აპიანე ალექსანდრიელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპიანე ალექსანდრიელი – (ბერძ. Ἀππιανὸς Ἀλεξανδρεύς) ძველი ბერძენი ისტორიკოსი.

აპიანე დაიბადა ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში, ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ ძალიან მწირია.

თავისი შრომის შესავალში აპიანე გვამცნობს: „თუ ვინა ვარ მე, ამის დამწერი, ბევრმა იცის… მე ვარ აპიანე ალექსანდრიელი, რომელმაც მივაღწიე მაღალ მდგომარეობას სამშობლოში და გამოვდიოდი რომში სასამართლო საქმეებზე მეფეთა წინაშე, ვიდრე არ მომაგეს პატივი გავმხდარიყავი მათი პროკურატორი. ხოლო, თუ ვისმე აინტერესებს დანარჩენიც იცოდეს ჩემზე, მე მაქვს თხზულება ამის შესახებ“ (აპიანეს ამ ავტობიოგრაფიულ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია).

აპიანეს დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი უცნობია. იგი დაბადებული უნდა იყოს პირველი საუკუნის დამლევს და გარდაიცვალა, ალბათ, მეორე საუკუნის 70 წელს. თვით აპიანეს მოწმობით, იგი დაიბადა და ცხოვრობდა იმპერატორ ტრაიანეს დროს, მომსწრეა იუდეველთა აჯანყებისა, აღზევებას მიაღწია ადრიანეს დროს. იერუსალიმზე ამბობს, რომ იგი ადრე რამდენჯერმე იქნა დანგრეული და „დაანგრია, კვლავ ჩემს დროს, ადრიანემ“.

აპიანე ეკუთვნოდა რომის მონათმფლობელური საზოგადოების იმ ახალ ფენას, რომელიც დაწინაურდა და განმტკიცდა რომის სახელმწიფოს სამსახურში, რომში აპიანემ მიიღო მაღალი თანამდებობა - იმპერატორის ხელქვეითი მოხელე გახდა. შემდეგ დაინიშნა ეგვიპტის პროკურატორად. მან მოიპოვა რომაელი მოქალაქის უფლება და შევიდა რომაელ მხედართა წოდებაში. ამ ცნობების მიხედვით, უნდა დავასკვნათ, რომ აპიანემ კარგად იცოდა ლათინური ენა.

თანამედროვე ისტორიკოსთა ნაწილი აპიანეს საშუალო ხარისხის კომპილატორად თვლის. საერთოდ, ფიქრობენ, რომ აპიანე ბრმად მისდევს თავის წყაროებს, მეტისმეტად იყო დამოკიდებული მათზე, ხოლო ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მას ხელთ ჰქონია ერთი მთლიანი ბერძნული წყარო და ეს წყარო იყო სტრაბონი. როგორც მკვლევართა მიერ სპეციალურ ნაშრომებში არის გარკვეული, აპიანეს უსარგებლია სხვადასხვა ხასიათისა და ღირსების წყაროებით; კარგად იცნობდა ბერძენ და რომაელ ავტორებს, ზოგ მათგანს თვითონვე ასახელებს: ჰიერონიმე კარდიელს, პოლიბიოსს, ცეზარს, ვარონს და სხვა;

მართალია, აპიანე ძირითადად სხვათა შრომებით სარგებლობდა, მაგრამ იგი არ იყო მხოლოდ კომპილატორი. ეტყობა, აპიანე არჩევდა მის ხელთ არსებული წყაროებიდან საჭირო მასალას, საკუთარი გააზრებისა და ინტერპრეტირების გზით, ამის წყალობით მისი შრომა გადაიქცა ძვირფას ისტორიულ წყაროდ, რომელსაც მრავალი ღირსება აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავ. თხრობის დროს ფაქტებზე დაყრდნობა, რეალიზმი და ფხიზელი შეფასება მოვლენებისა.

აპიანეს შრომაში შეიმჩნევა ზოგი უზუსტობა და უხეში შეცდომაც, მაგრამ ძნელი დასადგენია, ეს მისი უცოდინარობის ან დაუდევრობის შედეგია, თუ ეს შეცდომები იმ წყაროებში მოიპოვებოდა, რომლებითაც ის სარგებლობდა.

„რომის ისტორია“ აპიანეს დაახლოებით 160 წელს დაუწერია ბერძნულ ენაზე. იგი 24 წიგნისაგან შედგებოდა და მოიცავდა რომის ისტორიას ქალაქ რომის დაარსებიდან ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის პირველ ათეულ წლებამდე. შრომის შინაარსი წიგნების ანუ თავების მიხედვით ასე ყოფილა განაწილებული: პირველ წიგნში, რომელსაც ეწოდე: „მეფეთა“, მოთხრობილი იყო რომაელთა ისტორიის უძველესი პერიოდი – მეფეთა ხანა, დაწყებული ენეასის იტალიაში მოსვლიდან. მეორე, მესამე და მეოთხე წიგნები მოუთხრობდა რომაელების მიერ იტალიის დაპყრობაზე, გალებთან ბრძოლაზე და იტალიის გაერთიანებაზე რომის მეთაურობით. ამ წიგნებს, შესაბამისად, ეწოდებოდა „იტალიისა“, „სამნიტური“ და „გალური“. მეხუთე – „სიცილიისა“, გადმოსცემდა სიცილიის ისტორიას, მეექვსე – „იბერიისა” – ესპანეთის ისტორიას. მეშვიდეში – „ჰანიბალისა“ და მერვეში – „ლიბიისა“ მოთხრობილი იყო რომის ომები კართაგენთან. მეცხრე წიგნი – „მაკედონიისა“ და „ილირიისა“, მეათე – „საბერძნეთისა და იონიისა“, მეთერთმეტე – „სირიისა“ და მეთორმეტე – „მითრიდატესი“ გადმოსცემდა რომის მიერ მაკედონიისა და საბერძნეთის დაპყრობას, აგრეთვე აღმოსავლეთში ანტიოქიასთან და მითრიდატესთან წარმოებული ომების ისტორიას. მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე წიგნებში მოთხრობილი იყო რომის საშინაო ისტორია ძვ. წ. 37 წლამდე. შრომის ამ ნაწილს საერთო სახელი ჰქონდა – „სამოქალაქო ომები“, რომის შემდგომი ისტორია ძვ. წ. 37 წლიდან, ალბათ, ძვ. წ. 31 წლამდე, აგრეთვე რომის მიერ ეგვიპტის დაპყრობის ისტორია შეადგენდა მომდევნო ოთხი წიგნის –მეთარამეტედან ოცდამეერთემდე – შინაარსს. ამ ნაწილსაც საერთო სახელი ჰქონია – „ეგვიპტისა“. ოცდამეორე წიგნს ეწოდებოდა „ასი წელი“ და შეიცავდა რომის იმპერიის ისტორიას I საუკუნეში. ოცდამესამე და ოცდამეოთხე წიგნები ეხებოდა ტრაიანეს ომებს დაკიასა და არაბეთში. ამ წიგნებს შესაბამისად ეწოდებოდა „დაკიისა“ და „არაბეთისა“. აპიანეს უნდა ჰქონოდა აგრეთვე შრომა პართიის შესახებაც.

აპიანეს შრომამ მთლიანად ვერ მოაღწია ჩვენამდე. სრულად არის გადარჩენილი VI-VIII და XI-XVII წიგნები. მთლიანადაა დაკარგული XVIII-XXIV წიგნები. დანარჩენ წიგნთაგან მხოლოდ ნაწყვეტებია შემონახული.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები