ავალონი
ავალონი – (ინგლ. Avallon, რუს. Авалон), კლიმატური კურორტი აღმოსავლეთ საფრანგეთში, იონის დეპარტამენტში, ქ. ოსერიდან 34 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ბურგუნდიის ქედის ჩრდილო ფერდობებთან, მდინარე კუზენის მარჯვენა ნაპირას, გრანიტის კლდეზე, ზღვის დონიდან 200 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიანი.
ჰავა – ნოტიო. ზამთარი რბილია. თოვლის საფარი არამდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 1°°C.. ზაფხული თბილია და წვიმიანი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 23,9°°C.. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,5°°C., ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1067 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (286 მმ), ხოლო მინიმუმი – შემოდგომაზე. ყველაზე ნალექიანი თვეა აგვისტო (114 მმ), ყველაზე მშრალი – ივნისი (77 მმ).
მცენარეული საფარი – ავალონისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებით (ვაშლი, მსხალი, გარგარი და სხვ.) და ვენახებით. გავრცელებულია აგრეთვე: წიფლის, მუხისა და რცხილის ნარგავები.
ავალონის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ფიტონციდებით გაჯერებული ჰაერი და მდინარე კუზენის წყალი; შაბლის ღვინო.
ავალონის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა მდინარეში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში; ენოთერაპია.
ჩვენებები ავალონში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ქ. ავალონში (სენ-ლაზარის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (IX-XII საუკუნეები) საეკლესიო კოშკით (XVII საუკუნე) და კრიპტით (VIII საუკუნე); სენ-მარტინ-დიუ-ბიურის სახელობის სააბატო (XII საუკუნე); კოშკური საათი (1456 წელი); ორმაგი თაღი (XV საუკუნე); XV საუკუნეში აშენებული სახლები; ბასტიონები (XV-XVIII საუკუნეები); მუზეუმები – ბურგუნდიის ისტორიის, კოსტიუმისა და სხვ.; შამეს პარკი და სხვ.),
ავალონის მიდამოებში (ვეზელის (ვეზლის) რომაულ-კათოლიკური სააბატო და ამ სააბატოს მონასტერი (აშენდა IX საუკუნეში, დაიწვა 1120 წელს, აღადგინეს და გააფართოეს 1125-1215 წლებში) და წმიდა მარიამ-მაგდალინას სახელობის რომაულ-კათოლიკური ბაზილიკა სოფელ ვეზელში (ვეზლში), ქ. ავალონიდან 15 კმ-ში; ბენედიქტელთა სააბატო (1850-1863 წლები), მორვანის ეკო-მუზეუმი და ვობანის სახლ-მუზეუმი სოფელ მორვანში, ავალონიდან 30 კმ-ში; XIII საუკუნის ყურძნის საწნახელი სოფელ შამავალონში და სხვ.), ქ. ოსერში ( ხიდი პოლ-ბერი მდინარე იონაზე (ახ.წ. I საუკუნე); მეროვინგების ეპოქის სარკოფაგები (VI საუკუნე); კაროლინგების ეპოქის კრიპტები (IX საუკუნე); სენ-ჟერმენის სახელობის ყოფილი სააბატო (დააარსა წმიდა ჟერმენმა V საუკუნეში); წმიდა ეტიენის სახელობის საკათედრო რომაულ-კათოლიკური ტაძარი (დაარსდა V საუკუნეში, ხოლო მშენებლობა დაიწყო XI საუკუნეში. 1023 წელს აღნიშნული ტაძარი დაიწვა. 1030 წელს დაიწყო მისი ხელახალი მშენებლობა, რომელიც დამთავრდა 1057 წელს. მისი გაფართოება და მოპირკეთება გრძელდებოდა XV საუკუნემდე) სამრეკლოთი (XII საუკუნე), რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – წმიდა პეტრეს სახელობის (აშენდა VI საუკუნეში, გაფართოვდა XI საუკუნეში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა XVI-XVII საუკუნეებში) და წმიდა ევსების სახელობის (XI-XIV საუკუნეები); კოშკური საათი (XV საუკუნე); XV საუკუნის სახლები; მუზეუმები – ხელოვნებისა და ისტორიის, სენ-ჟერმენის, ლებლანკ-დიუვერნოის, ბუნებრივი ისტორიისა და სხვ.; არკებუზირთა ძმობის შენობა (1382 წელი) და სხვ.); ოსერის მიდამოებში (სახელგანთქმული ვენახები სოფელ შაბლის მიდამოებში; წმიდა მარტინის სახელობის რომაულ-კათოლიკური სააბატო და ციხედარბაზი (XVIII საუკუნე) სოფელ ბერუში და სხვ.).