ავაზა (კურორტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტი ავაზა

ავაზა – (ინგლ. Avaza, რუს. Аваза), ზღვისპირა კლიმატო-ბალნეო-პელოიდური კურორტი თურქმენეთში, ბალქანის ვილაიეთში, ქ. აშგაბათიდან 532 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით და ქ. თურქმენბაშიდან 12 კმ-ში, ჩრდილოეთით.

დაარსდა 2007 წელს. კურორტი მდებარეობს კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე. რელიეფი – ვაკე.

ჰავა – ზღვისპირა, შეხამებული უდაბნოს ჰავასთან. ზამთარი ზომიერად ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა –5°C. ზაფხული ცხელია და მშრალი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 28°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,6°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 60%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 125 მმ-ს. ნალექები, ძირითადად, მოდის ნოემბერში, მარტსა და აპრილში. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე შეადგენს 3,8 მ/წმ-ს.

მცენარეული საფარი – ავაზას ტერიტორია დაფარულია ვაშლისა და ჭერმის ბაღებითა და ჩრდილიანი პარკებით, სადაც ფართოდაა წარმოდგენილი დეკორატიული მცენარეები: პალმა, ჭადარი, მუხა, ფიჭვი, ალბიცია, ბაბილონის ტირიფი, მტირალა არყი, როზმარინი, ურთხელი, ზამბახი, ასტრა, ქრიზანთემა და სხვ. ავაზას მიდამოებში, რომელიც ქვიშით არის დაფარული, გავრცელებულია: ბალახეულობა (ავშანი, ცერცვეკალა და სხვ.), ნახევარბუჩქები (იალღუნი, ჯუზღუნი) და ხეები (ქვიშის აკაცია და საქსაული).

ავაზაში გამოსაყენებელი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი;

სუსტად რადიაქტიული (რადიოაქტივობა – 8-10 ნკი/დმ3), რადონული მინერალური წყალი და მოლაყარას ტბის ლამის სულფიდური ტალახი.

ავაზაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წლიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.); მინერალური წყლის აბაზანები, ინჰალაციები და შესხურებები აღნიშნული წყლით; სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები.

ჩვენებები ავაზაში წასასვლელად: დასვენება; ცენტრალური ნერვული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციური დარღვევები; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული და ენდოკრინული სისტემების, კანისა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები.

ტურისტული ობიექტები:

ავაზაში (ზღვის პარკი ჩანჩქერებით, აკვაპარკი, ხელოვნური მდინარე და სხვ.), ქ. თურქმენბაშსა და მის ახლომდებარე რეგიონებში (მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მართლმადიდებლური (1895 წელი) და სომხური სამოციქულო (1903 წელი) ეკლესიები თურქმენბაშში; ძველი ნაქალაქარი მესორიანის (მისრიანის) (VIII-XIV საუკუნეები) ნანგრევები ორი 25-მეტრიანი მინარეთის (XI-XIII საუკუნეები) ნაშთებით, შემორჩენილი დიდი მეჩეთის პორტალითა და პარაუ-ბიბის თეთრი მეჩეთით (XI-XIIსაუკუნეები); ძველი სამარხი მაშადი და მის ცენტრში შირ-კაბირის მავზოლეუმი (XI-XIII საუკუნეები); ქარვასლების (XI-XV საუკუნეები) ნანგრევები და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები