ალბორაია
ალბორაია – (Alboraya, Алборайя), ზღვისპირა ქალაქი, კლიმატო-პელოიდური კურორტი აღმოსავლეთ ესპანეთში, ვალენსიის ოლქის ვალენსიის პროვინციაში, უერტა ნორტეს რაიონში, ქ. ვალენსიიდან 3კმ-ში, ჩრდილოეთით და ქ. ალიკანტედან 140 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ვალენსიის ყურის ნაპირზე, ზღვის დონიდან 5 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე.
ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია და ხანმოკლე. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 10°С. ზაფხული ცხელია, ხანგრძლივი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 28,3°С. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 500 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომაზე (180 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (40მმ).
მცენარეული საფარი – ალბორაიას და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: ვენახები, ხეხილის ბაღები (ატამი, გარგარი, ვაშლი და სხვ.), ციტრუსების (ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი) და თამბაქოს პლანტაციები. კურორტზე, აგრეთვე, გვხვდება: პალმები, კვიპაროსები, ფიჭვი და მუხა. კურორტის მიდამოებში, კულტურული მცენარეების გარდა, გავრცელებულია: მაკვისისა (ხემარწყვა, დანამასტაკი, ძახველი, წყავმაზა, ესპანური კურდღლისცოცხა, ხისებრი მანანა, წითელი ღვია და სხვ.) და გარიგის ტიპის (ქონდარა პალმა და ხეშეშფოთოლა ქერმესის მუხა) მცენარეულობა, ეკლიანი ურაშა, ეკლიანი რძიანა, გლერძი და სხვ.
ალბორაიას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი; ლამის სულფიდური სამკურნალო ტალახი, რომელიც მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის ვალენსიის ყურეში.
ალბორაიას სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.); სამკურნალო ტალახის პროცედურები (აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები).
თალასოთერაპიის პროცედურები ტარდება ვალენსიაში, ხმელთაშუა ზღვის ვალენსიის ყურის სანაპიროზე. ალბორაიას ვალენსიასთან აკავშირებს მეტრო.
ჩვენებები ალბორაიაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლის ფუნქციური დარღვევები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიები.
ტურისტული ობიექტები:
ქ. ალბორაიასა და მის მიდამოებში (ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის რომაულ-კათოლიკური სამწყსო (XIII საუკუნე); XIV-XX საუკუნეებში აშენებული რომაულ-კათოლიკური სამლოცველოები – ხის თევზის სასწაულის სახელობის, სან-კრისტობალის სახელობის, წმიდა ბარბარეს სახელობის, ქრისტე დე ვილანოვას ანუ იესო ქრისტეს სულის სახელობის, წმიდა ანდრეასის ანუ იესო ქრისტეს უწმინდესი გულის სახელობის და სხვ.; მავრიტანული ბაღი და სხვ.);
ქ. ვალენსიაში (ვალენსიის საკათედრო რომაულ-კათოლიკური ტაძარი (XIII–XVIII საუკუნეები) აჟურული სამრეკლოთი (XIV-XV საუკუნეები); რომაულ-კათოლიკური მონასტრები – ყოვლადწმიდა სამების სახელობის (მეფის) (XIII საუკუნე) და წმიდა დომინგოს სახელობის (დომინიკელთა) (XIII საუკუნე); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – სან-ხუან-დელოსპიტალის სახელობის (1238-1261 წლები), სან-მარტინოს სახელობის (1238 წელი), სან-ხუან-დელ-მარკეტის სახელობის (1245-1592 წლები), წმიდა კატალინას სახელობის (XIII საუკუნე), სან-აგუსტინის სახელობის (XV საუკუნე), სან-ხუანდე-ლა-კრუზის სახელობის (XVI საუკუნე), სანტო-ტომეს და სან-ფელიპე ნერის სახელობის (1725 წელი), სანტა-დომინგოს სახელობის (XVIII საუკუნე), სანტანინიოს (წმიდა ნიკოლოზის) სახელობის (1871 წელი), სან-ლუის-ბელტრანის სახელობის (1908 წელი) და სხვ.; სინაგოგა (XIX საუკუნის II ნახევარი); ვალენსიის ჭიშკრები – ტორეს დე სერანოსი (1238 წელი) და ტორეს დე კუარტე (XV საუკუნე); აბრეშუმით ვაჭრობის ბირჟა (La Concha) (1482-1492 წლები); აბრეშუმის დიდი ხელოვნების კოლეჯი (1756 წელი); სასახლეები – ტაძრის (XIV საუკუნე), ბენიკარლოს (XV საუკუნე), გენერალიტეტის (XV საუკუნე), მარკიზ დე-ლა-სკალას (XV საუკუნე), ბატლიას (XV-XVI საუკუნეები), დე-ლოს ცენტელესის (XVIII საუკუნე), ვალენსიის კონგრესების (XX საუკუნე), იუსტიციის (XX საუკუნე), ხელოვნების (XX საუკუნე) და სხვ.; მეფის ბაღები (XI საუკუნე); მეფის ვერფები (XIV საუკუნე); უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელობის კოლეჯი (მეფის) (1583 წელი); მუზეუმები – ვალენსიის, ხელოვნების, კერამიკის ნაციონალური, კორიდის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ძველი ისტორიისა და არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, უფლისწულ ფილიპეს მეცნიერების, მედიცინის ისტორიის, ფალერას, საკათედრო ეპარქიული და სხვ.; ვალენსიის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტი; გალერეები – თანამედროვე ხელოვნების, „კედელი“, ლუის ადელანტადოს, პალაუ და სხვ.; სახლ-მუზეუმები – ბლანკო იბანიესისა და ხოსე ბენლიურესის; XX საუკუნის შენობების კომპლექსი – ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი, რომელშიც წარმოდგენილია პლანეტარიუმი, სტერეოკინოთეატრი „Inmax“ და ლაზერული პროექცია „Laserium“, ორანჟერეა, დედოფალ სოფიოს სახელობის ხელოვნების სასახლე, მუსიკის სასახლე და სხვ; თეატრი „პრინცესა“ (1853 წელი), ბოტანიკური ბაღი (1567 წელი); ოკეანოგრაფიული პარკი; ზოოპარკი და სხვ.).