მაშნაარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:20, 5 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაშნაარი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქიზიყში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში (საქობოს თემი). გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ალაზნის არხის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 420 მეტრი. სიღნაღიდან 6 კილომეტრი.

ხალხში გავრცელებული თქმულების მიხედვით მაშნაარი კითხვით-მიგებითი წინადადებისაგან წარმოდგარა: „რავი, ომი იყო, ლხინი იყო, არ ვიცი, ხალხის კრებულობა რამ ყოფილა ძალიან დიდი და ვიღაცას ეკითხა, უცხო გამლელი თუ ვინმე იყო, რომაო ესაო სოფელიაო? იქიდან დაუძახნიათ, რო სოფელია, მაშ რა არიო! მაშ რა არი, მაშ რა არიო და დაურქმევნიათ სოფლისათვი მაშნაარი!“ (სიმონ მიხეილის ძე კევლიშვილი, სოფ. საქობო). სინამდვილეში სოფლის სახელწოდება მაშნარი||მაშნაარი სულ სხვა გზით ჩანს წარმოქმნილი. ქ. სიღნაღის ციხის გეგმის (შესრ. XIX ს-ის I ნახევარში) მიხედვით ნათელი ხდება, რომ ციხეს, საერთო შესასვლელის (მთავარი კარის) გარდა, დატანებული ჰქონია რამდენიმე მომცრო ჭიშკარი. ერთ-ერთ ასეთ შესასვლელს „ვაშნარის ჭიშკარი“ ეწოდება. თავ-თავისი სახელი ჰქონია შერქმეული ციხის კოშკებსაც. გეგმაზე გარკვევით იკითხება „ვაშნარის პირველი კოშკი“, „ვაშნარის მეორე კოშკი“. ხალხის მეხსიერებას დღემდე ცოცხლად შემოუნახავს ამ ტიპიური ფეოდალური ციხე-კოშკებისა და ჭიშკრების საკუთარი სახელები. სიღნაღის ციხის გალავნის ერთ-ერთ კარს დღესაც მაშნაარის კარი (I მაშნაარის ჭიშკარი) ეწოდება. ჩვენი ვარაუდით ტოპონიმი მაშნარი ვაშნარი-საგან უნდა მომდინარეობდეს; ვაშნარი კი სხვა არაფერია, თუ არა ვაშლნარი („ადგილი, სოფელი, სადაც ბევრი ვაშლის ხე დგას“; „ვამლით მდიდარი ადგილი“). ვაშლნარი ქართული ენის დიალექტებში ჩვეულებრივ მარტივდება და ვაშნარ-ად წარმოითქმის. საერთოდ, თუ -ნარ სუფიქსის წინ ფუძისეული ან სხვა სონორი ბგერა აღმოჩნდება, ეს უკანასკნელი უკვალოდ იკარგვის ან ასიმილაციის ძალით თანხმოვანს ემსგავსება (შდრ. ეკლ-ნარ-ა → ეკ-ნარ-ა||ეკ-რან-ა, თხილ-ნარ-ა → თხინ-ალ-ა, სხალ-ნარ-ი → სხა-ნარ-ი, ქვალ-ნარ-ა → ქვან-ნარ-ა..) ამ შემთხვევაში ფუძისეული ლ- თანხმოვნის ჩავარდნის გარდა, თავკიდურ პოზიციაში ვ-ინის ადგილი მ-ანს დაუკავებია (შდრ. ვარსკვლავი – მასკვლავი, ნავთი – ნამთი, ხავსი – ხამსი, სავსე – სამსე, კოვზი - კომზი, ვიწრო - მიწრო, ვითომ –მითომ…) და ვაშნარი-ს ნაცვლად მაშნარი მიგვიღია, რომელსაც კახური ტოპონიმიისათვის ნიშანდობლივი საწარმოქმნო მოდელის მიხედვით მაშნა-არ-ი მოუცია.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები