ალექსეევკა (სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ალექსეევკა – (იმგლ. Aleqseevka, რუს. Алексеевка), სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კლიმატური საკურორტო ადგილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქ. თეთრიწყაროდან 13 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ასლანკის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1180 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი
დამტკიცებულია, როგორც საკურორტო ადგილი, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის № 655 ბრძანებულებით.
ჰავა – შუა მთის ქვედა სარტყლის, ზომიერად ნოტიო. იცის ზომიერად ცივი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1,9°C. ზაფხული ხანგრძლივია და ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 19.5°C. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 8,6°C, საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 71%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 704 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისზე, ხოლო მინიმუმი – დეკემბერზე.
მცენარეული საფარი – ალექსეევკის მიდამოები დაფარულია მუხისა და რცხილის ტყეებით. ასევე იზრდება: იფანი, ნეკერჩხალი, პანტა და მაჟალო. ბევრია: შინდი, თხილი, ზღმარტლი, კუნელი, ასკილი და სხვ.
ალექსეევკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ალექსეევკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიურ კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ალექსეევკაში წასასვლელად:დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
ტურისტული ობიექტები:
საკურორტო ადგილ ალექსეევკასთვის უახლოესი ტურისტული ობიექტები მდებარეობს მის მიდამოებში – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (სამშვილდის ნაქალაქარი (აშენდა ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანებში და იარსება XVIII საუკუნემდე);
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები – გუდარეხის (XIII საუკუნე), დიდი თონეთის სამების სახელობის (XXI საუკუნეები), დიდი კლდეისის (XI საუკუნე), მანგლისის (VI-VII საუკუნეები), ფიტარეთის გუმბათოვანი (1213-1222 წლები), წინწყაროს დედაღვთის სახელობის (VIII-IX საუკუნეები), მანგლისის ციკლოპური ტიპის მოედანი (უძველესი ხანა და ადრინდელი შუა საუკუნეები); სასახლე ტბის მიდამოებში (შუა საუკუნეები); ფარცხისის ციხე-დარბაზი (X-XI საუკუნეები) და სხვ.).