ანაპა
ანაპა – (ინგლ. Anapa, Анапа), ზღვისპირა ქალაქი და კლიმატურ-პელოიდურ-ბალნეოლოგიური კურორტი რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, ანაპის რაიონის ცენტრი, ქ. კრასნოდარიდან 160 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ქ. ნოვოროსიისკიდან 42, ხოლო ქ. გელენჯიკიდან 110 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს შავი ზღვის ანაპის უბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 10 მ-ის სიმაღლეზე. ანაპის ტერიტორიის რელიეფი ვაკე-ბორცვიანია, ხოლო კურორტის მიდამოების რელიეფი მთაგორიანია.
ჰავა – ხმელთაშუა ზღვის ტიპის. ზამთარი რბილია, ზომიერად ტენიანი. თოვლის საფარი არამდგრადია. თებერვლის საშუალო ტემპერატურაა 2,6°C. ზაფხული თბილია და შედარებით მშრალი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 23,6°C. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 12,4°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 557 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე (169 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (116 მმ). მზის ნათების ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 2394 საათს წელიწადში.
ანაპის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ბიჭვინთის ფიჭვი, მუხა, ფსტა, ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, შინდი და სხვ.) და ვენახები. ანაპის მიდამოების ტერიტორია დაფარულია შერეული ტყეებით: მუხა, წიფელი, რცხილა, იფანი, ფიჭვი, ოდაღაჯი, შინდი, ფსტა, ღვია და სხვ.
ანაპის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ტიპის ჰავა, ზღვის წყალი, ზღვისპირა ჰაერი გაჯერებული იოდისა და ბრომის იონებით; სამკურნალო სულფიდური ლამის ტალახი ჩებურეკისა და სოლიონოეს ტბებიდან, ვიტიაზევსკის ლიმანიდან და სოპკის სამკურნალო ტალახები (სოპკების – შუგოს, აზოვის, ახტინიზოვისა და გნილაიასი); მინერალური წყლები – სუსტი მინერალიზაციის აზოტიან-მეთანიანი, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც შეიცავს ბორსა და იოდს (მიიღება ჭაბურღილიდან სტანიცა რაიევსკაიასთან, ანაპიდან 30 კმ-ში) და წყარო ,,სემიგორიეს~ დაბალი მინერალიზაციის (M – 7-9 გ/დმ3) ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც შეიცავს ბორსა და იოდს და ჩამოისხმება ბოთლებში, როგორც მინერალური წყალი „ანაპსკაია“ (წყარო მდებარეობს ანაპიდან 25 კმ-ში, რკინიგზის სადგურ ტონელნაიასთან).
ანაპაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წლის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.); ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები; მინერალური წყლების პერორალური მიღება (დალევა) და აბაზანები, ინჰალაციები, შესხურებები და გამორეცხვები ამ მინერალური წყლებით.
ჩვენებები ანაპაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების, პანკრეასის, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და კანის პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ქ. ანაპაში (წმიდა ონოფრე დიდის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი (აშენდა 1829-1833 წლებში, დანგრეულ იქნა თურქების მიერ ყირიმის ომის (1853-1856 წლები) დროს და ახლიდან აშენდა 1874-1876 წლებში); მართლმადიდებლური ეკლესიები – წმიდა სერაფიმე საროველის სახელობის – ძველი (1992 წელი) და ახალი (2005-2010 წლები), მოციქულთა სწორისა, რუსეთის დიდი მთავრისა წმიდა ვლადიმერის სახელობის (1998-2011წლები), ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის
ქალწულისა მარიამის ხატი „ძლევამოსილის“ სახელობის (2008-2010 წლები); მართლმადიდებლური სამლოცველოები – ყოვლადწმიდისა, დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ყაზანის ხატის სახელობის (2006 წელი), წინასწარმეტყველი წმიდა ოსეს სახელობის (2008 წელი), ღირსი თეოდორე უშაკოვის სახელობის (2008-2010 წლები) და სხვ.; ნაქალაქარი – მუზეუმი გორგიპია (ძვ.წ. IV – ახ.წ. III საუკუნეები); თურქული ციხესიმაგრის ჭიშკარი (XV საუკუნე); მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; არქეოლოგ ნ. ვესელოვსკის სააგარაკო სახლი, ქ. ანაპის შუქურა და სხვ.),
ქ. ანაპის მიდამოებში (ხუტორ უტაშთან – სასაფლაოს (IV-V საუკუნეები) და დიდი დასახლების (VIIIX საუკუნეები) ნაშთები, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალების სახელობის ქრისტიანული ტაძრის (VIII-X საუკუნეები)
ნანგრევები;
ხუტორ უტაშში – მართლმადიდებლური სამლოცველო (2000-2003 წლები);
სოფელ ვიტიაზევოში – წმიდა დიდმოწამე, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიები – დროებითი (1994 წელი) და სტაციონარული (1994-2007 წლები), ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია-სამლოცველო (2007-2010
წლები);
სოფელ ჰაიკოძორში – სომხური სამოციქულო დაწესებულებები (სამლოცველო (1985 წელი), წმიდა სარქისის (სურბ სარგის) სახელობის (1997 წელი) და წმიდა დიდმოწამე, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგის (სურბ გევორგ) სახელობის (2009-2012 წლები) ეკლესიები;
დაბა ვინოგრადნოეში – მღვდელმთავართა წმიდა ბასილი დიდის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (1999 წელი);
სტანიცა ანაპსკაიაში – უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამაღლების სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (1994-2000 წლები) და მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური სამლოცველო (2009 წელი);
სოფელ ვარვაროვკაში – დიდმოწამე წმიდა ბარბარეს სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია-სამლოცველო (1999-2006 წლები);
დაბა ბოლშოი უტრიშში – მირონ-ლუკიის მთვარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური სამლოცველო-შუქურა (2010 წელი) და დელფინარიუმი; სტელა, დაყენებული დიდი კავკასიური ქედის დასაწყისში (სემისამის ქედზე, სოფლებ სუფსეხსა და ვარვაროვკას შორის); პარკი „დობროდეა“ დაბა ჯემეტეში და სხვ.),
ქ. ნოვოროსიისკში (ოსმალური ციხესიმაგრის სუჯუკ-ყალეს (1722-1812 წლები) ნანგრევები; ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი (1891-1892 წლები); მართლმადიდებლური ეკლესიები – ყოვლადწმიდა სამების სახელობის (1997 წელი), რუსეთის ახლად წამებულთა და მოძღვართა სახელობის (2002-2007 წლები) და სხვ.; წმიდა მღვდელმოწამე დიმიტრი სალამინელის ნათლობის სახელობის მართლმადიდებლური სამლოცველო (2003 წელი); სომეხთა განმანათლებლისა წმიდა გრიგოლის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესია (2001-2008 წლები); ევანგელისტურ-ლუთერანული გერმანული ეკლესია (კირხა) (XX საუკუნის II ნახევარი); სინაგოგა (XX საუკუნის 60-იანი წლები); მეჩეთი (XX საუკუნის 80-იანი წლები) და სხვ.; ნოვოროსიისკის ისტორიული მუზეუმი-ნაკრძალი; მუზეუმები – ნოვოროსიისკის მხარეთმცოდნეობის, საცემენტო მრეწველობის, მე-18 არმიის და სხვ.; ნ. ოსტროვსკის სახლ-მუზეუმი; არტგალერეა „პრიმა-იუგი“; თანამედროვე ხელოვნების გალერეა „არტ-ვერტიკალი“; აკვაპარკი; ი. გაგარინის სახ. პლანეტარიუმი; ცხენოსანთა თეატრი; ღვინის ქარხანა „მისხაკო“ სადეგუსტაციო დარბაზით; მემორიალი „სიკვდილის ველი“; ძეგლი-ანსამბლი „ლინია“ („დაცვის საზღვარი“); კრეისერი-მუზეუმი „მიხეილ კუტუზოვი“; ძეგლები – ნოვოროსიისკის დამაარსებლების, ლ. ბრეჟნევის, „მეზღვაური ხელყუმბარით“ და სხვ; ჩანჩქერი წყალზე და სხვ.) და
ქ. ნოვოროსიისკის მიდამოებში (დოლმენები (ძვ.წ. III-II ათასწლეული); დაბა მისხაკოში – მემორიალი მცირე მიწა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური სამლოცველო
(2010 წელი) და სხვ.; დაბა აბრაუ-დიურსოში – წმიდა ნეტარი ქსენია პეტერბურგელის სახელობის მართლმადიდებლური სამწყსო (2001-2008 წლები), ღვინის ქარხანა „აბრაუ-დიურსო“ სადეგუსტაციო დარბაზით, აბრაუს ტბა და სხვ.; დაბა გორნიში და მის მიდამოებში – მართლმადიდებლური ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის (1992-1993 წლები), ღირსი თეოდორე კავკასიელის სახელობის (2011 წელი) და სხვ.).