა. მისი განცხადებით, მეორე დაშვებისას ტრასაზე უცხო პირი გამოჩნდა და ხელი შეეშალა. ავსტრიელს ხელმეორედ დაშვების შესაძლებლობა მისცეს, სადაც კილის შედეგი გააუმჯობესა და ჩემპიონიც გახდა, თუმცა დროებით. შრანცის ასპარეზობის ჩანაწერს გადახედეს და გაირკვა, რომ უცხო პირის გამოჩენამდე ორი კარი ჰქონდა გამოტოვებული. შედეგად ჩემპიონად ჟან-კლოდ კილი გამოცხადდა, რომელმაც მანამდე გიგანტურ სლალომსა და სწრაფდაშვებაშიც იზეიმა ჩემპიონობა. აღსანიშნავია, რომ კილის შემდეგ ვაჟებში ერთ ოლიმპიადაზე 3 სამთო სათხილამურო ოქროს მედალი დღემდე არავის მოუპოვებია (2018 წლის ჩათვლით).

წარწერის ტექსტი

უდისკვალიფიკაციოდ არ ჩაუვლია ქალ მოციგავეთა ასპარეზობებს. აქ კვარცხლბეკის სამივე საფეხური გდრ-ის ნაკრების წარმომადგენლებმა დაიკავეს, მაგრამ მოგვიანებით მსაჯებმა მათ წარმატებაში ეჭვი შეიტანეს და აღმოაჩინიეს, რომ გერმანელები სტარტის წინ ციგის პირებს ათბობდნენ, რაც დაუშვებელი იყო. შედეგად, გერმანელები დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ბარის თხილამურობაში თავი გამოიჩინა შვედმა ტოინი გუსტაფსონმა. მან ორივე ინდივიდუალური რბოლა (5 და 10 კმ) მოიგო, 3X5 კილომეტრზე კი ვერცხლის მედალოსანი გახდა. გუსტაფსონმა ამ ტრიუმფიდან სულ მალე ინსბრუკის თამაშების ოქროსა და ვერცხლის მედალოსან თანაგუნდელზე, ასარ რიუნლუნდზე იქორწინა, რომელმაც გრენობლში საკუთარ მონაგარს 1 ვერცხლის მედალიც შემატა.

გრენობლის თამაშების ვარსკვლავი იყო ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ამერიკელი პეგი ფლემინგიც, რომელმაც მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა. ამასთან, ეს იყო ამერიკელთა პირველი ოქრო 1961 წლის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც პრაღის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმავალი აშშ-ის მოციგურავეთა ნაკრების მთლიანი შემადგენლობა ავიაკატასტროფისას დაიღუპა. X თამაშების ყველაზე ასაკოვან გამარჯვებულად მოგვევლინა წინა ოლიმპიადის გმირი, 40 წლის იტალიელი ბობსლეისტი ეუჯენიო მონტი. იგი იმ ორ და ოთხკაციანი ეკიპაჟების წევრი იყო, რომლებმაც ჩემპიონობა იზეიმეს.



წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები