აიაჩო
აიაჩო – (ინგლ. Ajaccio, რუს. Аяччо), ზღვისპირა კლიმატური კურორტი საფრანგეთში, ქალაქი და ნავსადგური სამხრეთ კორსიკის დეპარტამენტში, ქ. ბასტიიდან 153 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო ქ. ბონიფაციოდან (ბონიფაჩოდან) 140 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით. არის აღნიშნული დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი და მდებარეობს კუნძულ კორსიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის აიაჩოს ყურის უბის ნაპირზე, პატარა ნახევარკუნძულზე, ზღვის დონიდან 29 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე-ბორცვიანი.
ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია და წვიმიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 8,6°C. ზაფხული თბილია და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22,1°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,8°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 645,7 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომასა (226,5 მმ) და ზამთარზე (219 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (49 მმ). მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში საშუალოდ 2531 საათია.
მცენარეული საფარი – აიაჩოს ტერიტორიაზე გავრცელებულია: ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, ნექტარინი და სხვ.), ვენახები, პალმები, მუხისა და ფიჭვის ნარგავები. კურორტის მიდამოებში გვხვდება: ციტრუსებისა და ზეთისხილის პლანტაციები, მარადმწვანე ბუჩქები – მაკვისი, კორპის მუხის, ქვამუხის, ფიჭვისა და წაბლის ტყეების მასივები.
აიაჩოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.
აიაჩოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).
ჩვენებები აიაჩოში წასასვლელად: დასვენება, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ქ. აიაჩოში (ციტადელი (აშენდა გენუელთა მიერ 1492 წელს და გადაკეთდა ფრანგების მიერ 1559 წელს); გენუელთა მიერ აშენებული კოშკები – დი კასტელუჩოს (1550 წელი), დი კაპუ დი ფენუს (1550 წელი) და კაპიტელუს (1553 წელი); რომაულ-კათოლიკური დაწესებულებები – ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის ტაძარი (Notre Dame de-la-Misericor) (1577-1593 წლები), წმიდა ერაზმის სახელობის კაპელა (1617 წელი), შარლ-იმპერიალეს სახელობის სამლოცველო (1857 წელი) ბონაპარტების საგვარეულო აკლდამებით, წმიდა როხეს სახელობის ეკლესია (1923 წელი) და სხვ.; ბონაპარტების საგვარეულო სახლი (XVIII საუკუნის დასაწყისი); ნაპოლეონის სახლ-მუზეუმი (XIX საუკუნის 60-იანი წლები); აიაჩოს მუნიციპალური ბიბლიოთეკის შენობა (1801 წელი); აიაჩოს მერია (1826-1830 წლები); აიაჩოს პრეფექტურა (ყოფილი ლანტივის სასახლე) (1826-1830 წლები); მუზეუმები: კაპიტელუს, ფეშის (ნატიფი ხელოვნების), ისტორიის (A. Bandera-ს), მარკ-პტი და სხვ.; ქანდაკებები – აიაჩოს მფარველის წმიდა ლა-მადონუჩია (1656 წელი), ნაპოლეონი ცხენზე თავისი ძმების გარემოცვაში (1865 წელი), შადრევანი მარმარილოს ლომებითა და ნაპოლეონით (1870 წელი) და სხვ.).
ქ. აიაჩოს მიდამოებში (ძველებური შუქურა და ორი კოშკი (XV საუკუნე) სან-გინერის კუნძულებზე; მთა მონტე დ’ორო (ზღვის დონიდან 2389 მ-ის სიმაღლეზე) და წყლის კასკადი „მარიამის ვუალი“, ქალაქ ბოკონიანოში; რომაულ-კათოლიკური (1828 წელი) და მართლმადიდებლური (1852 წელი) ეკლესიები კარაჟეზში; სკანდოლას ბუნებრივი რეზერვატი პორტოს ყურეს რეგიონში; გენუელთა მიერ აშენებული ხიდი (Ota Spelunca) (XV საუკუნე) ევიზაში და სხვ.),
ქ. ბასტიაში (ციტადელი (XIV საუკუნე); წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის (Saint Jean Baptiste) რომაულ-კათოლიკური ტაძარი (XVII-XVII საუკუნეები); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – თანასაკათედრო წმიდა მარიამის სახელობის (Saint Marie de l’Assomption) (XV-XVII საუკუნეები), წმიდა იოზეფის სახელობის ((Saint Joseph) (XVII საუკუნე), წმიდა შარლის სახელობის (Saint Charles Boromee) (იეზუიტების) (XVII საუკუნე), წმიდა ეტიენ დე კარდოს სახელობის (Saint Etienne de Cardo) (XVIII საუკუნე) და სხვ.; რომაულ-კათოლიკური მონასტრები – წმიდა ანტუანის სახელობის (Saint Antoine) (XVI საუკუნე) და წმიდა ანჯელოს სახელობის (Saint Angelo) (XVII საუკუნე); რომაულ-კათოლიკური სამლოცველო-კაპელები – წმიდა ჯვრის სახელობის (XV საუკუნე), წმიდა როხეს სახელობის (XVII საუკუნე), უმწიკვლო განაყოფიერების სახელობის (XV საუკუნე) და სხვ.; გუბერნატორის ყოფილი სასახლე (XIV საუკუნე), რომელშიც ამჟამად ეთნოგრაფიული მუზეუმია; რომიეს ბაღი და სხვ.),
ქ. ბასტიის მიდამოებში (სოფელ ერბალუნგაში – ჯენტილეს სასახლე (XI საუკუნე), გენუელთა მზვერავთა კოშკის (XIII საუკუნე) ნანგრევები, მთა მონტე-სტელო (სიმაღლე 1307 მ ზღვის დონიდან), დიუნები, ლარინელას პლაჟი და სხვ; ლა კანონიკაში – რომაელების კოლონიის, ქ. მარიანუს (ძვ.წ. I საუკუნე) ნაშთები; ქალაქ სენფლორანში – ნებიოს სახელობის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (Cathedrale du Nebbio) ანუ წმიდა მარია-ასუნტას სახელობის (Santa Maria Assunta) ეკლესია (1199 წელი); სოფელ პატრიმონიოში – წმიდა მარტინის სახელობის კათოლიკური ეკლესია (XVI საუკუნე) და ციხესიმაგრის ნანგრევები (XV საუკუნე) და სხვ.),
ქ. ბონიფაციოში (ბონიფაჩოში) (გენუელთა ციტადელი (1378-1583 წლები); არაგონის მეფის კიბე (1420 წელი); გენუელთა მიერ აშენებული მრგვალი კოშკი – დონჟონი (აშენებულია 1484 წელს, XIX საუკუნეში იყო დაშლილი და XX საუკუნის 80-იან წლებში – ახლიდან აშენებული); იოანე ნათლისმცემლის სახელობის რომაულ-კათოლიკური სამლოცველო (1775 წელი); სანტა-მარია მაჯორეს სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XII საუკუნე) და სამრეკლო (XIV-XVIII საუკუნეები); წმიდა დომინიკოს სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (მშენებლობა დაიწყო XIII საუკუნის დასასრულს და დამთავრდა 1343 წელს); წმიდა იაკობის სახელობის ყოფილი რომაულ კათოლიკური ეკლესიის შენობა (XIV საუკუნე) (ამჟამად საკონცერტო დარბაზი); გენუელთა ნაცვლის ყოფილი სასახლე (XII საუკუნე); ლეტენდერის ბასტიონი (XIII საუკუნე), სადაც მოწყობილია ბონიფაციოს ისტორიის ექსპოზიცია; წმიდა ფრანცისკის სახელობის საზღვაო სასაფლაო (1823 წელი); XVIII საუკუნის სახლი, სადაც 1793 წელს ცხოვრობდა ნაპოლეონ ბონაპარტი; აკვარიუმი და სხვ.) და ქ. ბონიფაციოს მიდამოებში (შუქურა პერტუზატოს კონცხზე (1844 წელი); ბუნებრივი ნაკრძალი ლავეცის არქიპელაგზე და სხვ.).