არმაზის ბილინგვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არმაზის ბილინგვა

არმაზის ბილინგვამცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს (1940) არმაზისხევში აღმოჩენილი ორენოვანი წარწერა, ეპიტაფია. შესრულებული ქვის სტელაზე ბერძნულ და არამეულ ენებზე.

არმაზის ბილინგვა განეკუთვნება II ს-ს. ბერძნული ტექსტი, რომელიც შეიცავს 9 სტრიქონს, წაიკითხა და გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა (1941). II-სტრიქონიანი არამეული ტექსტი წაიკითხა და სათანადო გამოკვლევით პირველად გ. წერეთელმა გამოაქვეყნა („არმაზის ბილინგვა“ – რუს. 1941, ქართ. და ინგლ. – 1942). ორივე წარწერა ძირითადად იდენტური შინაარსისაა, ოღონდ არამეული უფრო ვრცელია და შეიცავს დამატებით ცნობებს გარდაცვლილისა და მისი მეუღლის შესახებ. ბერძნულ ტექსტში აღნიშნულია, რომ სერაფიტი (ეპიტაფიის ობიექტი) იყო ასული პიტიახშ ზევახისა და მეუღლე პიტიახშ პუბლიკიოს აგრიპას ძის იოდმანგანისა – იბერიის დიდი მეფის და რომ იგი (სერაფიტი), შეუდარებელი სილამაზის მქონე, გარდაიცვალა 21 წლისა. არამეულ ტექსტში დამატებით დასახელებულია პიტიახშ ზევახის პატრონი ფარსმან მეფე (2-ჯერ), რომლის საქმიანობასთან დაკავშირებით შესაძლებელია მოხსენიებული იყოს ფარნავაზ მეფის სახელიც (გ. გიორგაძე). არამეულ ნაწილში დამატებულია სერაფიტის ეპითეტებიც („კეთილი“, „მშვენიერი“). ყურადღებას იქცევს ეპიტაფიის ბერძნულ და არამეულ ტექსტებს შორის არსებული სხვა ხასიათის სხვაობაც. ბერძნულ ტექსტში თხრობა მესამე პირშია, არამეულში კი – პირველ პირში, მაგრამ ამ ტექსტის მეორე ნახევარი, რომელიც პირველისაგან გამოყოფილია სიტყვით „ასე, ამგვარად“, გრძელდება მესამე პირში. არმაზის ბილინგვა როგორც მასთან ერთად ნაპოვნი არამეული ერთენოვანი წარწერა, განსაკუთრებული მნიშვნელობისა არა მარტო ქართული, არამედ ახლო აღმოსავლეთისა და მისი კულტურის ისტორიის შესწავლისთვისაც. წარწერებში ასახულია იმდროინდელი (I–II სს.) იბერიის სახელმწიფო სისტემა, მოხსენიებული არიან მაღალი რანგის ისტორიული პირები (მეფეები, პიტიახშები. ეზოსმოძღვრები), რომელთაგან ზოგი ადრე უცმობი იყო.

არმაზის ბილინგვამ სპეციალისტთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ რიგში დასადგენი იყო ტექსტის ენა. აკად. გ. წერეთელმა, რომელმაც ამ ტექსტს სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა, უფრო არამეულად ივარაუდა იგი და დაადგინა არამეული დამწერლობის ახალი სახეობა, რომელიც დღეს არმაზული დამწერლობის (გ. წერეთელი) სახელითაა ცნობილი. არმაზის ბილინგვის ხსენებული გამოცემის შემდეგ მისდამი მიძღვნილი მრავალი გამოკვლევა დაიწერა, შეტანილია კორექტივები არამეული ტექსტის წაკითხვასა და გაგებაში. ვფიქრობთ, დღეს ამ ტექსტის ენის არამეულობაც არ უნდა იწვევდეს ეჭვს: ენა არამეულია, რომელიც აგრძელებს „სახელმწიფო არამეულის“ ტრადიციას. ირანული წარმოშობისაა, ძირითადად, საკუთარი სახელები.

არმაზის ბილინგვამ დაადასტურა. რომ იბერიაში ახ. წ. პირველ საუკუნეებში ოფიციალურ წრეებში ბერძნულთან ერთად არამეულსაც იყენებდნენ (როგორც ეს დამახასიათებელია ამ ხანაში სხვა სახელმწიფოებისათვისაც. მაგ. პართიისათვის). ამასთანავე, ბერძ. ტექსტის პირველ ადგილზე დასმა უნდა მიუთითებდეს ელინისტურ-რომაულ ხანაში ბერძნული ენის განსაკუთრებულ პრესტიჟზე საერთაშორისო მასშტაბით, მაშინ როცა არამეული ამ დროს უფრო „შინაურული“ ხმარებისათვის იყო განკუთვნილი. ამით უნდა აიხსნას აგრეთვე ბერძნული ეპიტაფიის ძირითადი სიუჟეტის სიმოკლე (გარდაცვლილის ვინაობა), ხოლო არამეულ ნაწილში, რომელიც პირველი პირით იწყება, მოცემულია ისეთი ცნობებიც, რომლებიც უშუალოდ გარდაცვლილს არ ეხება და უფროადგილობრივი მოსახლეობისათვის იყო განკუთვნილი.

არმაზის ბილინგვამ დასაწყისი მისცა საქართველოში აღმოჩენილი სხვა არამეული წარწერების გაშიფვრა-დადგენასაც.

კ· წერეთელი


ლიტერატურა

  • ყაუხჩიშვილი ს. არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები. – „სმამ“, 1941, ტ. 2. № 1-2;
  • წერეთელი გ. არმაზის ბილინგვა. – „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13;
  • აბაევი ვ. არმასის ბილინგვის გარშემო.– „სმამ“, 1944, ტ. 5, № 8;
  • გიორგაძე გ. არმაზის ბილინგვა: „ფარნავაზი“ თუ „ფარნავასიანი“? – „მნათობი“, 1986.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები