ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე)
ალექსანდრე ეპისკოპოსი [ოქროპირიძე, ალექსი დავითის ძე] (1824 – 9 ნოემბერი, 1907) – მისიონერი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. ნათლობის სახელად ალექსი უწოდეს.
სარჩევი |
ბიოგრაფია
მამა მისი დავით ოქროპირიძე გორის მაზრის მღვდელი იყო. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, მაშინვე ბერად შედგა ალექსანდრეს სახელით, მალე დიაკვნად ეკურთხა და ყაზანის სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა. სწავლის დამთავრების შემდეგ (1850), მღვდელმონაზონად იქნა ხელდასხმული. მსახურობდა ქართლში, იმერეთში, გურია-სამეგრელოსა და აფხაზეთში – ჯერ მასწავლებლად, შემდეგ – იღუმენად, არქიმანდრიტად, მღვდელმთავრად. აფხაზეთის მკვიდრთა შორის ქრისტიანობას ავრცელებდა.
1862 წელს ეპისკოპოსად აკურთხეს; 1869-1882 და 1886-1898 წწ. ქართლ-კახეთის ეპარქიის ქორეპისკოპოსის [გორის ეპისკოპოსის] თანამდებობას ასრულებდა; 1882-1885 წწ. გურიის ეპარქიას მართავდა; 1899 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსობა ებოძა.
ალექსანდრე ეპისკოპოსი თავგამოდებით იცავდა ქართულ ენას, რომელიც მე-19 საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს სასულიერო უწყების სასწავლებლებში ყოველ პატივს მოკლებული იყო (სავალდებულო საგნად არ ითვლებოდა). ქართული ენის ასეთი უნუგეშო ყოფის შესახებ პეტერბურგიდან ჩამოსულ რევიზორებს მუდამ მოხსენებას უდგენდა. ბოლოს, იონიკე ექსარხოსის დროს, ქართული ენა და ქართული გალობა მოწაფეთათვის სავალდებულო საგნებად ცნეს. სამეგრელოს სამრევლო სკოლებში ქართული ენის ბუნებრივი უფლებანი დიდი გაბედულებით დაიცვა, მაგრამ თვითონ იძულებული ჰყვეს, ეპარქიისთვის თავი დაენებებინა. ამის შემდეგ შიო მღვიმელის სავანეში დაბინავდა.
1884 წელს ლაპარაკი დაიწყეს ქართული გალობის ნოტებზე გადატანაზე, მაგრამ ამის შემსრულებელი არავინ იყო. ამ დროს ალექსანდრე ეპისკოპოსი გურიიდან თბილისში ჩამოვიდა. იგი, 1884 წლის პირველ ოქტომბერს, კომპოზიტორ იპოლიტოვ-ივანოვს პირობით შეეკრა 400-500 საგალობლის ნოტებზე გადატანაზე, რაშიც საკუთარი ჯიბიდან 2000 მანეთი ოქროთი გადასცა.
ალექსანდრე მეტად მარტივ ცხოვრებას მისდევდა. ცნობილი იყო როგორც ხელმოჭერილი, ძუნწი: თუ ვისთანმე სადილად არ იყო მიწვეული, ორი დღის საჭმელ ლობიოს ერთხელ ახარშვინებდა, შეშა ნაკლები წავაო, ხოლო ამგვარად დაზოგილ ყოველ კაპიკს, მთელ თავის მონაგარს, საქვეყნო საქმეებზე ხარჯავდა: მისი საყვარელი საზრუნავი იყო სამშობლო, მწიგნობრობა და მშობლიური ეკლესია, ამ ეკლესიის სახუროთმოძღვრებო ნაშთების აღდგენა-დაცვა. განაახლა:
- 1) შიო მღვიმის მონასტერი – აღადგინა და ძვირფასი მხატვრობით შეამკო შიო მღვიმელის საფლავის ეკლესია და დავით აღმაშენებლის მიერ აგებული ტაძარი; მტკვრის პირას, მონასტრის მამულში გააშენა ჩინებული ზვარი, მონასტრის ძმათათვის ააშენა საცხოვრებელი ბინები და დიდძალი თანხა უანდერძა მონასტრებს;
- 2) ზედაზნის;
- 3) ჯვარისა და
- 4) დავით გარეჯელის მონასტრები. ზედაზენს თანხაც უანდერძა.
ძველი ხელნაწერების გამოსაცემად საეკლესიო მუზეუმს 2200 მან. ოქროთი შესწირა (ამ თანხით გამოიცა ათონის ხელნაწერის 1074 წლის ტექსტი, ცხოვრება იოანესი და ექვთიმესი).
ალექსანდრემ მარტივი, პირდაპირი და მოურიდებელი ქადაგება იცოდა.
ერთი ქართველი სამხედრო პირის, ერთ დროს ხელმწიფის ყოფილი მოადგილის ცხედარს ეკლესიაში შესულმა ალექსანდრემ მიმართა: „კაცო, კაცო! დიდი შეძლების პატრონი იყავ, დიდი სახელიც გქონდა, მაგრამ ერთი უბედურება გჭირდა: შენი ქვეყნისა და ერისაკენ მცირედ გეჭირა თვალი, ქართველთა გაჭირვებას ყურადღებას არ აქცევდი... იქ, წინაპრებმა, რომ გკითხონ, ქვეყანას რა არგე, რა უნდა უპასუხოთ. სიტყვით მამულიშვილობა არაფერია, საჭიროა თვალსაჩინო, სასარგებლო საქმე“-ო.
ივანე კერესელიძის დაკრძალვაზე წარმოთქვა: „საკვირველია ქართველების საქმე: ცოცხალს მშიერს ვკლავთ და როცა მოკვდება, მაშინ კი ვგლოვობთ. დროა, გავახილოთ თვალები, შევიგნოთ ჩვენი მოვალეობა, ვუშველოთ ჩვენს თავს და ჩვენს ერს საქმე ვუკეთოთ. მარტო წერა, ბეჭდვა და ლაპარაკი არა კმარა, ვისაც როგორ შეგეძლოთ, საქმით ემსახურეთ ქვეყანას, თორემ დავიღუპებით, აღვიგვებით“.
ალექსანდრე ეპისკოპოსმა თბილისის სასულიერო სემინარიასა და საეპარქიო საქალებო და სავაჟო სასულიერო სასწავლებლებში რამდენიმე სტიპენდია დანიშნა.
1902 წლის 4 მარტს, ქ. ფოთში მისი სამღვდელმთავრო მოღვაწეობის იუბილე გადაიხადეს. ამ იუბილეს ილია ჭავჭავაძე ესწრებოდა. მან ასე დაახასიათა ალექსანდრე: „სხვამ რაც უნდა, სთქვას და ჩემის ფიქრით კი, კაცი ის არის, ვისაც გულითადი რწმენა რისამე აქვს, ქვეყნის საკეთილდღეოდ მის მიერ აღსარებული და იმ რწმენას ემსახურება თავდადებით. თქვენ გწამთ, რომ ადამიანის მხსნელი, მისი ხელძღვანელი და გამწმენდელი მისი სჯული და სარწმუნოებაა და ამ გზაზე ღვაწლმოსილობისათვის არა დაგიზოგიათრა... თქვენის ცხოვრების წმიდათა-წმიდა ორი დიდი საგანია: ერთი - ღმერთი და მეორე - თქვენი სამშობლო ქვეყანა: ღმერთს ღვთისას აძლევთ და ქვეყანას - ქვეყნისას და ორსავე ემსახურებოდით ერთმანეთის დაუსაკლისად, გულმხურვალებით და სიყვარულით; ერთი წუთიც არ ვიცით თქვენი სიცოცხლისა, რომ ცხოველმყოფელი შუქი ამ ორკეცი სიყვარულისა არ მოფენოდეს თითოეულს თქვენს საქმეს“.
ალექსანდრე ეპისკოპოსი გარდაიცვალა 1907 წლის ნოემბრის 9/22-ს (ზოგან შეცდომით ნახსენებია 1908 წ.). დაკრძალულია მის მიერვე განახლებულ შიომღვიმის ტაძარში. მისმა მემკვიდრემ, პიროს არქიმანდრიტმა, ალექსანდრე ეპისკოპოსის გამოცემები, მოპოვებული ხელნაწერები და სხვ. 1913 წელს საეკლესიო მუზეუმს შესწირა.
საკუთარი თანხით დასტამბა
- ქადაგებანი და მოძღვრებანი / თქმული ამბროსი ნეკრესელ ეპისკოპოსის მიერ. – თბ., 1881. – II, VI, 313, II გვ.;
- ქართული ლექსიკონი / შედგენილი საბა-სულხან ორბელიანისაგან. – თბ., 1884. – XXIX, 411 გვ.;
- ხმა ცოდვილისა ღმრთისადმი: [პოემა] / თქმული თ-დი გ. ავალიშვილისაგან. – თბ., 1884. – [4], 76, VII გვ.;
- ქართული ღრამმატიკა / შედგენილი ანტონ I-ის მიერ. – თბ., 1885. – II, 298 გვ.;
- ანტონ პირველი. მზა-მეტყველება, ქმნილი ანტონი I საქართველოს კათალიკოზისაგან. – ტფ., 1892. – [660] გვ.;
- ჟორდანია, თედო. ისტორიული საბუთები შიო მღვიმის მონასტრისა და „ძეგლი“ ვაჰხანის ქვაბთა. – თბ., 1896. – VIII, 90 გვ.; 106
- ქართული გალობა (ქართლ-კახური კილოთი): (ლიტურღია): წმ. იოანე ოქროპირის წირვის წესი, თვით ალექსანდრე ეპისკოპოსის თაოსნობით და ნივთიერი ხარჯით მ. მ. იპოლიტოვ-ივანოვის მიერ ნოტებზე გადაღებული. – თბ., 1899. – VI, 55 გვ. [ეს გალობა თვით ალექსანდრე ეპისკოპოსის თაოსნობით შეიკრიბა და გამოიცა, რომ სრულიად არ გამქრალიყო];
- კარბელაშვილი, პოლიეკვტოს. იერარქია საქართველოს ეკლესიისა: კათალიკოსნი და მღვდელმთავარნი / შედგენილი მღ. პ. კარბელაშვილის მიერ]. – თბ., 1900. – 212 გვ.;
- ჟორდანია, თედო. ქართლ-კახეთის მონასტრების და ეკლესიების ისტორიული საბუთები / შეკრებილი თ. ჟორდანიას მიერ. – ფოთი, 1903. – XXIX, 272 გვ.
გამოცემულია
- შესხმა, წარმოთქმული ახალციხის ღუთის-მშობლის მიძინების სობოროში, გორის ეპისკოპოს ალექსანდრესაგან. ახალციხის დეკანოზისა და ბლაღოჩინის გიორგი გამრეკელოვისადმი, შემთხვევისა გამო ორმოცდა ათი წლის მისი სამსახურისა. 1881 წელსა აგვისტოს 26 დღესა. – [ტფ., 1881]. – 7 გვ.;
გამოქვეყნებულია
- ქართული ეკლესიური გალობის საქმე // დროება. – 1881. – № 111, 130, 137, 138, 145;
- ნ. ბარათაშვილის ნეშთის დასაფლავება // კვალი. – 1893. – № 18.
მის შესახებ
- გურიიდამ: (წერილი რედაქციისადმი) // მწყემსი. – 1884. – N13. – გვ. 6-7;
- კიდევ ქართული საეკლესიო გალობის აღდგინებისა გამო // მწყემსი. – 1884. – №20. – გვ. 1-2;
- ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის... // თეატრი. – 1886. – №13. – გვ. 136-137;
- ადრესები – I, II: გორის საზოგადოებისაგან მირთმეული ყოვლად სამღვდელო ალექსანდრესადმი 3 მარტს, 1887 წ. მათი ყოვ. უსამღვდელოესობის ოცდახუთი წლის სამსახურის დღესასწაულობისა გამო // მწყემსი. – 1887. – №15. – გვ. 11-13;
- ალექსანდრე ეპისკოპოსი: [ბიოგრაფია] // საქართველოს კალენდარი. – 1894. – გვ. 451-453 ;
- ნებოძირელი: [ილ. ფერაძე]. ყოვლად უსამღვდელოესი ალექსანდრე. – ტფ.: ცნობის ფურცლის გამოცემა № 2, 1898. – 16 გვ.;
- ჭიჭინაძე, ზ. – ა) გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე: ბიოგრაფიული და სხვა წერილები. – ტფ., 1903. – 64 გვ.; ბ) სიტყვები და წერილები ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეზე. – თფ., 1908. – 119 გვ.
გამოყენებული ლიტერატურა
- ივერია. – 1878. – № 1. – გვ. 1-2; 1886. – №276. – გვ. 2; 1887. – № 38. – გვ. 2; № 55. – გვ. 2;
- ქართლის გალობის მოყვარე – ქართლ-კახეთის საეკლესიო გალობა // ივერია. – 1887. – № 64. – გვ. 3;
- კვალი. – 1893. – № 18. – გვ. 3, 6;
- გუნია, ვ. საქართველოს კალენდარი. – 1894. – გვ. 451-453; 1903. – გვ. 478;
- კვალი. – 1895. – № 30, 31;
- ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსი ალექსანდრე // მწყემსი. – 1895. – № 13. – გვ. 9; №31. – გვ. 1-3;
- ალექსანდრე ეპისკოპოსის 35 წლის იუბილეის გამო // მწყემსი. – 1897. – №9-10. – გვ. 5-7; კვალი. – 1897. – №20. – გვ. 381;
- ცნობის ფურცელი. – 1897. – № 155, 174, 183, 192; 1902. – № 1741 და მისი სურ. დამატება № 30, გაზ. № 1745;
- სალარო ცოდნისა: რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი / ივ. როსტომაშვილის რედაქციით. – წ. 1. – ტფ., 1898. – გვ. 75;
- ს. გ. შიო მღვიმელი და მისი განმაახლებელნი // ივერია. – 1904. – № 151;
- ალექსანდრე ეპისკოპოსის... // მწყემსი. – 1907. – №21. – გვ. 14;
- ალექსანდრე ეპისკოპოსის დაკრძალვა // ისარი. – 1907. – 16 ნოემბერი. – №253. – გვ. 3; 17 ნოემბერი. – №254. – გვ. 3;
- მხცოვანი მღვდელთმთავარი ალექსანდრე ეპისკოპოსი // ნიშადური. – 1907. – № 14. – გვ. 4;
- ძველი საქართველო: საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებული / ე. თაყაიშვილის რედაქტორობით. – ტ. 1. – ტფ., 1909. – 533 გვ.;
- თეატრი და ცხოვრება. – 1916. – № 25;
- ქართული წიგნი: ბიბლიოგრაფია. – ტ. I: 1629-1920. – თბ., 1941. – გვ. 469, 483;
- ზუგდიდის მუზეუმის შრომები. – I. – 1947. – გვ.: 226, 283.
იხილე აგრეთვე
ალექსანდრე ოქროპირიძე (ეპისკოპოსი)