ავილესი (კურორტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტი ავილესი

ავილესი – (ინგლ. Aviles, რუს. Авилес), ატლანტის ოკეანისპირა კლიმატური კურორტი ჩრდილოეთ ესპანეთში, ასტურიის ავტონომიურ ოლქში, ოვიედოს პროვინციაში, ქ. ხიხონიდან 23 კმ-ში, დასავლეთით და ქ. ოვიედოდან 27 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს ატლანტის ოკეანის ბისკაის ყურის ნაპირზე, მდინარე ავილესის აღნიშნულ ყურესთან, შეერთების რეგიონში. ავილესში, ბისკაის ყურის სანაპიროს ვიწრო ზოლის რელიეფი ვაკეა. ამ რელიეფს ცვლის ბორცვიან-მთაგორიანი რელიეფი.

ჰავა – ატლანტის ოკეანისპირა, უახლოვდება სუბტროპიკულს. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 2,1°C. ზაფხული ზომიერად თბილია და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20,5°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 940 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომაზე (294მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (146 მმ).

კურორტსა და მის მიდამოებში გავრცელებულია: ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი, ქლიავი და სხვ.) და ვენახები, სხვადასხვა ხის (წიფელი, მუხა, წაბლი, ცაცხვი, იფანი და სხვ.) ნარგავები.

კურორტ ავილესის სამკურნალო ფაქტორებია: ატლანტის ოკეანისპირა ჰავა, რომელიც უახლოვდება სუბტროპიკულს; ატლანტის ოკეანისპირა ჰაერი, გაჯერებული მარილებითა და იონებით; ოკეანის წყალი.

კურორტ ავილესის სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები და ბანაობა ზღვაში წლის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები ავილესში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლის, ენდოკრინული და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ქ. ავილესსა და მის მიდამოებში (აშელის კულტურის ხანის (ძვ.წ. 400 ათასი – 200 ათასი წელი) ადამიანის ცხოვრების ნაკვალევი ფერარის პარკში; ძველი რომაული ნაგებობების (ძვ.წ. I – ახ.წ. II საუკუნეები) ნანგრევები; რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის (XII საუკუნე), საბუგო (XIII საუკუნე), წმიდა ფრანცისკის სახელობის (XIV საუკუნე), წმიდა თომას კანტაბრიელის სახელობის (XVI საუკუნე) და სხვ.; XIVXV საუკუნეებში აშენებული სახლები; XVIII საუკუნის სასახლეები – კამპოსაღრადო, ვალდეკარსანა და ფერერა; მუზეუმები – არქეოლოგიური და ნატიფი ხელოვნების; ოსკარ ნიმეიერის კულტურის ცენტრი; პლაჟები (სალინასი, ლა რიბერა, არნაო, კაგო და სხვ.) და სხვ.),

ქ. ხიხონში (ძველი რომაული თერმები (ძვ.წ. I–ახ.წ. I საუკუნეები); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – წმიდა ანდრიას სახელობის (XII საუკუნე), წმიდა ლავრენტის სახელობის (1896-1901 წლები), წმიდა მოციქულ პეტრეს სახელობის (1945-1955 წლები) და სხვ.; XIII საუკუნის ტყე-პარკი – წმიდა ფრანცისკის სახელობის მინდორი; აკვედუკი პილარესი (1577-1599 წლები); კოშკური საათი – ტორე დე-რელა (XVII საუკუნე); სასახლეები – ვალდესის (XVI საუკუნე); ბარხოლას (XVII საუკუნე) და რევილიიახიხედოს (XVIII საუკუნე); მუზეუმები – ხიხონის ისტორიის, რკინიგზის, სტვირის, თანამედროვე ხელოვნების (ბარხოლას სასახლეში) და სხვ.; არქეოლოგიური პარკი კამპა-ტორესი და პარკი ისაბელ-ლა-კათოლიკა; ბოტანიკური ბაღი „ატლანტიკი“; აკვარიუმი; პლაჟები (სან-ლორენცოს, არბეიალის და სხვ.),

ქ. ოვიედოში (უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელობის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (აშენდა 821 წელს და გადაკეთდა XIV-XVI საუკუნეებში) და წმიდა პალატები ამ ტაძარში; წმიდა მღვდელმოწამე ბიკენტის სახელობის რომაულ-კათოლიკური მონასტერი (IX საუკუნე); წმიდა მღვდელმოწამე ისიდორეს სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (X საუკუნე); ოვიედოს უნივერსიტეტი (XVI საუკუნის დასასრული); ძველი ციხის შენობა (1886-1905 წლები); მუზეუმები – ასტურიის არქეოლოგიური და ნატიფი ხელოვნების; პრინცესა ლეტიციას სახელობის კონგრესთა სასახლე; წმიდა ფრანცისკის სახელობის პარკი და სხვ.) და ქ. ოვიედოს მიდამოებში (რომაულკათოლიკური ეკლესიები – სან-მიგელ დე ლინიოს სახელობის (IX საუკუნე), წმიდა მარიამ ნაზრანკოს სახელობის (XII საუკუნე) და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები