წეროვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წეროვანი – სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს მუხრანის ვაკის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, სხალტბის ქედის ჩრდილოეთით დაფენილ კალთაზე, მცხეთა-ნატახტარ-გორის საავტომობილო გზაზე.

სოფელი წეროვანი დიდი ხნოვანობის სოფელია: XIV საუკუნის დამლევისათვის, კერძოდ, 1394 წელს, წეროვნის სვეტიცხოვლის ეკლესიისათვის შეწირულების გუჯარი კვლავ განუახლებია ალექსანდრე მეფეს. მაშასადამე, წეროვანი შეწირულების განახლებამდე ერთი-ორი საუკუნით ადრე მაინც სვეტიცხოვლის კუთვნილი სოფელი ყოფილა. სოფლის დაფუძნება კი ალბათ გაცილებით უფრო ადრე, დაახლოებით VII-VIII საუკუნისათვის უნდა ვივარაუდოთ, რადგანაც წეროვნის ახლოს, მის შემოგარენში არის ჩვენამდე მოღწეული ე.წ. კეხიჯვრის დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები, რომლის აგების თარიღად სპეციალისტები ადრეფეოდალურ ხანას, კერძოდ, VIII-IX საუკუნეებს, ვარაუდობენ.

შუა საუკუნეებში წეროვანი საკმაოდ დაწინაურებულა და საფურცლე-სხალტბის რეგიონში ერთ-ერთი ცნობილი სოფელი გამხდარა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ XI საუკუნის I მეოთხედში აქ აუგიათ წმ. სამების სახელობის დარბაზული ტიპის შესანიშნავი ეკლესია, რომლის მაღალოსტატურად შესრულებული ჩუქურთმები ყველას აცვიფრებდა (კანკელის გადარჩენილი, მხატვრული დეკორით ნაკვეთი ორი მოზრდილი ფილა ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

საინტერესოა თვით ტოპონიმ წეროვანის განმარტებაც. სახელწოდება რომ ქონების აღმნიშვნელი ძველი -ოვან სუფიქსით არის გაფორმებული, აშკარაა (შდრ. ქრცხილ-ოვან-ი, ჟინ-ოვან-ი, წყალშატრ-ოვან-ი, ლელ-ოვან-ი, ვაშლ-ოვან-ი, გორ-ოვან-ი…). ძირისეულ მასალად გვრჩება წერ-ი, რომელიც ეწოდება შავი ფერის თხევად მინერალურ მასას, ნავთობის მსგავს გამონადენს. აკ. შანიძის განმარტებითაც წერი „მიწიდან ამოღებული ნავთობია“. საინტერესოა, რომ წერი ქართული ენის დასავლურ დიალექტებში (რაჭული, ლეჩხუმური, გურული, იმერული…) ეწოდება კაკლის ხის ქერქის გამონახარშს საღებავს, რომელიც ქსოვილს მოყავისფრო-შავად ღებავს.

მაშასადამე, წერ-ოვან-ი ისეთ ადგილს უნდა რქმეოდა, სადაც ამგვარი ნავთობი (შავი ფერის მინერალური თხევადი მასა) გამოედინებოდა. ეს იგივე „ნავთ-იან-ი“ არის. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ იმავე რეგიონში, სოფელ ნიჩბისთან ახლოს არის ადგილი, რომელსაც წერათხევი ეწოდება. ძალზე საყურადღებოა, რომ მეზობელ ქარელის რაიონში არის სოფელი ცერონისი, რომლის ამოსავალი ფორმა წერონისი (–წერ-ოვნ-ის-ი) უნდა ყოფილიყო.

იმავე წერ- სიტყვისაგან მომდინარეობს სოფლის სახელი წერეთ-ი გორის რაიონში (შდრ. წერეთის ქედი – ქედი გორისა და კასპის რაიონებში, თრიალეთის ქედის ჩრდ. შტოქედი). უთუოდ ამ სოფლის მიხედვით არის გაფორმებული გვარი წერეთ-ელ-ი.

ქართულ ენაში შეინიშნება წერ- და წირ- ძირთა ოდინდელი მონაცვლეობა. ამას ისიც ამტკიცებს, რომ წეროვანის ახლოს, ერთ გეოგრაფიულ ზოლში მდებარეობს ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელი წილკანი, რომელშიც ამოსავლად იმავე წირ- სიტყვას ვვარაუდობთ.

წირ- ძირის შემცველი ტოპონიმები შეინიშნება როგორც ქართლში, (წირქოლი), ისე ზემო იმერეთსა (წირქვალი) და აჭარაში. აქ, მაგალითად, ადგილის სახელად დადასტურდა წირვანი, რომელიც გ. დიასამიძის სწორი განმარტებით წირ-ოვან-ს („წირის შემცველი“) ნიშნავს.

ადგილობრივი ხალხური ტრადიციული გადმოცემით კი წეროვანი თურმე წეროების დასასვენებელ ადგილს ნიშნავს: „წერო მოდენილა აქა დიდძალი. დასხდებოდნენ, დაისვენებდნენ, მერე კაცის თვალუნახავათ ისევ გაფრინდებოდნენ. ერთხელაც მოფრენილა წერო, დამსხდარან ღამის თევაზე, დაუწვენიათ, ხოლოთ დილით ნახევარიც ვეღარ აფრენილან. ალბათ ან ჭყანტი ან საფლობი ადგილი თუ რამ შაიხვდათ, ეგრე კი დამჩალან ადგილზე. მერე და მერე, დიდი ხანი რო იქნებოდა გასული, იქ ხალხს უნახიათ წეროების ჩონჩხები. ტყესავით ყოფილა. კაცო, ეს ამოდენა წერო რამ დახოცაო, – გაკვირვებულან. მას მერე დაურქმევიათ იმ ადგილებისათვი წეროვანი“ (გივი ილიას ძე მაჭარაშვილი)

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები