ლორთქიფანიძე გიგა
გიგა (გრიგოლ) ლორთქიფანიძე − (19 ოქტომბერი 1927, თბილისი − 13 ივნისი 2013, თბილისი), ქართველი რეჟისორი, საქართველოს სსრ დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ და სსრ კავშირის სახალხო არტისტი, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი (1992-1995), საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი, საქართველოს კულტურის სამინისტროს კოლეგიის წევრი, „შრომის წითელი დროშის“ და „საპატიო ნიშნის“ სამი ორდენის კავალერი, მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (1977), სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).
დაიბადა 1927 წლის 19 ოქტომბერს თბილისში, საშუალო განათლება მიიღო აქვე, სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1950 წელს, სადიპლომო სპექტაკლი დადგა ვილნიუსის რუსულ დრამატულ თეატრში, 1951 წელს მუშაობა დაიწყო კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, 1954-1957 წლებში იყო ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი, ამის შემდეგ ისევ მარჯანიშვილის თეატრშია, 1963-1965 წლებში ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის მთავარ რეჟისორად მუშაობს, 1965-1967 წლებში მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია.
1967 წელს ჩვენს თეატრალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიგა ლორთქიფანიძის მეთაურობით მარჯანიშვილის თეატრის მსახიობთა ერთი ჯგუფის მიერ რუსთავის დრამატული თეატრის დაფუძნება; გიგა ლორთქიფანიძე 1975 წლამდე ხელმძღვანელობდა ხსენებულ თეატრს და არაერთი საინტერესო დადგმა განახორციელა; ამის შემდეგ ექვს წელიწადს იმუშავა დამდგმელ რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, სადაც გადაიღო მრავალსერიიანი ფილმები: „დათა თუთაშხია“, „ფიროსმანი“, „წიგნი ფიცისა“ და სხვები.
1980-1984 წლებში მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში რეჟისორად, 1984-1986 წლებში — საქართველოს ტელევიზიის მხატვრულ ხელმძღვანელად, 1985 წლიდან — საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ, პარალელურად — ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.
გიგა ლორთქიფანიძის მნიშვნელოვანი დადგმებია: მარჯანიშვილის თეატრში — კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“ (1952), ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მე ვხედავ მზეს“, „საბრალდებო დასკვნა“ (1960, 1961, 1976), პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“ (1965), სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ (1978), რუსთავის თეატრში: ვ. კოროსტილოვის „ასი წლის შემდეგ“ (1967) და „ფიროსმანი“ (1974), გორკის „ფსკერზე“ (1968), როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“.
საინტერესო დადგმებია აგრეთვე: „მარტოობის დღესასწაული“, „შთამომავლობა“, „მევიოლინე სახურავზე“. განხორციელებული აქვს დადგმები მოსკოვის თეატრ „სოვრემენნიკში“ და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მალაია ბრონნაიაზე.
1985 წელს გრიგოლ დავითის ძე ლორთქიფანიძეს, მრავალსერიიანი მხატვრული ფილმის „წიგნი ფიცისა“ შექმნისათვის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
გიგა ლორთქიფანიძეს განხორციელებული აქვს მთელი რიგი დადგმები საოპერო და მუსიკალურ თეატრებში. მათ შორის ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ (თბილისი, 1990, საქართველოს სახელმწიფო პრემია) ჯ. ვერდის „აიდა“ (ბათუმი, 1998), ბ. კვერნაძის „კოლხთა ასული“ (თბილისი, 1997), მუსიკალური კომედიები: ბოკის „მევიოლინე სახურავზე“, შ. მილორავას „კახაბერის ხმალი“, ვ. აზარაშვილის „მეჩექმე გაბო“ და სხვ.
წყარო
- რეჟისორები
- ქართველი რეჟისორები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- საქართველოს სსრ სახალხო არტისტები
- საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- თეატრალური უნივერსიტეტის რექტორები
- საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები
- საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატები
- ლორთქიფანიძეები