აკუსილაე არგოსელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკუსილაე არგოსელი – ბერძენ ლოგოგრაფოსთა უფროსი თაობის წარმომადგენელი. გადმოცემით იგი იყო ქალაქ არგოსიდან, მაგრამ რომელი არგოსიდან დადგენილი არ არის. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ იგი პელოპონესის ცნობილ ქალაქ არგოსიდან იყო, ხოლო სვიდას ლექსიკონით – ბეოტიის არგოსიდან.

აკუსილაეს ბიოგრაფია ჩვენთვის ზუსტად არ არის ცნობილი. მეცნიერთა ნაწილი აკუსილაეს ცხოვრების ხანად ძვ. წ. VI. ს. მეორე და მესამე მეოთხედს მიიჩნევს (575-525 წწ.), სხვები, მას თვლიან ძვ. წ. V ს. მწერლად.

აკუსილაეს ნაშრომებიდან მოღწეულია სულ 31 მცირე ფრაგმენტი, ამიტომ სრული წარმოდგენის შექმნა მის ნაწარმოებთა რაობაზე მეტად ძნელია. აკუსილაე მჭიდროდ არის დაკავშირებული ეპოსთან, აქედან იღებს მთლიანად თავის თემატიკას, ოღონდ მას აძლევს პროზაულ–ისტორიულ სახეს. განსაკუთრებით ეტყობა ჰესიოდეს ეპიკური პოემების გავლენა. ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტებიდან ირკვევა, რომ აკუსილაეს ნაშრომი გენეალოგიურ-მითოლოგიურ ნაწარმოებს წარმოადგენდა რომელშიაც მითური გადმოცემები აღიარებული იყო, როგორც ჭეშმარიტი ისტორიული ფაქტები. აკუსილაე თავის თხრობას ქვეყნის შექმნიდან იწყებდა. მისი წარმოდგენით, ჯერ ქაოსი იშვა, შემდეგ მიწა და მერე ეროსი. რა დრომდე მოაქვს აკუსილაეს ამბების გადმოცემა, ძნელი დასადგენია. სავარაუდოა, რომ მისი ნაწარმოები ტროას ომის ამბებით და ომის მონაწილეთა სამშობლოში დაბრუნებით წყდებოდა.

როგორც ერთ-ერთი შემორჩენილი ფრაგმენტიდან ირკვევა, სხვა მითებთან ერთად აკუსილაეს დამუშავებული ჰქონია თქმულება „არგონავტების შესახებ“.


წყარო

ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები