აირული შედუღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აირული შედუღებაშედუღების სახეობა, რომელიც წარმოებს აირის (აცეტილენის, წყალბადის, პროპანის, ბენზოლის, ბუტანის, კოქსის აირის, კარბიდის აირის, ბენზინის, ნავთის ორთქლისა და სხვ.) გამოყენებით. ლითონის ნაკეთობის ზედაპირის გადნობა ხდება ალით, რომელიც მიიღება ჟანგბადის ჭავლში ასეთი აირის დაწვით, რაც იძლევა ძალიან მაღალ ტემპერატურას (2000-3150°C). პრაქტიკაში ყველაზე ფართოდ გამოიყენება აცეტილენი და კალციუმის კარბიდის აირი. ალი შეიძლება იყოს მჟანგავი, ნეიტრალური ან აღდგენითი, რაც რეგულირდება სამუშაო აირისა და ჟანგბადის თანაფარდობით.

ბოლო პერიოდში აცეტილენის ნაცვლად წარმატებით გამოიყენება საწვავის ახალი სახეობა – შეკუმშული მეთილაცეტილენალენური ფრაქცია, რომელიც უზრუნველყოფს შედუღების სიჩქარესა და ნაკერის მაღალ ხარისხს, ოღონდ საჭიროებს მისართ მავთულს მანგანუმისა და სილიციუმის შემცველობით. ის 2-3-ჯერ იაფია აცეტილენთან შედარებით და ადვილი გადასატანია. დიდ ინტერესს იწვევს შ. ა. დიციანის აირი, რომელსაც აქვს წვის ძალიან მაღალი ტემპერატურა (4500°C), თუმცა მის ფართოდ გამოყენებას ხელს უშლის ტოქსიკურობა. აირული შედუღების მომავალ პროგრესში ყურადსაღებია თხევადი საწვავის – აცეტილენდინიტრილისა და მისი ნახშირწყალბადთან ნარევის გამოყენება, რომელიც გამოირჩევა წვის მაღალი ტემპერატურით (5000°C-მდე), თუმცა მისი გამოყენება შეზღუდულია მაღალი ფასის გამო. აირით შედუღებისას აღძრული საშიში და მავნე ფაქტორებია: საწვავი აირის, ჟანგბადის ბალონის, კალციუმის კარბიდიანი დოლის აფეთქება; სანთურის ალითა და გამდნარი ლითონის შხეფებით დამწვრობა, სანთურის ალის გამოსხივებით მხედველობის დაზიანება, მავნე აირებით მოწამვლა, ხმაური და სხვ.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები