ობუჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ობუჯი – სოფელი დასავლეთ საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. წალენჯიხის რ-ნის სოფლებს შორის ობუჯი ყველაზე დაბლა მდებარეობს. სოფლის ტერიტორია, რომლის ფართობი 34 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, წაგრძელებული ფორმისაა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და მიჰყვება მდინარე ჭანისწყლის ხეობას. მანძილი ამ მიმართულებით დაახლოებით 8 კმ-ია. უახლოესი მანძილი ობუჯიდან ეგრისის მთებამდე დაახლოებით 17 კმ-ია, ხოლო შავ ზღვამდე – 45-46. მანძილი წალენჯიხის რაიონულ ცენტრამდე 7 კმ-ია. ქ. ზუგდიდამდე – 18, ხოლო ჩხოროწყუს რაიონულ ცენტრამდე – 24 კმ.

ობუჯი მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, ოდიშის პლატოს თითქმის ცენტრალურ მონაკვეთში. ის ადრე ზუგდიდის მაზრაში შედიოდა. მას შემდეგ, რაც ყოფილი ჯვრის მაზრის ტერიტორიის „ცენტრი“ წალენჯიხაში გადმოვიდა, ობუჯი, როგორც წალენჯიხის უშუალო მოსაზღვრე სოფელი, მის დაქვემდებარებაში მოექცა.

სარჩევი

რელიეფი

ფიზიკურ-გეოგრაფიულ რეგიონს, რომელშიც ობუჯი მდებარეობს, უკავია გარდამავალი არეალი მთასა და ბარს შორის (სამეგრელოს გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი). სოფლის ტერიტორია თითქმის მთლიანად მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის ეროზიულ ხეობაში, რის გამოც იქ გაბატონებულია ალუვიური ნალექები, რომლებიც ფარავენ ტერასებსა და ჭალებს (წალენჯიხის რ-ნი მოქცეულია ენგურისა და ჭანისწყლის აუზებში).

ობუჯის ტერიტორიის აბსოლუტური სიმაღლე თავსდება 130-298 მ-ის ფარგლებში. ყველაზე მაღალი ადგილია ფერდობის თხემი მდ. სქურდილას სათავესთან ახლოს, ხოლო ყველაზე დაბალი – მდინარის სანაპირო სოფ. ჯიხაშკარის საზღვართან. რელიეფისთვის დამახასიათებელია კარსტული გენეზისის მომცრო მიწისქვეშა ღიობები (გამოქვაბულები) – კირქვაშემცველი კონგლომერატების გავრცელების ადგილებში. ზოგიერთი მათგანი ამჟამად „მშრალია“, ზოგიერთიდან კი წყაროები გამოედინება. მაგ., წყარო, – „ხუფინა“, – პირდაპირ მღვიმიდან გამოედინება. გამოსასვლელი საკმაოდ ვიწროა. სიღრმეში, რამდენიმე მეტრის მანძილზე, ის საკმაოდ დიდდება. შემდგომ კვლავ პატარავდება. (მღვიმე შეუსწავლელია).

წყარო გამოედინება ასევე ე. წ. „ონძილეს“ მღვიმიდან, რომელიც უშუალოდ მდ. სქურდილას კალაპოტსაა მიმდგარი. ასეთივეა „ბეჩა“ – წყალქვეშა მღვიმე მდ. კინესქურზე. რამდენიმე ასეთი ადგილი კიდევ არის სოფლის სხვადასხვა უბანში (მაგ., „ნანწყვი“ – კარსტული ორმო ჯაღრაში).

ჰავა

ობუჯი, როგორც სამეგრელოს გორაკ-ბორცვიანი ზოლის დასაწყისთან მდებარე სოფელი, ხასიათდება ნოტიო, ზომიერად თბილი ჰავით, რბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით.

ოდიშის ჰავის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: „და არს ჰავითა ესე ოდიში მშუენი. ზაფხულს ზღვის პირნი და ვაკენი ცხელი და არა გაუსაძლისი, მთის კერძონი გრილნი, აგარაკოვანნი, კეთილნი. ზამთარ თბილი, არამედ ზაფხულიცა, სუელი და ნამიანი, და ნოტიო, გარნა უწყინარუვნო, უქარო და უყინვო, დიდთოვლიანი“.

ჰიდროლოგიური რესურსები

ობუჯი მდიდარია წყლის რესურსებით, განსაკუთრებით კი მდინარეებით. სოფელი თითქმის მთლიანად მდინარე ჭანისწყლის გაგანიერებულ ხეობაში მდებარეობს. სოფლის ტერიტორიაზე არ არის არცერთი სახელდებული გორაკი თუ ბორცვი, რომელსაც პატარა მდინარე ან წყარო-ნაკადული არ ჩაუდიოდეს.

სოფლის პატარა მდინარეები ხასიათდებიან მკვეთრად გამოხატული წყალმოვარდნით თავსხმა წვიმების დროს. განსაკუთრებით კი ზაფხულისა და შემოდგომის უხვნალექიანობის ჟამს. ამ დროს ეს პატარა, ბარის ტიპის მდინარეები ემსგავსებიან მთის ბობოქარ მდინარეებს და ავლენენ დიდ ეროზიულ ძალას. განსაკუთრებით ამ მხრივ გამორჩეულია მდინარე სქურდილა.

მდინარეებს სოფელში, გარკვეული სამეურნეო დანიშნულებით, ოდითგანვე იყენებდნენ. უპირველეს ყოვლისა, მდინარე ჭანისწყალი განთქმული იყო თევზის ისეთი ძვირფასი ჯიშებით, როგორიცაა: მდინარის კალმახი, წვერა, უგვარო, ტობი და სხვ. თევზის სახეობებით მდიდარია პატარა მდინარეებიც. ისინი, ამავდროულად, გამოიყენება წისქვილების გასამართავად. წყლის წისქვილები სოფელში დღესაც ბევრია.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 706 ადამიანი.

არქიტექტურული ძეგლები

ობუჯის ისტორიულ ძეგლთაგან სიძველით, მასშტაბურობითა და არქიტექტურით გამოირჩევა „ნაოხვამუ“ (ნასაყდარალი) ანუ „ნოჯიხური“. ძეგლი მდებარეობს მაღალ გორაზე (სერზე) სოფლის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 350 მ-ის დაშორებით (პირდაპირი მანძილი). დღემდე შემორჩენილი ნაგებობა, სპეციალისტების დასკვნით, მონასტრის სამრეკლოა. იგი კვადრატული გეგმის, ორსართულიანი (როგორც ახლა გამოიყურება), თაღოვანი, რიყის ქვით ნაგები, საკმაოდ მაღალი შენობაა, მოპირკეთებული კარგი ხარისხის თლილი ქვებით.

ძეგლის ადგილობრივი, ყველაზე პოპულარული სახელი – ნოჯიხური, აღნიშნავს „ნაციხარს“, რაშიც ყოფილი ციხე-გალავანი (სამონასტრო კომპლექსი) იგულისხმება. სამრეკლოს აღმოსავლეთით „XIII–XIV საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის – ობუჯის მონასტრის ნანგრევებია, მოზრდილი კვადრებით ნაგებ ეკლესიას კარ-სარკმლები მოჩუქურთმებული ჰქონდა“ (პ. ზაქარაია, თ. ბერაძე, ქ.ს.ე – ტ. VII.)

შენობა მთლიანად დანგრეულია, რის გამოც ის ტერიტორია უსწორმასწოროა და ეკალ-ბარდითა და გვიმრითაა მოსილი. ყოფილი ტაძრიდან დღემდე მოღწეულია მხოლოდ და მხოლოდ საძირკველი

ჭანისწყლის მარცხენა ნაპირეთში, ჯაღრის ტერიტორიაზე, მდინარესთან ახლოს, მაღალ ქედზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ჯაღრის ციხის ნანგრევები. პარმენ ზაქარაიამ ციხე XVI-XVII საუკუნეებით დაათარიღა, ხოლო პ. ცხადაიას ძეგლის აშენების პერიოდად XV-XVI საუკუნეები აქვს მიჩნეული.

ცნობილი ადამიანები

სოფელში დაიბადა ქართველი მწერალი ლეო ქიაჩელი და კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია.


წყარო

ობუჯი, ქიაჩი, სამაჩანულ-გიორგეთი : ნარკვევები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები