ქერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 49: ხაზი 49:
 
ხევსურეთში გამეფებულია ლუდის კულტი. ლუდს ხევსურები მხოლოდ დიდ დღეობებში (მთი ბელმამკალში ჯვართად) წურავდნენ. „...ლუდი რიტუალური სასმელი იყო და მისი მოდუღება სალაღობო-საღრეობოდ არ ხდებოდა. ხევსურთა თქმით, ლუდი ჯანის სარგოა“''(არაბული, 2006)''.
 
ხევსურეთში გამეფებულია ლუდის კულტი. ლუდს ხევსურები მხოლოდ დიდ დღეობებში (მთი ბელმამკალში ჯვართად) წურავდნენ. „...ლუდი რიტუალური სასმელი იყო და მისი მოდუღება სალაღობო-საღრეობოდ არ ხდებოდა. ხევსურთა თქმით, ლუდი ჯანის სარგოა“''(არაბული, 2006)''.
  
მაჭახელას ხეობის უხუცესთა გადმოცემით, „...ხეობაში კოლექტივიზაციამდე ითესებოდა ქერი და ჭვავი, რომლისგან მზადდებოდა მხოლოდ პური. პური ცხვებოდა [[კეცი ქვისა|კეცში]]. კეცს ჩაფენილი ჰქონდა შქერის ფოთლები. ზემოდანაც დაეფინებოდა შქერის ფოთლები. ნამჯით კვებავდნენ ცხენებს” ''(მაჭახელა, სოფ. ქოქოლეთი, მთხრ. ხ. ქოქოლაძე, 2014)''.
+
მაჭახელას ხეობის უხუცესთა გადმოცემით, „...ხეობაში კოლექტივიზაციამდე ითესებოდა ქერი და [[ჭვავი]], რომლისგან მზადდებოდა მხოლოდ პური. პური ცხვებოდა [[კეცი ქვისა|კეცში]]. კეცს ჩაფენილი ჰქონდა შქერის ფოთლები. ზემოდანაც დაეფინებოდა შქერის ფოთლები. ნამჯით კვებავდნენ ცხენებს” ''(მაჭახელა, სოფ. ქოქოლეთი, მთხრ. ხ. ქოქოლაძე, 2014)''.
  
  

14:03, 10 ნოემბერი 2016-ის ვერსია

ქერი - (Hordeum vulgare L.). ჭანურად, ლაზურად და მეგრულად - „ქერი“, სვანურად - „ჭგმინ“, აფხაზურად - „აქა’რ“, რაჭულად - „კეჟერი ქერი“, „კობერი ქერი“; ლეჩხუმურად - „კუპური ქერი“ (ჩიქობავა, 1938; ბრეგაძე, 1969; მაჭავარიანი, 2006).

ქერი უძველესი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, „...ადამიანის საკვებ მცენარეთაგან, ხორბლეულის შემდგომ, მთავარი მნიშვნელობა ჰქონდა „ქრთილსა“ და „ქერს“, რომელთა საერთო ზოგად სახელად ვახუშტს „ქრთილნი“ აქვს ნახმარი” (ჯავახიშვილი, 1930).


სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725 წწ.) თავის ლექსიკონში იძლევა ამ ტერმინების განმარტებას: „ქრთილი“ - ქერის საშემოდგომო ნათესი, „ქერი“ - ქერის საგაზაფხულო ნათესი (ორბელიანი, 1928, 1949).

ძველ ქართულ სამედიცინო წერილობით ძეგლებში ვხვდებით „ქერსაც“ და „ქრთილსაც“. როგორც ჩანს, მკურნალობისათვის ხან საშემოდგომო ქერი იხმარებოდა, ხან საგაზაფხულო (წუწუნავა, 1960).

ქერი – Hordeum vulgare L. მრავალმწკრივიანი, „ძველი-თესლი“ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი.

ი. გიულდენშტედის 1773 წ. მონაცემებით, ქვემო რაჭის სოფლებში თესავდნენ ექვსრიგა ქერს (იმერულად - „კეჟერაქერი“) და ორმწკრივა ქერს (იმერულად - „კტეკლი“, „ბრტყელი ქერი“) (გიულდენშტედი, 1962).

საქართველოში ქერი ითესებოდა XII -XIII საუკუნეებში (დეკაპრელევიჩი, 1938). უახლესი არქეოლოგიური გამოკვლევებით, ქერის კარბონიზირებული მარცვლები აღმოჩენილია საქართველოს ნეოლითურ-ენეოლითურ ხანის ძეგლებზე: ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI-V ათასწლეულები) სამოსახლო ბორცვზე - „გადაჭრილ გორაზე“; ნოქალაქევის ელინისტური ხანის სამაროვნებზე; ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნამოსახლარ, თანდიწყარო I-ზე, სოფელ ხელთუბანთან (გორის რ-ნი, ბრინჯაოს ხანა); ტყიბულის რ-ნის ახალსოფლის ენეოლითური კომპლექსში (ჩიქოვანი, 1999; ნებიერიძე, 2001; ლომიტაშვილი და სხვ., 2010; ჯალაბაძე, 2010; ლომიტაშვილი და სხვ., 2011).

არსებობს ქერის როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო ფორმები. საგაზაფხულო ფორმა სწორმდგომია, საშემოდგომო კი - გართხმული ან ნახევრად გართხმული. არჩევენ მრავალმწკრივიან ქერს - „ძველ თესლს“ და ორმწკრივა ქერს - „ახალი თესლს“.

„მრავალმწკრივიანი ქერის“ სინონიმებია:

  • „კეჟერი ქერი“,
  • „კობერი ქერი“,
  • „ჩარათი ქერი“,
  • „გვირგალი (მრგვალი) ქერი“,
  • „ძველთესლი ქერი“,
  • „ექვსრიგიანი ქერი“,
  • „ოთხრიგიანი ქერი“.


„ორმწკრივა ქერის“ სინონიმებია:

  • „მარტივი ქერი“,
  • „ბრტყელი ქერი“,
  • „ორრიგიანი ქერი“,
  • „ახალთესლი ქერი“.

მთხრობელთა გადმოცემით, ქერი ითესებოდა გუდამაყარში: „...ქერს ვთესავდით გაზაფხულზე, მაღალ გორაკზე, ხორბალს კი ვთესავდით დაბლა, არაგვის პირებზე. ქერს ვმკიდით ნამგლით. ორ მუჭაში რაც დაეტეოდა, ერთად შევკონავდით; ამ კონებს ერთად ვაგებდით. ორ ძნას ვეძახდით „დედა ძნას“. კონების შესაკონად ვიყენებდით „სვილის“ (შვრიის) ჩალას, რომელიც მეტი „გამძლე“ იყო. თუმცა შვრიის პურსაც ვაცხობდით ცალკე, ზოგჯერ გამოდიოდა „ლეგნა“ შავი პური. არაყში და ლუდში უფრო ამას ხმარობდნენ. დედა ძნას მივაყუდებდით დანარჩენ კონებსა, რომ გამშრალიყო. ასე ვაკეთებდით რამდენიმეს. ახალმომკილ ძნას ვეძახდით „წერას“. წერა ცოტა შეშრებოდა, მერმე ვაწყობდით სამკუთხედად. ისიც რომ გაშრებოდა, მერმე კიდევ გადავაწყობდით და ვაკეთებდით „ხუცულად“ (უკვე ბევრი, ერთად შეკონილი). ეს „ხუცულა“ მთაში იყო, უნდა მიგვეტანა სოფელში. ვაკეთებდით არყის ხის ტოტისაგან „ჯარჯს“, ანუ „სათარს“. ამ სათარზე დავაწყობდით კონებს და ჩამოვიტანდით სოფელში. სოფელში გვქონდა „ბანიანი“ სახლები; ძირს გვქონდა გომური (საქონლის სადგომი), ამის ზემოთ იყო საცხოვრებელი სახლი, იმის ზემოთ იყო კალო, სადაც ხდებოდა ამ ძნების გალეწვა. ამ ბანიან სახლებს ჰქონდა დიდი ბოძები, რომელიც სახლიდან ადიოდა კალოში. ამ ბოძებს ეჭირა კალოს ჭერი. ძნის კონებს დავჭრიდით და ჩავყრიდით ბოძების გარშემო. 4-5 ხარს ერთად ჯაჭვებით გავაბამდით, შევაყენებდით ამ ძნაზე და ამ ბოძებს წრიულად ვუვლიდით. ხარების ფეხებით ვლეწავდით ძნას. გაილეწებოდა, ხარებს გადავაყენებდით. ჩალეწილ ძნას ავიღებდით „ფიწლით“ (ფიწალი იყო სამტოტიანი ან ორტოტიანი ხისაგან გამზადებული), ჩალას მოვაცილებდით, რაც დარჩებოდა, ვეძახდით „ხოს“. როცა ქარიანი ამინდი იყო, მაშინ ვანიავებდით და ვაცლიდით ბზეს. მარცვალს „ცხრილით“ გავცხრილავდით. ბზეს ვიყენებდით საქონლის საკვებად. მარცვალს ხორბლის (წმინდას) ფქვილსაც ვურევდით ხშირად, რადგან პური ცოტა ითესებოდა. ჭალებზე გვქონდა საკუთარი წყლის წისქვილები, სადაც ვფქვავდით. ქერისაგან ვაკეთებდით არაყსაც და ლუდს“ (დუშეთის რ-ნი, სოფ. მაქართა, მთხრ. ნ. წიკლაური, 2013 წ).

ქერი – Hordeum vulgare L., ორმწკრივიანი „ახალ-თესლი“.

თუშეთში ხავიწთან (ერბოში მოდუღებული ხაჭო) მისატანებლად პურის ნაცვლად „ხალს“ (ქუმელს) იყენებდნენ. მოხალულ ქერის ფქვილს მოზელდნენ წყალთან ერთად, რომელიც მგზავრობის დროს შეუცვლელი პროდუქტი იყო. „ხალა-წყალა“ - ცივ წყალში გახსნილი „ხალი“ სწრაფად ხსნიდა დაქანცულობას და აღადგენდა დაკარგულ ენერგიას (იდოიძე, 2006).

მარტვილის რაიონის მცხოვრებთა გადმოცემით, სამეგრელოსა და მის მოსაზღვრე იმერეთში ქერი ძველთაგანვე ითესებოდა მთასა და მთისწინეთში, 1200-1300 მ სიმაღლეზე ზღ. დ.-დან. მოწეული მოსავალი კევრით ილეწებოდა და ფქვავდნენ წისქვილში. ნაცხობი გემოთი ხორბლის ნაცხობს თითქმის არ ჩამოუვარდება. ქერისგან აკეთებდნენ ფაფას, კვერებსა და ლუდს (მაისაია და სხვ., 2005).

კავკასიაში ქერისაგან დამზადებული სასმლის არსებობას ადასტურებს ქსენოფონტე (ძვ. წ. V-IV სს.). მას ხალიბების მეზობლად მდებარე სოფლებში უნახავს ხორბალი, ქერი და ჭურჭლებში ჩასხმული „ქერის ღვინო“. ქსენოფონტეს მიერ ხალიბების მეზობელ სოფლებში აღმოჩენილი „ქერის ღვინოს“ კავკასიაში იმჟამად მომხმარებელი ყველგან ჰყავდა. მას უდავოდ მოიხმარდნენ ლაზებიც, საიდანაც „ქერის ღვინოს“ აღსანიშნავად სახელწოდება „ლუდი“ სხვა ქართულ ტომებშიც უნდა გავრცელებულიყო (ბახტაძე, კოღუაშვილი, 2009).

ზემო სვანეთში (მესტიის რაიონი) ქერის ბურღულისაგან ამზადებენ საუცხოო დიეტურ საკვებს - „ცაარსა“ და „ლემბრს“. ქერის მოხალულ და დაფქულ მარცვალს შეურევენ მაწონსა და ყველს, რაც საუცხოო საკვებია. მთხრობელთა გადმოცემით, „...ქერის მარცვალი გაირეცხება, მოიხალება, დაფქვავენ, აურევენ ჭყინტ ყველს, ცოტა მარილს დაუმატებენ და გამოცხობის გარეშე იყენებენ“ (მესტიის რ-ნი, სოფ. ბეჩო, მთხრ. ფ. კვიციანი, 2013 წ.).

სვანეთში ამზადებენ აგრეთვე „ლიცფექს“ - ქერის ნივრიან თხელ ფაფას, „...ქვაბში ადუღებენ 1 ლ წყალს; ცალკე ჯამზე ნელთბილ (1/2 ჩ. ჭიქა) წყალში გახსნიან 5 სუფრის კოვზ ქერის ფქვილს, მიღებულ მასას ჩაასხამენ ქვაბში, ადუღებენ 7-10 წუთს, დაუმატებენ დანაყილ ნიორს (5-7 კბილი), წიწაკას და მარილს გემოვნებით. იყენებენ საკვებად მარხვის დროს, აგრეთვე გაციების შემთხვევაში“ (მესტიის რ-ნი, სოფ. ლენჯერი, მთხრ. ნ. შუკვანი, 2008 წ.). ქერი ხევსურეთში ერთ-ერთი წამყვანი კულტურა იყო და იმდენად ფართოდ იყო გავრცელებული, რომ საზომ-საწყალე ჭურჭელიც იმის შესაბამისად იყო დამზადებული. ქერი წარმოადგენდა ნაჭრილობევის საზომ საშუალებას (ჯალაბაძე, 1986; მაისაია და სხვ., 2006). აღსანიშნავია, რომ ქერის მარცვალი ძველ ქართულ ხალხურ მედიცინაში წამლის დამზადების დროს მიჩნეული იყო წონის ერთეულად (წუწუნავა, 1960).

ხევსურეთში გამეფებულია ლუდის კულტი. ლუდს ხევსურები მხოლოდ დიდ დღეობებში (მთი ბელმამკალში ჯვართად) წურავდნენ. „...ლუდი რიტუალური სასმელი იყო და მისი მოდუღება სალაღობო-საღრეობოდ არ ხდებოდა. ხევსურთა თქმით, ლუდი ჯანის სარგოა“(არაბული, 2006).

მაჭახელას ხეობის უხუცესთა გადმოცემით, „...ხეობაში კოლექტივიზაციამდე ითესებოდა ქერი და ჭვავი, რომლისგან მზადდებოდა მხოლოდ პური. პური ცხვებოდა კეცში. კეცს ჩაფენილი ჰქონდა შქერის ფოთლები. ზემოდანაც დაეფინებოდა შქერის ფოთლები. ნამჯით კვებავდნენ ცხენებს” (მაჭახელა, სოფ. ქოქოლეთი, მთხრ. ხ. ქოქოლაძე, 2014).


წყარო

პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები