ანიფი
ანიფი – (Anif, Аниф), კლიმატური კურორტი დასავლეთ ავსტრიაში, ზალცბურგის ოლქში, ქ. ზალცბურგიდან 6 კმ-ში, სამხრეთით და ქ. ლინციდან 110 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს ზალცბურგის ქვაბულში, მდინარე ზალცახისა და მდინარე კიონიგზეეახეს შორის, მთის მასივის უნტერსბერგის ძირში, ზღვის დონიდან 434 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1,2°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18,5°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8,9°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა _ 1206 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (462 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (208 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეებია ივნისი და ივლისი (159-159 მმ), ყველაზე მშრალი – თებერვალი (63 მმ).
ანიფსა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი, გარგარი და სხვ.), ვენახები, მუხის, წიფლის, ნაძვისა და ფიჭვის ნარგავები.
ანიფის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ანიფის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ბანაობა მდინარეებში, ჰაერისა და მზის აბაზანები წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში.
ჩვენებები ანიფში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ცენტრალური ნერვული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ანიფში (ციხე-დარბაზები – ანიფი (აშენდა XVI საუკუნეში, ჩაუტარდა რეკონსტრუქცია 1838-1848 წლებში) და ლასერეგი (1513
წელი); ანიფის ციხე-დარბაზის პარკი; წმიდა ოსვალდის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XVI საუკუნე); სასტუმრო კაიზერხოფის შენობა (1348 წელი); კარიკატურის გალერეა და სხვ.),
ქ. ზალცბურგში (იხ. აბთენაუ),
ქ. ლინცში (წმიდა მარტინის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (799 წელი): ქ. ლინცის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (აშენდა XIII საუკუნეში, გადაკეთდა XV და XVIII საუკუნეებში), სადაც მოთავსებულია ურნა იმპერატორ ფრიდრიხ III-ის (1415-1493 წლები) ნეშტით; ამ ეკლესიას ამშვენებს 82-მეტრიანი სიმაღლის სამრეკლო; რომაულ-კათოლიკური ტაძრები – ძველი (1678 წელი) და ახალი – უმწიკვლო განაყოფიერების სახელობის; ლინცის ციხე-დარბაზი (XV საუკუნე); ზემო ავსტრიის პროვინციის მთავრობის სახლი – ლანდჰაუსი (აშენდა 1571 წელს, გადაკეთდა 1800-1802 წლებში); ქალაქის ფოსტის შენობა (XVII საუკუნე);
ქალაქის მთავარი მოედანი –Hauptplatz, სადაც მდებარეობს ყოვლადწმიდა სამების სახელობის სვეტი (1723 წელი); კომპოზიტორ ანტონ ბრუკნერის (1824-1896 წლები) სამახსოვროდ დადგმული ქვა; ასტრონომ იოჰანეს კეპლერის (1571-1630 წლები) სამახსოვროდ გაკეთებული „პლანეტების შადრევან“ი (XVII საუკუნის დასასრული); მუზეუმები – ქალაქის „ნორდიკო“, ქალაქის ისტორიის, მხარეთმცოდნეობის, სტომატოლოგიის, სამხატვრო „ლენტოსი“ და სხვ.; სამხატვრო გალერეა; პრიუკნერის სახელობის საკონცერტო დარბაზი; თანამედროვე ხელოვნების ცენტრი; ბოტანიკური ბაღი; ზოოპარკი და სხვ.),
ქ. ლინცის მიდამოებში (მთა პიოსტლინგბერგი; XIX საუკუნის ტრამვაის ხაზი; მომლოცველთა ეკლესია Wallfahrtsbasilica (XIII საუკუნე) და სხვ.).