ალპები
ალპის მთები – (კელტ. alp – მაღალი მთა; გერმ. Alpen; ფრანგ. Alpes; იტალ. Alpi), უმაღლესი მთათა სისტემა ევროპაში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან (გენუის უბე) შუა დუნაის დაბლობამდე, ავსტრიის, გერმანიის, იტალიის, ლიხტენშტეინის, საფრანგეთის, სლოვენიის, უნგრეთის, შვეიცარიისა და ხორვატიის ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 1200 კმ-ია, სიგანე – 50-260 კმ, ფართობი დაახლოებით 220 ათ. კმ2-ია. უმაღლესი მწვერვალი მონბლანი (4807 მ). ალპები ბოდენზეესა და კომოს ტბებზე გამავალი ტრანსალპური რღვევების ზონით იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ალპებად.
დასავლეთ ალპებოს ღერძული ზონა შედგება ზღვისპირა, კოტის, გრაის, სავოიის, პენინის, ლეფონტინის, ბერნის, გლარნის ალპებისაგან. პელვუს, მონბლანისა და სხვა მასივებისაგან განაპირა ზონას ქმნის საფრანგეთის კირქვიანი ალპები და შვეიცარიის წინაალპები. აღმოსავლეთი ალპები დასავლეთისაზე დაბალი და განიერია, მისი მაღალმთიანი ზონა შედგება რეტის, ეცტალისა და ცილერტალის ალპებისაგან, მაღალი და დაბალი ტაუერნისაგან. ღერძული ზონის ქედებს როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთით აკრავს სხვადასხვა სიდიდისა და მიმართულების კირქვიანი ქედები.
ალპების ქედები ერთმანეთისაგან გამოყოფილია გასწვრივი და განივი ღრმა ხეობებით, რომელთა დამაკავშირებელი უღელტეხილებიდან აღსანიშნავია: სიმპლონის (2005 მ), სენ-გოტარდის (2018 მ), ბრენერის (1371 მ), მონ-სენის (2083 მ), მადალენას (1996 მ) და დიდი სენ-ბერნარისა (2469 მ).
სარჩევი |
რელიეფი
ალპების სიმაღლე და რელიეფის თანამედოვე ხასიათი განპირობებულია მიოცენსა და ნეოგენ-ანთროპოგენულ პერიოდში დიფერენციალური ვერტიკალური მოძრაობით, რომლის ამპლიტუდა 100 მ-დან 5000 მ-დეა. ამ მოძრაობათა შედეგად გაძლიერდა ეროზია, შეიცვალა მდინარეთა ქსელი, გართულდა ქედებისა და ხეობების მორფოლოგია. პლეისტოცენში რელიეფის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მრავალჯერადი გამყინვარება, რომელმაც ალპების დიდი ნაწილი მოიცვა. გამყინვარებათაშორის ეპოქებში მძლავრ მყინვარულ ნაკადთა მოქმედებას ენაცვლებოდა მდინარეთა გაძლიერებული ეროზია. გამყინვარების დიდი ზემოქმედება განიცადა საფრანგეთის იმ ნაწილის, იტალიის და შვეიცარიის ალპებმა, სადაც მთები უფრო მაღალია და ატმოსფერული ნალექებიც უხვად მოდის. აღმოსავლეთ ალპებში მყინვარების მოქმედება შედარებით ნაკლები იყო, ხოლო საფრანგეთის ალპების უკიდურეს სამხრეთ რაიონებს გამყინვარება სრულიად არ შეხებია. გამყინვარების შედეგად ალპების მაღალმთიან ზონაში ჩამოყალიბდა მკვეთრად დანაწევრებული ალპური რელიეფი (მრავალი ცირკი, მახვილი, დაკბილული თხემი, ტროგული ხეობა, დაკიდებული ხეობა და სხვ.). კირქვიანი რაიონებისათვის დამახასიათებელია ციცაბოფერდობებიანი ქედები და კლდოვანმწვერვალებიანი მასივები, რელიეფის კარსტული ფორმები. ფლიშურ და განაპირა მოლასურ ქედებს კი რელიეფის რბილი ფორმები აქვს.
ჰავა
ალების ჰავა გამოირჩევა საერთო მნიშვნელოვანი ტენიანობითა და სიმაღლის მიხედვით ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობით. წლიური და თვიური ტემპერატურა უფრო მაღალია ზღვისპირა ალპების სამხრეთ ფერდობებზე. 0°C-იანი წლიური იზოთერმა აქ დაახლოებით 2000 მ სიმაღლეზე გადის, ხოლო ივლისის 0°C იზოთერმა – დაახლოებით 3500 მ-ის სიმაღლეზე. ნალექების მაქსიმუმი მოდის ჩრდილოეთ წინაალპებსა და განაპირა ქედების ღერძულ ზონაში (1500-2500 მმ, ზოგან 4000 მმ-მდე წელიწადში), ნალექების მინიმუმი (500-800 მმ წელიწადში) – შიდა ხეობებსა და ქვაბულებში. ნალექების მაქსიმუმი ყველგან ზაფხულში მოდის.
თანამედროვე გამყინვარების ფართობი 4140 კმ2-ია, აქედან 2690 კმ2-მდე დასავლეთ ალპებზე მოდის. ყველაზე დიდია ალეჩის მყინვარი. ზოგი მყინვარის ენა 1400-1100 მ-მდე ეშვება.
მდინარეები და ტბები
ალპები დასავლეთ ევროპის მთავარი ჰიდროგრაფიული კვანძია. ალპების მდინარეები განეკუთვნება ჩრდილოეთის ზღვის (რაინი შენაკადებიანად), შავი ზღვის (დუნაი და მისი მარჯვენა შენაკადები – ილერი, ლეხი, ინი, ენსი, დრავის ზემო დინება), ადრიატიკის ზღვის (ადიჯე, პო მარცხ. შენაკადებით), ლიგურიის ზღვისა და ლიონის ყურის (რონა მარცხენა შენაკადიანად) აუზებს. მდინარეები ჩქარია და წყალუხვი. უმთავრესად საზრდოობენ მყინვარებისა და თოვლის, აგრეთვე, წვიმის წყლით. წყლის მაქსიმუმი მდინარეებზე გაზაფხულზე, ზაფხულის I ნახევარსა და შემოდგომაზე მოდის. მთისწინეთის ზოლშია მთავარი ტბები: ჟენევის, თუნის, ბრიენცის, ფირვალდშეტის, ბოდენზეეს, ლაგო-მაჯორეს, ლუგანოს, კომოს, გარდისა და სხვ.
ლანდშაფტის ტიპები
ალპებში გამოიყოფა 5 ლანდშაფტური სარტყელი. პირველი მოიცავს ალპების მთისწინეთსა და ძირითადი ქედების ფერდობებს 800-900 მ სიმაღლემდე. აქ უმეტესწილად დამრეცი ფერდობები და ფართო ხეობებია; ჰავა ზომიერად თბილია (სამხრეთით). ჭარბობს წიფლისა და მუხის ტყე. ჩრდილოეთ რაიონებში, სადაც ნიადაგი შედარებით ნოტიოა, ჭარბობს ნაძვისა და სოჭის ტყის მასივები. შუა დუნაის დაბლობისაკენ მიქცეულ მშრალ ფერდობებზე კი მუხა და ფიჭვი ჭარბობს. აქა-იქ გვხვდება გაველიანებული მდელობი, რომლებიც ლანდშაფტს ტყე-ველის იერს აძლევს. საფრანგეთისა და იტალიის ალპების სამხრეთ ნაწილის ლანდშაფტები ხმელთაშუა ზღვის ლანდშაფტს ემსგავსება. ტყეები უფრო მეჩხერია, ბევრია წაბლი, ზოგან ალეპოს ფიჭვი, არის ქსეროფიტული ბუჩქნარი – გარიგა. გვხვდება ყომრალი და მთის ყავისფერი ნიადაგი (ტიპური კარბონატული). ალპების ქვედა ზონა ყველაზე უფრო ათვისებულია. ხეობებში თავმოყრილია უმთავრესი დასახლებანი და სამრეწველო საწარმოები. ამ სარტყლის ზონაში განლაგებულია ისეთი ცნობილი კურორტები, როგორიცაა ბლედი (Bled), გარმიშ-პარტენკირხენი (Garmich-Patenkirchen), გრასი (Grasse), ლუგანო (Lugano), მერანო (Merano), სანქტ-ვოლფგანგი (Sankt Wolfgang im Salzkammergut), სანქტლეონჰარდი (ბად-სანქტ-ლეონჰარდი) (Bad Sankt Leonhard im Lavattal) და სხვ.
მეორე სარტყელში (ზღვის დონიდან 900-1900 მ-ის სიმაღლეზე) რელიეფი უფრო ინტენსიურად და ღრმად არის დანაწევრებული, ხეობის კალთები და მთის ფერდობები ციცაბოა. გავრცელებულია მორენები. ჰავა ზომიერი და ზომიერად ცივია, მაღალია ატმოსფერული სინოტივე. ზამთარი ხანგრძლივია, თოვლიანი, იცის ძლიერი ქარი. ზღვის დონიდან 1200 მ-მდე სიმაღლეზე უმეტესად მუხის, ნეკერჩხლისა და წიფლის ტყეებია. უფრო მაღალ და უფრო ნოტიო რაიონებში გავრცელებულია მუქწიწვიანი ტყე (ნაძვი, სოჭი), ხოლო უფრო მშრალ რაიონებში – ფიჭვი, ევროპული კედარი, ლარიქსი.
ფაუნა
შველი, შუაევროპული ირემი, გარეული ღორი, მტაცებლებიდან – მგელი, მელა, გარეული კატა, ქრცვინი, კვერნა, ყარყუმი, დედოფალა; იშვიათად გვხვდება: რუხი დათვი, ფოცხვერი. მღრღნელებიდან გავრცელებულია: ციყვი, რუხი და თეთრი კურდღელი, ძილგუდები, თაგვისნაირი ცხოველები; ფრინველებიდან კი – ყვავი, კოდალა, წიწკანა, როჭო, ტყის ქათამი, მეთხილია, სტვენია და სხვ.
მეურნეობა
მეურნეობაში მთავარი დარგია ხე-ტყის დამზადება, სოფლის მეურნეობაში – მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მოშენება. კირქვიან რაიონებში უმთავრესად მეცხვარეობას მისდევენ. მოჰყავთ: ქერი, შვრია, ჭვავი, ძირხვენა, კარტოფილი (ზოგან ზღვის დონიდან 2200-2400 მ-მდე); ხორბლის ნათესები და ბაღები სარტყლის ქვედა ნაწილშიცაა.
კურორტები
ამ სარტყლის ზონაში განლაგებულია კურორტები: ობერსტდორფი (Oberstdorf), ბად-აუზზეე (Bad Aussee), ობერდორფი (Oberdorf) და სხვ.
სუბალპური სარტყელი
მესამე (სუბალპურ) სარტყელში (ზღვის დონიდან 2200-2300 მ-ის სიმაღლეზე) რელიეფი ძლიერ დანაწევრებულია. ჰავა ცივია, ზამთარი თოვლიანი და ნაკლებ ნოტიოა, ვიდრე ტყის ზონაში. სავეგეტაციო პერიოდი მოკლეა (2-3 თვე). ჭარბობს მაღალმთის ბუჩქნარი (დეკა, მთის ფიჭვის, ღვიისა და სხვა გართხმული ფორმები) და ნაირფერი მდელოები. ცხოველებიდან უმთავრესად ბინადრობს: არჩვი, ალპური თხა, ალპური ზაზუნა, მემინდვრია, ფრინველებიდან – ალპური ჭკა, ჭილყვავი და სხვ. მდელოები, ძირითადად, საზაფხულო საძოვარ-სავარგულებია. ეს ზონა, ისევე როგორც ალპური, ტურიზმისა და მთიანი საზამთრო კურორტების მთავარი რაიონია. ამ ზონაში განლაგებულია კურორტები ბორმიო (ბანი-დი-ბორმიო) (Bormio, Bagni di Bormio), ბადგასტეინი (Badga-stein), დავოსი (Davos), კორტინა დ’ამპეცო (Cortina d’Ampezzo), სანქტ-მორიცი (Sankt Moritz) და სხვ.
ალპური სარტყელი
მეოთხე (ალპური) სარტყელი ვრცელდება თოვლის ხაზამდე. ჰავა მკაცრი, ცივია. მცენარეული საფარი მეჩხერი, მეტწილად დაბალბალახეული ალპური მდელოებია, უმთავრესად ხარობს: ფხიჯა, ფურისულა, ყოჩივარდა, ასტრა, ია, ბაია, ალისარჩული და სხვ.
ნივალური სარტყელი
მეხუთე (ნივალური) სარტყელი მოიცავს მხოლოდ მაღალ ღერძულ ქედებს. აქ მაღალი მთის ცივი, ქვიანი, მყინვარებისა და თოვლიან უდაბნოთა ლანდშაფტები და უაღრესად ღარიბი ორგანული სამყაროა.