ალშიბაია ვასილ
ალშიბაია ვასილ ნესტორის ძე (1873 – 3 თებერვალი, 1906) – რევოლუციონერი და საზოგადო მოღვაწე, პროპაგანდისტ-აგიტატორი, სამეგრელოს რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე, სოციალ-ფედერალისტთა ორგანიზაციის მოთავეთაგანი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაიბადა ზუგდიდის მაზრის (რაიონის) სოფ. ჭკადუაშში, მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს სემინარიელთა ამბოხებაში მონაწილეობის გამო გამორიცხეს. ერთი წლის შემდეგ იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის შუამდგომლობით ქ. ნოვოჩერკასკის სასულიერო სემინარიაში მოეწყო, რომლის ფრიადზე დამთავრებისთანავე, სახელმწიფო ხარჯზე მიიღეს კიევის სასულიერო აკადემიაში, მაგრამ არ ისურვა სწავლის იქ გაგრძელება და შევიდა ქ. იურიევის (ესტონეთი) დორპატის უნივერსიტეტში (რადგან სემინარიელებს, პოლიტიკურად არასაიმედო მოსწავლეებს რუსეთის ცენტრალური ქალაქების უნივერსიტეტებში არ ღებულობდნენ – უნდა წასულიყვნენ ციმბირში – ტომსკის უნივერსიტეტში, ან ესტონეთში]. აქ იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა გამოსვლებში, რის გამოც უნივერსიტეტიდან რამდენჯერმე დაითხოვეს და ისევ მიიღეს. ამის გამო მისი სტუდენტობა 1897 წლიდან 1901 წლამდე გაგრძელდა, ვიდრე, ძმასთან ერთად, საბოლოოდ არ გამორიცხეს და ეტაპით სამშობლოში არ დააბრუნეს. იმყოფებოდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ.
1895 წლიდან ხშირად წერდა სატახტო გაზეთებში ჩვენი სამშობლოს საზოგადოებრივ საჭიროებათა (შავი ზღვის სანაპიროზე რკინიგზის გაყვანის, ერობის შემოღებისა და სხვ.) შესახებ უნიცუს-ის ფსევდონიმით.
1904-1905 წლებში რუსეთის სტუდენტთა მოძრაობის საგაფიცვო ბიუროს თავმჯდომარე იყო.
ვასილ ალშიბაიამ სამეგრელოში სოციალ-ფედერალისტთა ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, რომლის არალეგალური სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარეც გახდა და მთელს მაზრაში რევოლუციური მუშაობა გააჩაღა: მესაკუთრეებს – მამას, ნათესავებს და სხვებს ხელი ააღებინა ღალაზე (მიწის შემოსავალი მასზე მშრომელს ეკუთვნისო). მოსწავლე ახალგაზრდობას რაზმავდა სოციალიზმის განხორციელებისათვის, მიტინგებსა და კრებებზე ხშირად გამოდიოდა მთავრობისა და ძველი წეს-წყობილების საწინააღმდეგო სიტყვებით. 1904–1905 წწ. მეფის მთავრობის მოხელეთა წყალობით, ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული აფხაზები და მეგრელები შეარიგა და ძმობაზე დააფიცა. იყო რუსეთის სტუდენტთა მოძრაობის საგაფიცვო ბიუროს თავმჯდომარე.
გურია-სამეგრელოს სამღვდელოების ყრილობის დროს, როცა ვასილ ალშიბაიას მამას, როგორც ბლაღოჩინს, მოსთხოვეს თქვენი აზრი წარმოადგინეთ საღვთო წერილის მეგრულად გადათარგმნის შესახებო (რომლის სარჩული იყო ქართველთა დაქუცმაცება), ვასილ ალშიბაიამ მამას დაუწერა ყრილობაზე წარსადგენი მოხსენება, რომლითაც ამტკიცებდა, რომ საღვთო წერილის მეგრულად გადათარგმნა ტექნიკურად შეუძლებელია და რომც გადაითარგმნოს, ყოველი მორწმუნე, ერთხელ თუ მოისმინა, სირცხვილით მეორედ ეკლესიაში აღარ შემოვაო. ეს აზრი სამღვდელოების ყრილობამ გაიაზრა და სინოდსაც მოხსენდა, რის შედეგადაც ქართველთა დანაწილება-გათიშვის გეგმა ჩაიშალა.
1905 წლის მარტში ზუგდიდის თავადაზნაურთა ყრილობას ალშიბაიამ განუცხადა: „დღეს რუსეთის ხალხი თხოულობს ძირეულად შეცვლას არსებული წეს-წყობილებისას... იბრძვის უფლებისათვის... ამიტომ უნდა შეიცვალოს ძირიანად რუსეთის კანონმდებლობა... ჩვენც მივცეთ გლეხობას ყოველნაირი შეღავათი მიწის დამუშავების საქმეში, მოვითხოვოთ დროებით ვალდებულ გლეხთა სრული განთავისუფლება, ამოვუდგეთ მათ გვერდში და სხვებთან ერთად წარვადგინოთ სამართლიანი მოთხოვნა სრულიად რუსეთის ხალხისა... თქვენის ნდობით აღჭურვილმა პირებმა გამართონ გლეხებთან მოლაპარაკება და სრულის შეთანხმებით ბოლო მოუღონ ამ სამწუხარო განხეთქილებას... სხვა რიგათ ჩვენი მოქცევა ყოვლად შეუძლებელია, თუ არ გვინდა სამუდამოდ ჩირქი წავიცხოთ და საშვილიშვილოდ სამარცხვინო დავრჩეთ“-ო („ცნობის ფურცელი“, 1905, № 2751). ამითი ვასილ ალშიბაიამ გლეხთა წინააღმდეგ შავი რაზმის შექმნის განზრახვა ჩაშალა.
1905 წლის ნოემბრის 15-ს ზუგდიდის ეკლესიაში, საბა კლდიაშვილის პანაშვიდზე დამსწრე ხალხს მიმართა: „მთავრობა შეიარაღებულ აჯანყებით უნდა დავამხოთ და დემოკრატიული რესპუბლიკა დავამყაროთო“. 1905 წლის 29 დეკემბერს გ. დეკანოზიშვილისაგან (1867–1910) საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი იარაღის (300 მაგაზინის შვეიცარიის სისტემის თოფი და პატრონები) გამო წაკიდებული სოციალ-დემოკრატები და სოციალ-ფედერალისტები (რომლებიც ერთმანეთს ეცილებოდნენ – თოფები ჩვენ გვეკუთვნის და არა თქვენაო) ვასილ ალშიბაიამ დააშოშმინა. იარაღი მას ეკუთვნის, ვინც მის ხმარებას შეიძლებს და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებსო. იარაღი მელიტონ გობეჩიას, სპირიდონ კედიას, მიხეილ კაკულიას და ლეო შენგელაიასთან ერთად, ზუგდიდში, წითელრაზმელებს დაურიგა და მებრძოლ რაზმში ჩარიცხა. რჩეულ, გაბედულ ვაჟკაცთაგან შექმნა საუკეთესო, წესიერი წითელი რაზმი; გლეხთა აჯანყებას ხელმძღვანელობდა და სხვ.
1906 წელს, რეაქციის დაწყებისას ვასილ ალშიბაიას უთხრეს: „ხედავ, მეფის გენერალი დამსჯელი რაზმით, ცეცხლითა და მახვილით ანადგურებს ყოველივეს, მიეფარე, თორემ შეგიპყრობენო“. ვასილ ალშიბაიამ მიუგო: „მე რომ აქედან წავიდე, ქვას ქვაზე არ დასტოვებენ ჯალათები, გლეხებს ააწიოკებენ, ქალებს გააუპატიურებენ, ბავშვებს არ დაინდობენ, უმჯობესია მე ერთი გაუხდე მსხვერპლი, თქვენს თავს უშველეთო“ და სახლში დარჩა.
როდესაც ალიხანოვი ზუგდიდში ჩამოვიდა და მისი გადაწვის მიზეზს დაუწყო ძებნა (თუ მეთაურები არ დახვდებოდნენ, გასცემდა ბრძანებას, რომ ცეცხლი წაეკიდებინათ ქალაქისთვის), ადგილობრივი რეაქციონერები პურ-მარილით წარუდგნენ და მოახსენეს, რომ რევოლუციის მთავარი ხელმძღვანელი სტუდენტი ვასო ალშიბაია არსად არ წასულა და სახლში იმყოფებაო. ალიხანოვი, რომელიც ამაყობდა იმით, რომ მისი შიშით ყველანი გარბიან, შეურაცხყოფილი დარჩა, რომ სტუდენტ ალშიბაიას მისი არ ეშინია და სახლში ზის და ამიტომ იკითხა: რას ლაპარაკობსო, ალშიბაია. მოახსენეს – ვასილ ალშიბაიამ საჯაროდ განაცხადა, რომ არსად წავა და მზად არის, პასუხი აგოს ყველას მაგიერ. ამავე დროს ზუგდიდის მაზრის უფროსმა კეღამოვმა გამომძიებელს გამოუცხადა: „მე დამჭრა ვასო ალშიბაიამ. ვასო შვილია მღვდლისაო“, მაშინ ალიხანოვმა მიმართა ზუგდიდის მაზრაში დამსჯელი ექსპედიციის უფროსს, პოლკოვნიკ ხოდზინსკის, რომ 3 ასეული ყაზახის თანხლებით ჩასულიყო სოფ. ჭკადუაშში. ჭიშკართან მათ შეხვდა ვასოს ნათლული და გაზრდილი ევგრაფი გეთია, რომელსაც ძველი სასულიერო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და რუსულად ლაპარაკიც ეხერხებოდა. მან უთხრა მაზრის უფროსს: მე ვარ ვასო ალშიბაია და გთხოვთ, აქედანვე წამიყვანოთ და მოხუც მშობლებს ნუღარ შეაწუხებთო. ამით ე. გეთიას ვასოს გადარჩენა სურდა, მაგრამ ყაზახთა მეთაურმა უპასუხა − თქვენზე „დანოსია”, რომ თქვენს სახლში ყუმბარები და იარაღი ინახება და ამიტომ სახლი უნდა გავჩხრიკოთო და დაკავებული გეთია სახლისკენ წამოიყვანეს. ვასილის მამამ, ყაზახები რომ შენიშნა, ოთახში მძინარე შვილს შესძახა: „არიქა, ვასო, უკანა კარით გადი ტყეში, თავს უშველეო“, შვილმა მამას მიუგო: „ნუთუ დაგავიწყდა, ლოცვანში რა გიწერია: არა ერი ერთისათვის, არამედ ერთი ერისათვისაო. ხომ უყურებ, ევგრაფი ჩემ მაგიერ დაუჭერიათ და მე კი გავიქცე? მაშ, რა კაცი ვიქნები მე, თუ ჩემი მიზეზით სხვები დაისჯებიან, ხომ რამდენიმეჯერ გითხარით, რომ აქ მიტომ დავრჩი, რომ პასუხი ვაგო ჩემი მოქმედებისთვის და არავის ნებას არ მივცემ, ჩემ მაგიერ პასუხი აგოსო”. ვასილ ალშიბაია ყაზახთა რაზმს გამოეგება და უთხრა: „ვასო ალშიბაია მე ვარ, სახლ-კარი ჩემს მოხუც მშობელთ ეკუთვნის, თუ დანაშაული მიმიძღვის ვისმეს წინაშე, მე მზადა ვარ პასუხი ვაგოო“. ვასო წაიყვანეს, ეზო გაატარეს თუ არა, უკან მიმყოლმა ყაზახმა თოფი დასცა და იქვე, დედის წინ, უსულოდ გააგორა“ („ცნობის ფურცელი”, 1906, № 3003).
ეს ამბავი მისმა ძმამ, გიორგი ალშიბაიამ, ქუთაისის საგუბერნიო ციხეში დაპატიმრებულმა, დორპატის უნივერსიტეტის ყოფილმა სტუდენტმა, შეიტყო თუ არა, აღთქმა დასდო, რომ ძმაზე შური ეძია. ციხიდან გამოსვლისთანავე რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად ჩაება, თვითმპყრობელობის წინააღმდეგ პროპაგანდას ეწეოდა, შეადგინა „მფრინავი მებრძოლი რაზმი“ და მთელ საქართველოში მის მოძრაობას ხელმძღვანელობდა, მეფის აგენტ-მოხელეებს მუსრავდა, თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მებრძოლთ აიარაღებდა და ყოველმხრივ ეხმარებოდა. 1918 წელს ერთხმად იყო არჩეული თავდაცვის რაზმის მეთაურად, აქტიურად მონაწილეობდა შემოსეულ თურქთა წინააღმდეგ ომში, თავისი მამა-პაპეული სახლი სოფელში შესწირა ძმას – ვასო ალშიბაიას სახელობის სახალხო სახლის მოსაწყობად და სხვ.
ზოგიერთი მოგონებანი ვასო ალშიბაიას შესახებ
1. ერთხელ, როდესაც ვასო, უნივერსიტეტიდან გამორიცხული, ცხოვრობდა სოფ. ჭკადუაშში, მღვდელმა ავქსენტი ჭანტურიამ თავისი შვილის ნათლობაზე სოფ. ჯვარში მიიპატიჟა, სადაც დაპატიჟებული იყო პრინცესა სალომე მიურატისა თავის უმცროს ვაჟთან, ნაპოლეონ მიურატთან ერთად. ნაპოლეონ მიურატმა დალია სადღეგრძელო დიდი ყანწით, რომელშიც ჩადიოდა ერთი ბოთლი და ნახევარი სასმისი და ალავერდით გადავიდა ვასოზე, მაგრამ ვასო ღვინის ჭარბად მსმელი არასდროს ყოფილა და ამიტომ უთხრა პრინცს − მაპატიეთ, რადგან მაგდენი ღვინის დალევა არ შემიძლია და პატარა სასმისით გეახლებითო. მაშინ გაგულისდა პრინცი, როგორ თუ ჩემგან გამოგზავნილ სასმის არ ღებულობთო, მე თუ დავლიე, თქვენ რაღა წითელი კვერცხი ხართო. ვასომ უპასუხა – თქვენ ალბათ შეგიძლიათ, უფრო ჯანმრთელი ხართ და აიტანთ მაგდენი ღვინის სმას, მე კუჭი სუსტი მაქვს და ვერ შევძლებ მაგდენი ღვინის დალევასო, მაგრამ პრინცი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ვასოს დაელია. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა, რომ ძალით დაალევინებდა. მაშინ ვასო წამოდგა სუფრიდან და პრინცს უთხრა: მე ძალადობის წინააღმდეგ ვბრძოლობდი ყოველთვის და აწიც მზად ვარ ყოველივე ძალადობას გავცე შესაფერი პასუხიო. სუფრიდან ყველა წამოიჭრა და პრინცმა, გაფითრებულმა იმით, რომ ასეთი პასუხი მისცეს, უთხრა დედამისს – წავიდეთ, ჩვენი ადგილი აქ, „ბუნტოვშჩიკთან”, არ არის, დიდად შევცდით, რომ აქ მოვედითო და თავისი ამალის თანხლებით მუქარით წავიდნენ.
2. 1905 წელს, ზუგდიდის მაზრის პოლიცია, უკვე რევოლუციის მიერ შვებულებაში გაშვებული, მაინც არ ცხრებოდა და ჩუმ-ჩუმად თავის დამქაშების მეშვეობით ათასგვარ პროვოკაციას აწარმოებდა; სხვათა შორის, აფხაზეთში გაავრცელეს ხმა, რომ მეგრელები მიწების ჩამორთმევას უპირებენ აფხაზებსო და მხოლოდ მარტო დაამუშავებენ მიწებს დიდი მემამულეებისას და აფხაზებს აღარ დაუშვებენ სამუშაოდო. სარჩულად ამ პროვოკაციისა გამოიყენა პოლიციამ ის მდგომარეობა, რომ მთაგორიან ადგილებში მცხოვრები მეგრელები მიწაზე სამუშაოდ დადიოდნენ აფხაზეთში, სადაც მოსავლიანი სახნავ-სათესი მიწა იმდენად ჭარბად იყო, რომ მარტო აფხაზები იმ მიწების დამუშავებას ვერ ერეოდნენ. სამეგრელოში კი, პოლიციამ გაავრცელა ხმა, რომ ვითომ აფხაზები დაჟინებით წინააღმდეგი არიან, რომ მეგრელები აფხაზეთში მიწაზე სამუშაოდ მიდიან და თუ ვინმე მეგრელი დაინახესო მდ. ენგურის გამოღმა, უსათუოდ მოკლავენ. ამრიგად, ხელოვნურად გადაკიდეს ერთიმეორეს ორი უახლოესი მეზობლები, რითაც მოისპო ურთიერთშორის მისვლა-მოსვლა და ყოველივე დამოკიდებულება, რამაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა ორივე მხარე, რადგან ამ ორ მეზობელს არ შეეძლო ცხოვრება ურთიერთშორის დამოკიდებულების გარეშე... საქმე იმ ზომამდე მივიდა, რომ ორივე მხარემ გააჩაღა ყარაულობა მდ. ენგურის ნაპირზე თავიანთ ზონაში, რათა მოწინააღმდეგედან ვინმე არ გადმოსულიყო. თუ კი ვინმეს დაინახავდნენ, უნდა მოეკლათ ყარაულებს. ბოლოს, ისე გამწვავდა საქმე, ისევ პოლიციის ჩუმი აგიტაციის წყალობით, რომ მთელი შეიარაღებული, აბობოქრებული ბრბო ორივე მხრიდან მოადგნენ მდ. ენგურს, რომელიც საზღვრავს სამეგრელოს აფხაზეთიდან და იმუქრებოდნენ ურთიერთშორის თავდასხმას; აფხაზები გაიძახოდნენ, რომ ეს სულ ერთობის ხალხის პროპაგანდისტების საქმეაო და მაგათი სისხლი უნდა დავლიოთო. ეს რომ ვასომ გაიგო, მიმართა იონა მეუნარგიას, როგორც საზოგადო მოღვაწეს და საერთოდ, უფროს პოპულარულ პიროვნებას აფხაზეთში, ვინემ პროპაგანდისტი და ორივენი მივიდნენ ენგურის ნაპირამდე, მაგრამ ისეთი ხმაური, ყვირილი და მუქარა გაისმოდა ორივე მხრიდან, რომ იონამ უთხრა ვასოს: ჩვენ შევიქნებით უბრალო მსხვერპლი ამ დროებით აღელვებისა და უმჯობესია, დავანებოთ თავიო, მაგრამ ვასო მარტო გავიდა ბორანით ენგურის გაღმა აფხაზებთან; აქედან იონა და სხვებიც უშლიდნენ - ნუ მიხვალ ვასოო, მაგრამ აფხაზებმა, როცა ვასო დაინახეს, შეჩერდნენ და მუქარა და ყაყანი შეწყვიტეს. ვასომ მისალმების შემდეგ უთხრა, რომ სირცხვილი არ არის, რომ ისე გაბოროტებულხართ, რომ თქვენთან მოსვლას მოერიდა იონა მეუნარგიაც და ეგერ, გაღმა იცდის, რა დაგემართათ დღეს, როცაა ძმობა, ერთობა, სიყვარული და თავისუფლების გარიჟრაჟზე ვდგავართ, თქვენ აყოლილხართ ხალხის მტრების მოციქულებს, რომელთათვის ჩვენი გამარჯვება სიკვდილია და ამიტომ სცდილობენ, ერთიმეორეს გადაჰკიდონ ორი უახლოესი მეზობლები და მით მღვრიე წყალში თევზი იჭირონ. მიწას ვინ წაგართმევთ, ნუთუ ვერ შეიგნეთ, რომ მიწა მიწის მუშისთვინ იქნება და რევოლუცია კი არ გართმევთ, არამედ მთლად გადმოგცემთ თქვენ, თქვენ იქნებით მისი ბატონ-პატრონიო. ამრიგად, აფხაზეთის თემის ოცდახუთი წარმომადგენელი გადმოიყვანა ენგურზე სამეგრელოს ბანაკში და იქ გადააკოცნია მეგრელებს ნიშნად შერიგებისა; მეგრელებიდან კიდევ ოცდახუთი კაცი და მათ შორის იონა მეუნარგიაც გადაიყვანა ენგურზე, აფხაზეთში და იქაც გადაკოცნია აფხაზებს და შეიქნა ზეიმი და მხიარულება ამ ორ მეზობელს შორის, რადგან ძალიან შეწუხებულნი იყვნენ ამდენი ხნის დამოუკიდებლობით.
3. 1905 წელს, შავი ზღვის ნაპირზე − ანაკლიის მიდამოებში გადმოტვირთულ იქნა საზღვარგარეთ შეძენილი [...] სისტემის თოფები ცნობილი ემიგრანტის, გიორგი დეკანოზიშვილის, მეთაურობით. მაგრამ, ამ დროს, შეიქნა ორ, ზუგდიდის მაზრაში მოქმედ, პარტიათა შორის (სოციალ-ფედერალისტების და სოციალ-დემოკრატების) ჩხუბი იმის შესახებ, რომ ეს თოფები ეკუთვნის მხოლოდ ერთ რომელიმე მათგანს და ამ ნიადაგზე ატეხილ აყალ-მაყალს შეესწრო ვასო ზღვის ნაპირზე. შეაჩერა ყველა და უთხრა: რა გაჩხუბებთ, თოფი იმათია, ვინც ნამდვილად იბრძოლებს ამ დუხჭირ მთავრობის წინაშე. თოფი არ მიეცეს იმას, ვინც მტრულად არის განწყობილი ჩვენს წინაშე, ან იარაღით ხელში ბრძოლის უნარი არ აქვს და არც იმას, ვინც კარგი მსროლელი არ არის და იარაღი უნდა მხოლოდ სახელისთვის. ვასო ფედერალისტების მეთაური იყო, მაგრამ იმ ზომამდი ჩართული იყო სხვა პარტიებში, რომ ეს პარტიათა შორის ატეხილი დავა მოსპო და შექმნა სანიმუშო რაზმი საუკეთესო მხნე და გულადი ვაჟკაცებისგან და შეაიარაღა ისინი ამ მოტანილი თოფებით. უნდა ითქვას სიმართლე, რომ ზუგდიდის მაზრაში შემდგარი წითელი რაზმი ითვლებოდა ერთ-ერთ სანიმუშო რაზმად თავისი მწყობრობით, შეიარაღებით დ სამხედრო დისციპლინით, რაც დადასტურდა 1906 წლის იანვარში ზუგდიდში გამართულ რევოლუციონერულ აღლუმზე, სადაც ესწრებოდნენ სოციალ-ფედერალისტების ლიდერები და წევრები.
4. საერთოდ, ვასო უსაქმო ხალხთან შეხვედრას ერიდებოდა, უფრო ხშირად გლეხებთან იყო ნათვლაში, ქორწილში თუ ტირილში გლეხების საყვარელი სტუმარი იყო; ყოველთვის გლეხებს იმას აგონებდა, რომ სამართლიანი დრო უნდა დადგეს, მშრომელ ხალხს გადაეცეს ქვეყნის მართვა-გამგეობა და უსაქმო მუქთახორები, რომლებიც სხვისი ნაშრომით და ნაოფლარით ცხოვრობენ, უნდა მოშორებულ იქნენ თავიდან. ამისთვის საჭიროა დარაზმვა, ერთობა, ძმობა, სიყვარული ურთიერთშორის და შეერთებული ძალებით მყვლეფავთა ხროვის ჩამოგდება. ჯერ თავისი ოჯახიდან დაიწყო, რომ გლეხებისთვის „ნადელი” არ გამოერთმიათ. მამამისს, ბლაღოჩინ დეკანოზს, რომელსაც ძალიან უყვარდა ვასო, უთხრა: „თუ ჩემი თავი გინდა და თუ არ გინდა, მე აქედან გადავიკარგო, გლეხებს ღალას ნუ გამოართმევო”. მამას ძალიან ეძნელებოდა ღალის დათმობა, მაგრამ შვილის სიყვარულმა დასძლია და დათანხმდა, ღალაზე ხელი აეღო. აგრეთვე, სხვა მახლობელ ნათესავებსაც აგონებდა, რომ დროა, მიატოვოთ ეს ძველი ბატონყმური ადათიო და 1905 წლის დასაწყისში მთელი გლეხობა გაფიცა და ღალა არავისთვის არ მიაცემია. დიდ მუშაობას ეწეოდა მოსწავლე-ახალგაზრდობაში და თავად-აზნაურთა ახალ თაობაში, რის შედეგად ბევრი ახალგაზრდა დაადგა გზას სოციალიზმისაკენ: სპირიდონ კედია, მელიტონ გობეჩია, მუშნი დადიანი, სანდრო ჩხეტია და ვასოს მოგვარე ალშიბაიების მთელი ახალგაზრდობა ფედერალისტების პარტიის წევრები იყვნენ.
5. მამამისს, როგორც ბლაღოჩინს, სინოდიდან აზრს სთხოვდნენ ქართული საღვთო წერილის მეგრულ ენაზე გადათარგმნის შესახებ, რაც გამოწვეული იყო ცნობილი ვოსტორგოვის ოინებით, რომელიც ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მეგრელები ქართველებს აღარ ეკუთვნიან, მათ ცალკე ენა აქვთ და მწერლობაც იმ ენაზე უნდა იყოსო. ეს საკითხი ირჩეოდა გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელო კრებაზე, სადაც წაკითხულ იქნა ვასოს მიერ დაწერილი პასუხი მისი მამისა უწმინდესის სახელზე, რომელშიც სიტყვა-სიტყვით ამტკიცებდა, რომ საღმრთო წერილის მეგრულ ენაზე გადათარგმნა ტექნიკურად ყოვლად შეუძლებელია და, თუ მაინც გადათარგმნით, ეს გამოიწვევს ხალხის ეკლესიიდან გაქცევას. ვასოს მიერ დაწერილი ეს აზრი სარჩულად დაედო გურია-სამეგრელოს სამღვდელოების კრების გადაწყვეტილებას, რომელიც კატეგორიულად შეუთავსებლად სცნობდა მათ თავზე ძალით მოხვეული მახინჯობის სისრულეში მოყვანას.
გარდა ამისა, ხშირად სწერდა სატახტო გამოცემებში ჩვენი კუთხისთვის საჭირო საქმეებზე, მაგ.: 1895 წელს, პეტერბურგის ერთ გაზეთში წერილი გააგზავნა, სადაც ამტკიცებდა შავი ზღვის ნაპირად რკინის გზის გაყვანის საჭიროების შესახებ; აგრეთვე, ერობის შემოღების თაობაზე დაწერა უნიცუს-ის ფსევდონიმით. ისე ბევრს წერდა და გამოუქვეყნებელი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულების შესახებ წერილები, რაც განადგურებული იქნა მისი სიკვდილით დასჯის დროს, სახლში მოთარეშე ყაზახების მიერ.
გამოყენებული ლიტერატურა
- 1. გ. ნ. ალშიბაიას და ი. შანავას მოგონებანი;
- 2. სამეგრელოს თავადაზნაურობა და გლეხთა მოძრაობა // ცნობის ფურცელი. – 1905. – 7 აპრილი. - № 2791;
- 3. დასავლეთ საქართველო. ზუგდიდი // ცნობის ფურცელი. – 1906. – 15 თებერვალი. – № 3003. – გვ. 2;
- 4. ვასილ ალშიბაია: (მოკლეს შარშან თებერვალში): [ლექსი] // მიწა. – 1907. – № 11. – გვ. 3-5;
- 5. ვასილ ალშიბაიას ხსოვნას // კავშირი. – 1907. – № 3. – გვ. 1;
- 6. გიორგაძე, თენგიზ. საზოგადოებრივი ურთიერთობა საქართველოში ბატონ-ყმობის გადავარდნიდან პირველ რევოლუციამდე 1864-1905. – ტფ.: სახელგამი, 1928. – გვ. 563-564;
- 7. ჟღენტი, თენგიზ. რევოლუციონური მოძრაობა სამეგრელოში 1905 წ. – ტფ.: სახელგამი, 1929. – გვ. 14-15.