ალდრანსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტი ალდრანსი

ალდრანსი – (ინგლ. Aldrans, რუს. Альдранс), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი დასავლეთ ავსტრიაში, ტიროლში, ქ. ინსბრუკის სამხრეთი გარეუბანი. მდებარეობს ზღვის დონიდან 760 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი – ზომიერად ცივი. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1,4°C. ზაფხული გრილია, ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18,6°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,1°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 906 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (355 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (142 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა ივლისი (129 მმ), ყველაზე მშრალი – თებერვალი (42 მმ).

მცენარეული საფარი – ალდრანსისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: მუხა, რცხილა, იფანი, წიფელი და ნაძვი. კურორტის მიდამოებში გვხვდება აგრეთვე მაღალი მთის საძოვრები – ალმები.

ალდრანსის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ალდრანსის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ალდრანსში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგურაობა, ციგაობა და სხვ.; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ალდრანსისთვის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი უახლოესი ტურისტული ობიექტები მდებარეობს ქ. ინსბრუკსა და მის მიდამოებში (რომაულ-კათოლიკური რელიგიური დაწესებულებები – წმიდა იაკობის სახელობის საკათედრო ტაძარი (აშენდა 1717-1724 წლებში, მნიშვნელოვნად დაზიანდა დაბომბვის შედეგად II მსოფლიო ომის დროს, რესტავრაცია ჩაუტარდა XX საუკუნის 80-90-იან წლებში), პრემონსტრატენის სააბატო (1138 წელი) ეკლესიით (1660 წელი), ფრანცისკელთა მონასტერი (1553 წელი) და მეფის ეკლესია – ჰოფკირხე (1553-1563 წლები) ამ მონასტრის ტერიტორიაზე, წმიდა იოჰანესის სახელობის ეკლესია (1728-1750 წლები), იეზუიტების ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (აშენებული იყო 1619 წელს, მაგრამ მისი მოპირკეთება დასრულდა 1901 წელს), ვილტენის ბაზილიკა (1755 წელი) და სხვ.; რატუშის შენობა (1450 წელი); ჰოფბურგის სასახლე (აშენებული იყო 1453 წელს, გადაკეთდა 1755 წელს) და სასახლის ბაღი (XV საუკუნე); ოტობურგის კოშკი (1494-1495 წლები); ლოჯია „ოქროს სახურავი“ (1500 წელი); ციხე-დარბაზი ამბრასი (XVI საუკუნე); უნივერსიტეტის შენობა (XVII საუკუნე); ლეოპოლდის შადრევანი (XVII საუკუნე); წმიდა ანას სვეტი (1703 წელი); ტრიუმფალური ჭიშკარი (1744 წელი); ძველი აგარაკი (1725-1728 წლები); მუზეუმები – ფერდინანდეუმი (1823 წელი), ტიროლის ხალხური ხელოვნების, ტიროლის მხარეთმცოდნეობის, კაიზე-რის ნადირობის, ტიროლის პანორამის, სვაროვსკისა და ვატენსეს კრისტალების, მაქსიმილიანეუმი, ანატომიის, ალპინისტური კლუბის და სხვ.; გროსმაიერის ზარების სახელოსნო-მუზეუმი (XVIII საუკუნე); ინსბრუკის სამხატვრო დარბაზი; ავგუსტინის გალერეა; ბერგისელი – ძეგლთა კომპლექსი; პლატნერის მემორი-ალი; რკინიგზა ხან-გერბურგბახი _ ნორდ-კეტენბახი (1906 წელი), რომელიც მიდის ზღვის დონიდან 2300 მ-ის სიმაღლეზე მდებარე სადგურ ჰაფელეკარში; ბოტანიკური ბაღი (1911 წელი); ალპური ზოოპარკი (Alpenzoo) და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები