სამთო თხილამურობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი სამთომოთხილამურე ჟან-კლოდ კილი. გრენობლი, 1968 წელი

სამთო თხილამურობა − ზამთრის სპორტის პოპულარული სახეობა, მთიდან თხილამურებით დაშვება სპეციალურ, კარებმონიშნულ ტრასაზე. მოიცავს 5 დისციპლინას: სლალომს, გიგანტურ სლალომს, სუპერგიგანტურ სლალომს, სწრაფდაშვებას და კომბინაციას.

სარჩევი

ისტორია

სამთო თხილამურობა, როგორც სპორტის სახეობა, ნორვეგიაში აღმოცენდა. ნორვეგიული წარმოშობისაა სიტყვა „სლალომიც“ („ჩამომავალი კვალი“, „კვალი ფერდობზე“). ნორვეგიელები ძველთაგანვე სლალომის ოსტატებად ითვლებოდნენ. ისინი თხილამურებით ეშვებოდნენ ჰოლმენკოლენის მთის კალთებიდან, ამასთან, ფერდობზე მოხვევისა და დამუხრუჭებისას მარჯვედ იყენებდნენ ცალ ჯოხს. XIX საუკუნის დამლევს ნორვეგიაში მოეწყო პირველი შეჯიბრება ქრისტიანიას (ახლანდელი ოსლოს) და ტელემარკის სამთომოთხილამურეთა შორის. როგორც მაშინდელი პრესა იუწყებოდა, ტელემარკელები ეშვებოდნენ წელში გამართულნი, ჯოხის ნაცვლად ხელში ეჭირათ ნაძვის ტოტი, მთის ძირში ეფექტურად მოუხვევდნენ და ჩერდებოდნენ. მოგვიანებით, XX საუკუნის პირველ მეოთხედში, შემოვიდა მოხვევის უფრო სრულყოფილი ტექნიკა პარალელური თხილამურებით.

სამთო მოთხილამურეთა პირველი საერთაშორისო შეჯიბრება გაიმართა 1911 წელს მონტანაში (შვეიცარია). 1922 წელს შემუშავდა სლალომისა და სწრაფდაშვების პირველი ოფიციალური წესები, 1931 წელს თხილამურობის საერთაშორისო ფედერაციაში შეიქმნა სამთო თხილამურობის ტექნიკური კომიტეტი და იმავე წელს მიურენში (შვეიცარია) პირველი მსოფლიოს ჩემპიონატიც გაიმართა. პროგრამაში შეიტანეს სლალომი და სწრაფდაშვება (კაცები, ქალები). ზამთრის სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, სამთო თხილამურობაში კაცთა და ქალთა დისციპლინები ყოველთვის იდენტური იყო და თანაბრად ვითარდებოდა. ეს პროცესი საგრძნობლად დააჩქარა ტექნიკურმა პროგრესმა, საბაგირო გზების ინტენსიურმა მშენებლობამ და სამთო-სათხილამურო ცენტრების შექმნამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, შვეიცარიაში, სკანდინავიის ქვეყნებში, საფრანგეთში, იტალიაში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვაგან.

1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებად იქცა მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მთელი სეზონის განმავლობაში (დეკემბერი-მარტი) გრძელდება. სპეციალიზაციის მიხედვით, სამთო მოთხილამურეები სამ ძირითად ჯგუფად იყოფიან: სლალომისტებად, ჩქაროსნებად და უნივერსალებად.

სამთომოთხილამურეები ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოჩნდნენ 1936 წელს გარმიშ პარტენკირხენში (ალპური ორჭიდი).

6 ოლიმპიური მედლის მფლობელი ხორვატი სამთომოთხილამურე

კაცებში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა გერმანელმა ფრანც პფნიურმა, ქალებში – მისმა თანამემამულემ, კრისტლ კრანცმა. მომდევნო თამაშებში (1948, სენტ მორიცი) მედლების 6 კომპლექტი განაწილდა. ყველაზე უკეთ იასპარეზეს შვეიცარიელებმა (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო). 1952, 56, 60 და 64 წლების თამაშებში ლიდერობდნენ ავსტრიელები, რომელთა შორის გამოირჩეოდა ტონი ზაილერი. მან კორტინა დ’ამპეცოში (1956) სამივე დისციპლინა მოიგო და პირველი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 1968 წელს გრენობლში ზაილერის მიღწევა გაიმეორა ფრანგმა ჟან-კლოდ კილიმ.

სამთო თხილამურობა საქართველოში

საქართველოში სამთო თხილამურობა განვითარდა 1930-იანი წლებიდან, როცა ჩამოყალიბდა პირველი სათხილამურო სექცია და კავკასიონზე მოეწყო სამთო-სათხილამურო ლაშქრობა (1931). ამ საქმეს სათავეში ედგნენ გიტო გიორგაძე, ალექსანდრე გვალია, გიორგი ბაქრაძე და ვიქტორ მალოვიჩკო.

სოკ]]-ის პრეზიდენტი თომას ბახი და ქართველი სამთომოთხილამურეები: ოთხგზის ოლიმპიელი იასონ აბრამიშვილი და სამგზის ოლიმპიელი ნინო წიკლაური. პიონგჩანგი, 2018 წელი

მთიდან დაშვებაში პირველი შეჯიბრება გაიმართა ბაკურიანში 1934 წელს. გაიმარჯვა თბილისელმა გაიოზ კანდელაკმა. მომდევნო წელს ჩატარებულ საქართველოს პირველ ჩემპიონატში სამთო სახეობები მოიგო ალექსანდრე გვალიამ. პირველი სპორტის ოსტატი გახდა ბაკურიანული ლევან (ლალა) ფანჯიკიძე (1940). საკავშირო შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდნენ მიხეილ გავა, ნიკოლოზ მიქაბერიძე, იბრაჰიმ ჯანგობეკოვი, ლიანა გოგოლაძე, ნათელა ფალიანი, ბორის კახიანი და სხვები. ქართველ სამთომოთხილამურეთა ოლიმპიური დებიუტი შედგა ლილეჰამერის 1994 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. სოფიკო ახმეტელი კი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ქართველი ქალი, ვინც ზამთრის ოლიმპიადაზე გამოვიდა (1998). 1994-2018 წლებში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა საქართველოს 8 სამთო მოთხილამურე – ზურაბ ჯიჯიშვილი, ლევან აბრამიშვილი, სოფიკო ახმეტელი, რობერტ მახარაშვილი, იასონ აბრამაშვილი, ნინო წიკლაური, ჯაბა გელაშვილი და ალექსი ბენიანიძე. მათგან საუკეთესო იყო ჯიჯიშვილი, რომელმაც 1998 წელს ნაგანოს თამაშებზე სამთო კომბინაციაში XIV ადგილი დაიკავა. ყველაზე მეტ – ოთხ ოლიმპიადაში მონაწილეობდა იასონ აბრამაშვილი, სამში – ნინო წიკლაური.

წესები

სამთო თხილამურობა შეიცავს რამდენიმე დისციპლინას: სწრაფდაშვებას, სლალომს, გიგანტურ სლალომს და სუპერგიგანტურ სლალომს. ასპარეზობა იმართება აგრეთვე სამთო კომბინაციაში, რომელიც შედგება სწრაფდაშვებისა და სლალომისაგან. 2018 წლიდან ოლიმპიურ პროგრამას დაემატა შერეული გუნდური (2 კაცი, 2 ქალი) ასპარეზობა.

ჩეტილ ანდრე ომოდტი (ნორვეგია)

სწრაფდაშვების ტრასა მოწყობილია დამრეც ფერდობზე, რომელზეც არ არის შესამჩნევი უსწორმასწორო ადგილები. ტრასის სიგრძეა 3-6 კმ, სიმაღლეთა სხვაობა: კაცებისთვის 800-1000 მ, ქალებისთვის – 500-700 მ, სიგანე – სულ მცირე 30 მ. ტრასის მოსახვევებში დგას საკონტროლო კარები, რომელთა შორის მანძილი 8 მ მაინც უნდა იყოს. სწრაფდაშვების თხილამურის სიგრძეა 208-215 სმ. მოთხილამურეს უკეთია სათვალე, მუზარადი, წვივსაფრები, აცვია საგანგებო სამთო-სათხილამურო ფეხსაცმელი. შეჯიბრების მონაწილენი ტრასაზე დაახლოებით 120 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებენ. იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე სწრაფად გაივლის დისტანციას.

სლალომის ტრასას აწყობენ თოვლიან ფერდობზე, რომლის დახრილობა 20-27 გრადუსს შეადგენს. სიმაღლეთა სხვაობაა: კაცებისთვის – 180-220 მ, ქალებისთვის – 130-180 მ. ტრასის მინიმალური სიგანეა 40 მ. ტრასა ისეა მოწყობილი, რომ მოთხილამურეებს მოძრაობის მიმართულების მკვეთრი ცვლა და ზიგზაგით დაშვება უხდებათ.

სლალომის ტრასაზე კარების მიმდევრობა, ანუ კომბინაცია სხვადასხვაგვარია. კაცთა შეჯიბრების ტრასაზე უნდა იდგეს 55-75 კარი, ქალების ტრასაზე – 45-65. სამთო თხილამურებში სლალომის თხილამური ყველაზე მოკლეა – 180-195 სმ. სლალომში შეჯიბრება შედგება ორი დაშვებისაგან ორ სხვადასხვა ტრასაზე. სპორტსმენმა ტრასის ყველა კარში უნდა გაიაროს. გამარჯვებულად ცხადდება ის, ვინც საერთო ჯამში ორივე ტრასას სხვებზე სწრაფად გაივლის. გიგანტური და სუპერგიგანტური სლალომის ტრასები ჩვეულებრივი სლალომის ტრასებზე გრძელია და კარებიც გაცილებით შორიშორსაა განლაგებული. გიგანტურ სლალომში ტრასის სიმაღლეთა სხვაობას შეადგენს 250-400 მ (კაცები) და 250-300 მ (ქალები); სუპერგიგანტურ სლალომში – 500-600 მ (კაცები) და 350-500 მ (ქალები). მინიმალური სიგანე – 30 მ. კარების მინიმალური რაოდენობაა კაცებისთვის – 35, ქალებისთვის – 30. გიგანტური სლალომის ტრასა უნდა შეიცავდეს დიდ, საშუალო და მცირე ზომის მოსახვევებს, სუპერგიგანტური სლალომისა კი – დიდსა და საშუალო ზომისას.

გიგანტურ სლალომში შეჯიბრება ორი დაშვებისაგან შედგება, ხოლო სუპერგიგანტურში – ერთისგან.

სამთო-სათხილამურო ორჭიდში შეჯიბრება ორ დღეს გრძელდება. პირველ დღეს ასპარეზობენ სლალომში, მეორე დღეს – სწრაფდაშვებაში. იმარჯვებს სპორტსმენი, რომელიც საერთო ჯამში უკეთეს შედეგს მოიპოვებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები