არმაზისხევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმაზისხევი - არქეოლოგიური, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის დასავლეთით, 2 კმ-ზე, არმაზისხევისა და მდინარე მტკვრის შესართავთან, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ერთ-ერთ ტერასაზე. არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები შემოზღუდულია და აქ საველე მუზეუმია შექმნილი. გათხრილი სხვადასხვა ტიპის სამარხები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები ძირითადად ახ. წ. პირველი საუკუნეებიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდით თარიღდება. არის ენეოლითისა (ობსიდიანის იარაღის სახელოსნოს ნაშთები) და ბრინჯაოს ხანის (ორმოსამარხი) ძეგლებიც.

არმაზისხევში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1937-41, 1943-46 წლებში. მოპოვებული მასალის ნაწილი ინახება საქართვლოსე სახელმწიფო მუზეუმში.

სარჩევი

სამარხები

არმაზისხევის მინდორზე გაითხარა გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანის ორმოსამარხები, II-IV და IV-IX საუკუნეებით დათარიღებული სამაროვნები. ძირითადი უბნის შუაგულში თავმოყრილი ერისთავთა და სხვა მდიდრული სამარხები, აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით განლაგებული ღარიბული სამარხები II-III საუკუნეებით თარიღდება. ამ უბნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში IV საუკუნისის მდიდრული სამარხებია.

ერისთავთა სამარხები

ერისთავთა სამარხებში აღმოჩნდა ორი მთლიანკვეთილი სარკოფაგი. ერთი – ბანურსახურავიანი, მეორე – ორფერდა სახურავიანი. დანარჩენი შვიდი შედგენილი, ფილაქვით ნაგები ქვის სამარხებია, რომელთაგან სამს ორფერდა სახურავი აქვს, ხოლო ოთხს – ბანური. IV საუკუნის თოთხმეტივე სამარხი ფილაქვითაა ნაგები. მათგან სამს ორფერდა სახურავი აქვს, თერთმეტს კი ბანური. აგების წესის მიხედვით II-III და IV საუკუნეების, სამარხთა შორის შეიმჩნევა როგორც მსგავსება, ისე განსხვავება. ერისთავთა სამარხები აგებულია კარგად გათლილ-გამოკოდილი ფილაქვებით. კედლის და სახურავის ფილები მჭიდროდაა გადაბმული რკინის სამაგრებით, რომელთა ბოლოები საგანგებო ფოსოებში ჩადუღებულია ტყვიით. ერისთავთა სამარხებიდან ორი მოქცეულია საგანგებო დანიშნულების ქვითკირის ნაგებობაში. IV საუკუნის სამარხებში ასეთი შემთხვევა არ არის. IV საუკუნის სამარხების შემადგენელი ფილაქვები იშვიათადაა გათლილი და ნარიბანდებიც ნაკლები გულმოდგინებითაა ამოჭრილი. მათ ასაგებად ზოგჯერ ძველი მასალაა გამოყენებული. ამ ჯგუფის სამარხთა ნაწიბურები ხშირად კირით არის ამოლესილი. იატაკი ორივე ჯგუფის სამარხებშია, მაგრამ პირველ ჯგუფში იგი უკლებლივ ყველასა აქვს (ქვის ან კერამიკული ფილების), მეორე ჯგუფში კი თითო-ოროლას.

სამარხთა და მიცვალებულთა დამხრობა ორივე ჯგუფში ერთნაირია. მეტწილად დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ან თავით დასავლეთისკენ მიცვალებულები ძირითადად პირადმა გაშოტილი წვანან. ერისთავთა ერთ-ერთ სამარხში ჩონჩხის მთავარი ძვლები დალაგებული იყო ვერცხლის ჭურჭელზე (მეორედ დაკრძალვა) ერისთავთა სამარხები ყველა ინდივიდუალურია, მეორე ჯგუფში კი არის კოლექტიური, საოჯახო სამარხები ერისთავთა სამარხებში მიცვალებულის ვერცხლისფეხებიან სარეცელზე დასვენების სამი შემთხვევაა, IV საუკუნის სამარხებში – არცერთი. მიცვალებულები აქ რკინის ლურსმნებით შეკრულ ხის კუბოებში ასვენია.

ერისთავთა სამარხებში აღმოჩნდა: ერისთავთა ინსიგნიები (საზეიმო სატევრები, საბეჭდავი, სარტყელი, დიადემა), მონეტები, ვერცხლის ჭურჭელი (საღვინე სურები, ნაირნაირი სასმისები, დეკორატიული ლანგარი, პინაკები სკულპტურული გამოსახულებებით და სხვ.), მინის ჭურჭელი (მეტწილად სანელსაცხებლები), სამკაული (საშუბლე გვირგვინები, სამაჯურები, ყელსაკიდები, საწვივე რგოლები, აბზინდები, საყურეები, ბეჭდები, მძივები, საკიდები, კილიტები, საკინძები და სხვ.), თილისმა-ავგაროზები, მხედრისა და ცხენის აღკაზმულობის ნაწილები (ლაგამი, დეზები); წამოსასხამთა თუ ცხედრის საფართა ოქროს შემკულობა (კილიტები), ფეხსაცმლის ნაშთები, რკინის დანისპირები, სარკეები და სხვა პირსაფარეშო საგნები, თავსამკაულის ნაწილები და სხვ. IV საუკუნის სამარხებში აღმოჩნდა მხოლოდ სამკაული (ოქროს საყურეები, მძივები ყელსაბამები, დასახსრული და მძივედი სამაჯურები, ბეჭდები, ვერცხლისა და ბრინჯაოს აბზინდები და რკინის მშვილდსაკინძები, ერთი საავგაროზე მილაკი).

ერისთავთა სამარხებში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი და მდიდრული ინვენტარი მაჩვენებელია იმდროინდელი აღმოსავლეთ ქართული სამეფოს განვითარებული სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და მაღალი ეკონომიური და კულტურის დონისა.

II-III საუკუნეების ღარიბულ სამარხები

II-IV საუკუნეების სამაროვანზე აღმოჩენილ ინსიგნიებზე, სამკაულზე, ზოგიერთ ვერცხლის ჭურჭელსა ღა საფლავის ქვებზე ამოკვეთილია წარწერები.

II-III საუკუნეების ღარიბულ სამარხებს შეადგენს ორი კრამიტსამარხი და ორი ქვაყუთი. კრამიტსამარხთაგან ერთი სწორკუთხაა, მეორე ექვსკუთხა. სწორკუთხა კრამიტსამარხის კედელი ამოყვანილია ბრტყელი კრამიტით. ნაწიბურებზე გარედან აფარებულია ღარისებრი კრამიტები სახურავი ბრტყელი და ღარისებრი კრამიტებისა იყო. ექვსკუთხა კრამიტსამარხში სახურავად და განივ კედლებად ფილაქვებია გამოყენებულ. მიცვალებულები ესვენა პირდაპირ მოტკეპნილ იატაკზე, ფეხმოკეცილი, თავით დასავლეთისკენ. ქვაყუთების გრძივი კედლები და სახურავი ორ-ორი ფილაქვისაგან შედგება.

ერისთავთა თანამედროვე ყველა ღარიბული სამარხი დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ამ სამარხებში აღმოჩნდა იაფფასიანი მასალისაგან მაგრამ ერისთავთა სამკაულ-ჭურჭლის მიბაძვით დამზადებული ნივთები.

IV-IX საუკუნეების სამაროვანი

IV-IX საუკუნეების სამაროვანი საშუალო და დაბალი სოციალური ფენების მასობრივი სასაფლაოა სამარხები ნაგებია დაუდევრად; გაუთლელი ფილებით. გრძივი კედლები ხშირად ნატეხი ქვითა და თიხითაა ამოყვანილი. ყველა სამარხი დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ (აქაიქ მცირე გადახრით), მიცვალებულები ასვენია თავით დასავლეთისკენ, გულაღმა, ხელდაშვებული და გაშოტილი. ქვის სამარხები უმეტესად კოლექტიური, საოჯახო სამარხებია. სამარხეული ინვენტარიდან აღსანიშნავია სამკაული (სპილენძის, ბრინჯაოს, რკინის ღეროვანი და მშვილდური საკინძები, ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, აბზინდები, მძივები), ტანსაცმლის, ლითონის ნაწილები და მინის ჭურჭელი. იშვიათად გვხვდება პატიოსანი თვლები და ძვირფასი ლითონი. იყო თითო-ოროლა რკინის დანისპირი, ორი ცალი არაბული მონეტა (VIII ს.), რკინის ლურსმნები.

ნაგებობები

აბანო

აბანო ძლიერ დაზიანებულია, ამჟამად მას რკინა-ბეტონის პავილიონი (ავტ. თ. კობახიძე) ადგას. აბანოს (სიგრ. 22 მ, მაქს. სიგ. 8,8 მ) საძირკველი ამოყვანილია რიყის ქვით, ხოლო კედლები – ნატეხი ქვიშაქვით. აბანო შედგება გასახდელი ოთახის, საცეცხლისა და სამი საბანაო (ცხელი, თბილი და ცივი) განყოფილებისაგან.

გასახდელი ოთახი (შემორჩენილია საძირკველი და კედლების ნაწილი) დასავლეთითაა, შენობის განაპირას. იატაკი ხისა უნდა ყოფილიყო. სამხრრთის კედელში შესასვლელია, აღმოსავლეთის კედელში გაჭრილი კარით (სიგანე 0,9 მ) გასახდელიდან საცეცხლის (ფართობი 6,8 კვმ) თავზე არსებული სათავსის გავლით ცხელ აბანოში შედიოდნენ (მოგვიანებით ეს სათავსი სასაფლაოდ გამოუყენებიათ). ქვედა სართულში – საცეცხლეში – ქვის კიბით ჩადიოდნენ. საცეცხლის აღმოსავლეთ კედელში ღუმელია (სიგრძე 1,54 მ, სიგანე 0,7 მ).

ცხელი აბანო (12,09X33 მ) უკეთესადაა შემონახული. იგი ორსართულიანია. ქვედა სართული კალორიფერს წარმოადგენს. ამ სართულის იატაკზე მრგვალი ან სწორკუთხა აგურის 45 სვეტი (სიმაღლე 1,1 მ, სიგანე 0,23 მ) იდგა. მრგვალი სვეტები უფრო დიდი დიამეტრის მქონე აგურზეა დაყენებული. სვეტები გადახურული ყოფილა სწორკუთხა ფილებით, რომლებიც ზედა სართულის იატაკს ქმნიდა. ზედა სართულზე შემონახულია აუზი, რომელიც კვადრატული ფილაქვით ნაგები და ორივე მხარეს წყალგაუმტარი ხსნარით შელესილი კედლით გაყოფილია ორად: ერთი ცხელი წყლის აუზია, მეორე – ცივის. ცხელი ჰაერი კალორიფერიდან ცხელ აბანოში ადიოდა კედლებში დატანებული სწორკუთხა კრამიტის მილებით.

ცხელი აბანო კარით უკავშირდება თბილ აბანოს. შენობის ეს ნაწილი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. ქვედა სართული სამი სხვადასხვა ზომის ხვრელით დაკავშირებულია ცხელი აბანოს კალორიფერთან. იატაკი, სართულშუა გადახურვა და ცხელი ჰაერის მიმწოდებელი მილები აქაც ისეთივეა, როგორიც ცხელ აბანოში. ზედა სართულზე, ჩრდილოეთით ნახევარწრიული ნიშია, სამხრეთის კედელში კი სწორკუთხა.

თბილი აბანოდან ცივ აბანოში (ფართობი 11,3 კვ მ) გადიოდნენ. მის სამხრეთ ნაწილში აუზი იყო, რომელსაც დასავლეთითა და აღმოსავლეთით სამსაფეხურიანი ქვის კიბე ჰქონდა. აუზის იატაკი დაქანებულია აღმოსავლეთისკენ. კუთხეებში დატანებული წყლის გასასვლელი თიხის მილები უერთდება არხს, რომელიც შენობის აღმოსავლეთის კედლის საძირკველს მიყვება და მდინარე მტკვრისაკენ მიემართება. ნახმარი წყლის გადასაღვრელი მილი სადგომის ჩრდილოეთის ნაწილსაც აქვს. ცივი აბანოსათვის მოგვიანებით სათავსი მიუშენებიათ (შემორჩენილია სამხრეთ კედლის ნაწილი და აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაშთი).

არმაზისხევში წყალსადენის ორი ტრასაა: ერთი სამხრეთიდან არის გამოყვანილი, მეორე სამხრეთ-დასავლეთიდან. სამხრეთის ტრასა არმაზისხევიდან მოემართებოდა და საცეცხლე განყოფილებასთან ერთვოდა ქვიშაქვის სწორკუთხა ბლოკს – სადინარის მუხლს.

არმაზისხევის აბანო რომაულ აბანოთა ტიპისაა. მსგავსი აბანოები გავრცელებული იყო მცირე აზიაში, სირიაში, სომხეთში, საქართველოში (ბაგინეთი, ბიჭვინთა, შუხუთი, ნოქალაქევი, ძალისი) და სხვ.

ზღურბლიანი ნაგებობა

აბანოს სამხრეთ-აღმოსავლეთით გაითხარა ქვითკირის ნაგებობის ნაშთები, ე.წ. ზღურბლიანი ნაგებობა – გამოვლინდა ერთიმეორისაგან კაპიტალური კედლით გამოყოფილი სენაკების ნანგრევები. დასავლეთ სენაკის (7X6,75 მ) ჩრდილოეთ კედლის შუაში გაჭრილია კარი, რომლის ზღურბლი რუხი ქვიშაქვის დიდი მასიური, გათლილი ფილაქვაა (სიგრძე 1,53 მ; სიგანე 1,2 მ; სისქე 0,285 მ). ზღურბლში ამოკვეთილია საფეხური (სიგანე 0,2 მ, სიმაღლე 0,05 მ), რომლის კუთხეებში, ბოლოებიდან 0,04 მ მანძილზე, ამოჭრილია კარის ღერძის ჩასადგმელი ორი ტოლი, ოდნავ ოვალური ფოსო. შემორჩენილია კარის ორივე ამყოლი. ისინიც ქვიშაქვისაა და ისევე კარგადაა გათლილი, როგორც ზღურბლი. გადარჩენილია აგრეთვე არქიტრავის ნახევარი, ორად გატეხილი. დასავლეთ სენაკის დასავლეთ კედელთან აღმოჩენილი სვეტისთავი და სვეტისძირიც ასევე ნაცრისფერი ქვიშაქვისაგანაა გამოკვეთილი. სვეტისთავის აბაკი გვერდებჩაზნექილი რომბისა და ოთხყურა ყვავილის კომბინაციას წარმოადგენს. სვეტისძირის ქვედა ნაწილი სწორკუთხაა, ხოლო ზედა – ოდნავ ბრტყელი და მრგვალი.

აღმოსავლეთ სენაკი (2,2X6,75მ) ძლიერ დაზიანებულია. ნაგებობის შიგნით და გარეთ მრავლად აღმოჩნდა კრამიტის ნატეხები, ნაცრისა და ნახშირის სქელი ფენა. აღმპსავლეთ სენაკს ებმის სამი კედელი (შემორჩენილია ფრაგმენტები). ერთი მათგანი აგრძელებს სენაკის აღმოსავლეთ კედელს და ჩრდილოეთისაკენ მიემართება. მეორე აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილთან იწყება და აღმოსავლეთისკენ მიემართება (გამოვლენილია 2 მ-ზე). ამ კედლის სამხრეთით კერამიკული ფილებით მოგებული მცირე ფართობია. მესამე კედლის ფრაგმენტი ამავე სენაკის სამხრეთ კედელს ებმის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან და სამხრეთით მიემართება. ზღურბლიანი ნაგებობის დანგრევის შემდეგ მისი კედლები ქვის სამარხთა კედლებად გამოუყენებიათ.

ერთსენაკიანი ნაგებობა

ერთსენაკიანი ნაგებობა ქვითკირისაა, შემორჩენილია აღმოსავლეთ კედლის ქვედა ნაწილი (სიმაღლე 1,5 მ, სიგრძე 8 მ), აგრეთვე სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილები. შენობის სრული გეგმა და დანიშნულება გაურკვეველია.

ორსენაკიანი ნაგებობა

ორსენაკიანი ნაგებობა აღმოჩნდა აბანოს სამხრეთ-დასავლეთით, 40 მ-ზე. აშენებულია ნატეხი ქვით და კირით. ნაგებობა შედგება ორი არათანაბარი განყოფილებისაგან. მათი გამყოფი და გარე კედლები ერთნაირი სისქისაა, დასავლეთის განყოფილება აღმოსავლეთისაზე (6X6 მ) მოკლე და ვიწროა და აღმოსავლეთის განყოფილებაზე ისეა მიშენებული, რომ აქეთ-იქით თითო მეტრი ცარიელი არე რჩება.

მარანი

მარანი (45X90 მ) არმაზისხევის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ქვევრების უმეტესობა დამტვრეულია (უდიდესი ქვევრის სიმაღლე 2 მ, კედლის სისქე 1,5-2 სმ, მუცლის დიამეტრი 0,85 მ, პირისა 0,4 მ, ფსკერის 0,2 მ). ყველა ქვევრი შვეულადაა მიწაში ჩადგმული და ყველას დიდი მუცელი აქვს. ბევრ მათგანს გარედან შემოვლებული აქვს საკმაოდ რელიეფური, სადა ან ჭდეული ორი, ოთხი ან მეტი წვრილი სარტყელი. ზოგიერთ ქვევრს შერჩენილი აქვს ქვის სარქველი – ქვიშაქვის მრგვალი ან ოთხკუთხა, საკმაოდ უსწორმასწორო ფილა.

გვიანი პერიოდის ორსენაკიან ნაგებობა

გვიანდელი ნაგებობებიდან უმთავრესად შემორჩენილია კედლისა და საძირკვლის ნაშთები და მოფილაქნებული ფართობები. ყველაზე უკეთ შემონახულია ორსენაკიანი ნაგებობა.

ორსენაკიანი ნაგებობა გაითხარა უბნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შენობის საფუძვლად გამოყენებულია ძველი დანგრეული ნაგებობის ღია მონაცრისფრო და ზოგჯერ მოწითალო ქვიშაქვის თლილი ლოდები, რომლებზეც ნატეხი ქვითა და თიხით ამოყვანილია კედლები, ჩრდილოეთის სენაკს (8X4,2 მ; კედლები შემორჩენილია საშუალოდ 2 მეტრის სიმაღლეზე) აღმოსავლეთ კედლიდან 1,5 მეტრის დაშორებით აქვს გარდიგარდმო კედელი, რომელიც დერეფანს (1,7X4,2მ) ქმნის. დერეფნიდან სენაკში შესასვლელი კარი ყოფილა, შემორჩენილია ოთხსაფეხურიანი ქვის კიბეც. ერთი სარკმელი ყოფილა გაჭრილი დასავლეთ კედელში. სამხრხის კედელში დატანებული კარით მეორე უფრო მცირე სენაკში (5,1X2,2 მ) შეიძლებოდა გასვლა. მცირე სენაკის სამხრრეთ კედელში სწორკუთხა თახჩაა. სენაკის ჩრდილოეთ კუთხესთან საკარე და ქვის კიბის ერთი საფეხურია.

თითოეულ სენაკში აღმოჩნდა ორ-ორი ქვაყუთი.

დიდ სენაკში სამარხები გაითხარა სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. ორივე სამარხი დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. სამარხთა პედლები კარგად გათლილი ქვებითაა შედგენილი. მცირე სენაკში ერთი სამარხი სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში იყო, ხოლო მეორე – ჩრდილო-აღმოსავლეთისაში.

საკულტო ნამარხები

საკულტო ნამარხები წითლად და შავად გამომწვარი თიხის ქილებია. ყველა ძალიან ღრმად – 1,8-2,5 მ-ზე იყო ჩაფლული. სულ ნაპოვნია 9 ქილა. ზოგიერთ მათგანში აღმოჩნდა ფრინველის ჩონჩხი.

არმაზისხევის მონაპოვარმა ახალი შუქი მოჰფინა I-IV საუკუნეების ქართლის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრების მრავალ მხარეს.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები