აბაშიძე დოდო (მსახიობი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დოდო აბაშიძე

დოდო აბაშიძე – (დ. 1 მაისი, 1924, თბილისი — გ. 26 იანვარი, 1990 იქვე), მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967), „საპატიო ნიშნისა“ და შრომის წითელი დროშის ორდენების კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1992).

დაიბადა 1924 წლის 1 მაისს თბილისში, მსახიობების ივანე (ვანიკო) აბაშიძისა და ნინო ანდრონიკაშვილის ოჯახში; 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი; იყო მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასში.

თეატრის სცენაზე დოდო აბაშიძეს განსახიერებული აქვს სულ 12 როლი, მათ შორის: გოდუნი (ლავრენიევის „რღვევა“), როლერი (შილერისყაჩაღები“), გიორგი (ილიას „ოთარაანთ ქვრივი“), „პეპო“ (გ. სუნდუკიანის „პეპო“) და სხვ.

1958 წლიდან დოდო აბაშიძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია; შესრულებული აქვს 50-ზე მეტი, ძირითადად მთავარი როლი. ხალისიანი, მომხიბლავი, კომიკური სახეების შექმნაც ხელეწიფება მსახიობს, როგორც, ვთქვათ, ყვარყვარეა, ან პოლიცმაისტერია „ვერის უბნის მელოდიებში“ და ისეთი ტრაგიკულისა თუ ჰეროიკულ-ამაღლებულის, როგორც იასონია „პირველ მერცხალში“ ან ნესტორ კალანდარიშვილია „ციმბირის პაპაში“.

დოდო აბაშიძის მიერ 30 წლის განმავლობაში შექმნილი ეკრანული სახეებიდან შეიძლება გამოვყოთ: ბიჭიკო (ს. დოლიძის „ჭრიჭინა“, 1953), აბდუშაჰილი (ლ. ესაკიას „ბაში-აჩუკი“, 1956), გენიოსა (ლ. ხოტივარის „უდიპლომო სასიძო“, 1961), დღვირა (ე. შენგელაიას და თ. მელიავას „თეთრი ქარავანი“, 1963), ალუდა (შ. მანაგაძის „ხევსურული ბალადა“, 1965), რეზო (ო. იოსელიანის „გიორგობისთვე“, 1966), სოსანა (მ. კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი“, 1967), მამამზე ერისთავი (ვ. ტაბლიაშვილის „დიდოსტატის მარჯვენა“, 1970), თავადი ვახვარი (გ. დანელიას „არ იდარდო“, 1970), სეთური (გ. ლორთქიფანიძის და გ. გაბესკირიას „დათა თუთაშხია“, 1976), გიორგი (გ. მგელაძის „ფესვები“, 1986)…

დოდო აბაშიძის მიერ განსახიერებული არა ერთი ეკრანული სახე აღნიშნულა მთავარი პრიზით მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, სახელდობრ: სოსანას როლი ერევნის ფესტივალზე, ნესტორ კალანდარიშვილის როლი ქუთაისის ფესტივალზე, იასონის როლი თეირანის, მიუნჰენის, მინსკის, ფრუნზეს საერთაშორისო ფესტივალებზე.

1967 წელს დოდო აბაშიძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1992 წელს გ. მგელაძის ფილმში „ფესვები“ მთავარი როლის შესრულებისათვის (სიკვდილის შემდეგ, მთელი მისი შემოქმედების გათვალისწინებით) დავით (დოდო) აბაშიძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

დოდო აბაშიძე გარდაიცვალა 1990 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები