აკობია პავლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Pavle akobia.png

აკობია, პავლე ოტიას ძე (27 დეკემბერი, 1878 – 14 აპრილი, 1940) – მწერალი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, რევოლუციონერი. დაიბადა ზუგდიდის მაზრის სოფ. კახათში, მიწის მუშის – უსწავლელი გლეხის ოჯახში. დაამთავრა ზუგდიდის სამოქალაქო 6 კლასიანი სასწავლებელი (1896) და ქუთაისის გიმნაზიაში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ სიღარიბის გამო ვერ შეძლო. ქართული წიგნების კითხვისა და სასწავლებელში მიტინგის მოწყობისათვის გარიცხეს.

1899 წელს სამხედრო სამსახურის უარყოფის გამო, წელიწადნახევარი რუსეთში, დისციპლინარულ ბატალიონში ამყოფეს, საიდანაც დაბრუნების შემდეგ მეფე ნიკოლოზ II–ს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა: „მე არ მინდა კაცის კვლა ვისწავლო, არამედ მოწოდებული ვარ, განვკურნო თანამედროვე სნეული კაცობრიობაო“, რისთვისაც გიჟად შერაცხეს და 13 თვე საგიჟეთში ამყოფეს.

1904-1905 წწ. თბილისში მონაწილეობდა არალეგალურ კრებებში და პარტიულ კამათებში, ხშირად გამოდიოდა სიტყვით. 1904 წელს კ. თათარიშვილის (უიარაღო, 1872-1929) ბინაზე მოწვეულ კრებას გაუზიარა თავისი ნაშრომი „მიმართვა კაცობრიობისადმი“, რომელშიც ამბობდა: „კაცობრიობა უდიდეს კატასტროფის წინაშე დგას. მოხდება განმათავისუფლებელი ომები და რევოლუციები, მაგრამ ეს ომები და რევოლუციები საკაცობრიო საკითხებს ვერ გადაწყვეტენო“. შემდეგში ამ მიმართვას სახელი შეუცვალა და უწოდა: „წინასწარმეტყველური პროგნოზი თანამედროვე გარდამავალი ეპოქისა“. მისი აზრები 1900-იანი წლებიდან გადმოცემულია მისსავე მეგრულ ლექსებში („ჩელა“, „სესია“, „დიხა“, „გაჭირვება და თავისუფლება“), რომლებიც 1903 წელს ხელნაწერად ვრცელდებოდა; 1904 წელს ფურცლებად არარეგალურად თაბახის სტამბაში გამოსცა.

1905 წელს ზუგდიდის სამოქალაქო სასწავლებლის მოწაფენი ააჯანყა და რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად ჩაება. ამისათვის და, განსაკუთრებით, აჯანყებისთვის, ორჯერ დააპატიმრეს, მესამედ – დაჭრეს. სპირიდონ კედიასთან, ლეო შენგელაია-ქიაჩელთან და იასონ ჩიჩუასთან ერთად ზუგდიდის მაზრაში დააარსა „სამეგრელოს რევოლუციონური კომიტეტი“, რომლის მიზანიც რევოლუციურ მოძრაობის გაერთიანება და ხელმძღვანელობა იყო. სამხედრო ორგანიზაციები მოაწყო ობუჯში, რიყეში, ტყაიასა და კახათში. ზუგდიდის რევოლუციური მოძრაობის მეთაურად სოფ. კახათი იქცა. 1905 წლის ოქტომბრის 21-ს ზუგდიდის ეკლესიის ეზოში წირვის შემდეგ პავლე აკობიამ წითელი დროშით ხელში ხალხს სიტყვით მიმართა და მთავრობის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყებისკენ მოუწოდა. თუმცა, ამ დროს იქ მყოფმა მაზრის უფროსმა მას დროშა ხელიდან გამოსტაცა. პავლე აკობიამ ლ. შენგელაიას (ქიაჩელის) სიტყვის შემდეგ, კიდევ ააფრიალა წითელი დროშა და ათასამდე კაცსა და ქალს წინ გაუძღვა, მაგრამ მაზრის უფროსი სტრაჟნიკების დახმარებით ხალხს გადაეღობა, მეორე დროშის წართმევაც დაუპირა და ვიდრე სტრაჟნიკმა იგი თავში არ დაჭრა, ეს დროშა არ დაანება. პავლე აკობიამ გატეხილ თავიდან მჩქეფარე სისხლში შეღება ხელსახოცი, ჯოხზე მოაბა, დროშად ააფრიალა, იმავე ლ. შენგელაია-ქიაჩელთან ერთად ხელახლა შეკრიბა ხალხი და მარსელიოზის სიმღერით ქალაქის ქუჩებში დემონსტრაციული მსვლელობა მოაწყო, რის შემდეგაც მიტინგი გაიმართა.

რეაქციის დაწყებისას მეფის გენერლის ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელმა რაზმმა პავლე აკობიას სახლიც მოძებნა დასაწვავად, მაგრამ რაზმის უფროსმა ოფიცერმა რომ დაინახა პავლე აკობიას უბრალო, კარ-ფანჯარადაცლილი, ფიცრული სახლი, სთქვა: „არა ღირს მაგის დაწვა, ქარი წაიღებსო“ და გაშორდა. პავლე აკობიას სახლი მართლაც ქარმა წააქცია.

1905 წლიდან სოციალ-ფედერალისტთა გაზეთებში თანამშრომლობდა, 1905-1909 წწ. წერდა პოლიტიკური შინაარსის წერილებს ფსევდონიმით „თავისუფალი“ (1906-1908). ეროვნული საკითხის შესახებ დიდი ბრძოლა გადაიტანა სოციალ-დემოკრატებთან (მენშევიკებთან). „ზუგდიდის რესპუბლიკის საქმის“ განხილვის დროს პავლე აკობია რუსეთისა და საქართველოს სხვადასხვა ციხეში იჯდა (1898–1909), 1910 წელს სამუდამოდ გადაასახლეს ციმბირში (ირკუტსკის გუბ., ნიჟნეუდინის მაზრა, სოფ. ტანგუისი), საიდანაც 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ განთავისუფლდა. ციმბირიდან დაბრუნებული სოფელში მეურნეობას მისდევდა, ცხოვრობდა დიდ სიღარიბეში (ხეზე მოწნულ ბუდრუგანაში), გაურბოდა მწერლობის ამა თუ იმ მიმდინარეობებთან რაიმე კავშირს, საკუთარი მსოფლმხედველობით გატაცებული, საკუთარი გზით ემსახურებოდა მშობელი ქართველი ერისა და კაცობრიობის ნაწილის საქმეს. პავლე აკობია თანამოძმეთ (ოდიშელ-მეგრელებს) მოუწოდებდა: „ენდე ქართველობასა, გაუწოდე მას ხელი“, რადგან „ქართველობის შეგნება უდიდესი ვალია, ამითი გექნება უძლეველი ხმალია“-ო. („იმედი“, 1904). მას ეკუთვნის სიმღერა „ბუბა ქაქუჩელას“ სიტყვები.

ცალკე გამოცემულია:

1. იმედი: [ლექსები]. – თბ., 1904. – 156 [4] გვ.;
2. უდროოდ დაკარგული შესანიშნავი ნიჭის პატრონი ალექსანდრე მესხია, როგორც მსხვერპლი საერთოდ მთელი ქვეყნის უკუღმართობისა და განსაკუთრებით კი ქართველთა შეუგნებლობისა. თავგადასავალი, წერილები, აფორიზმები ალექსანდრე მესხიასი და საუბარი თვითშემეცნებაზე პავლე აკობიასი. – თბ., 1905. – 120 [1] გვ.;
3. სოციალ-დემოკრატიამ მოატყუა გლეხები. – თბ., 1906 (1907). – 16 გვ.;
4. არ შეიძლება [უსამართლობასთან შეგუება]. – ტფ., 1908. – 16 გვ.;
5. განა შენ კაცი ხარ?. – ტფ., 1908. – 16 გვ.;
6. ვინ ხარ შენ? – ტფ., 1908. – 16 გვ.;
7. თაგვ-ეშმაკთა რევოლიუცია, ბნელეთის ევოლიუცია. – თბ., 1908. – 8 გვ.;
8. სესია და სხვა ლექსები. – თბ., 1908. – 15 გვ.;
9. სიცრუე ანუ სოციალ-დემოკრატიამ მოატყუა ხალხი. – მეორე შევსებული გამოცემა. – ტფ., 1908. – 10 გვ.;
10. ხალხის მტერია სოციალ-დემოკრატია. – ტფ., 1908. – 16 გვ;
11. ჩელა და სხვა რევოლუციონური ლექსები მეგრულად. – თბ., 1931. – 27 გვ.

გამოქვეყნებულია:

1. ვასილ ალშიბაია: (მოკლეს შარშან თებერვალში). [ლექსი] // მიწა. – 1907. – №11. – გვ. 3-5;
2. რამდენიმე წელიწადი იქნება... // შუამავალი. – 1907. – №3. – გვ. 8.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ავტობიოგრაფია;
2. გამოვიდა და იყიდება... // ისარი. – 1907. – 28 აპრილი. – №91. – გვ. 1;
3. გოგია. ქიზიყი: ზოგიერთ გულუბრყვილო ქიზიყელს... // ჩვენი გზა. – 1907. – 27 სექტემბერი. – №19. – გვ. 3;
4. ერწო // შუამავალი. – 1907. – №5. – გვ. 5;
5. ვინ რას ფიქრობს როცა ძილი გაუკრთება? // მასხარა. – 1907. – №2. – გვ. 6;
6. თავისუფალი. წერილი მუშებისადმი // ისარი. – 1907. – 17 თებერვალი. – №36. – გვ. 1-2;
7. რედაქციამ მიიღო... // ისარი. – 1907. – 19 აპრილი. – №87. – გვ. 3;
8. უმორჩილესად ვთხოვ ყველა იმათ,... // ისარი. – 1907. – 21 აგვისტო. – №182. – გვ. 4;
9. შავლიაშვილი, ი. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს // ისარი. – 1907. – 30 ოქტომბერი. – N238. – გვ. 4;
10. გამოვიდა გასასყიდად... // ისარი. – 1908. – 10 თებერვალი. – №33. – გვ. 1; 14 თებერვალი. – № 36. – გვ. 4;
11. გაშავებული „ნაქალაქისთავარი“ თავის მოღვაწეობის... // მათრახი. – 1908. – №4. – გვ. 16;
12. დვალი, ევგენი. გაზ. „ნაპერწკლის“ გენიოს ვიღაც „მკითხველს“ // სეტყვა. – 1908. – №1. – გვ. 8;
13. იმედაშვილი, იოსებ (მწიგნობარი). ახალი ბროშურა „სიცრუე“ // ნიშადური. – 1908. – №35. – გვ. 6;
14. სარწმუნო წყაროებიდან გავიგეთ... // ეშმაკის მათრახი. – 1908. – №30. – გვ. 2;
15. ქართული წიგნი: ბიბლიოგრაფია. – ტ. I: 1629-1920. – თბ., 1941. – გვ. 469.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები