აწრისხევი
აწრისხევი (აწერისხევი) – (ინგლ. Atsrisxevi, Atserisxevi; რუს. Ацрисхеви, Ацерисхеви), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტში, ქ. თბილისიდან 92 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე პატარა ლიახვის (მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1280-1320 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი მთა-გორიანია.
ჰავა – შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია, მდგრადი თოვლის საფრით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3,6°C. ზაფხული ხანმოკლეა და გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 18,3°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 72%-ია. ნალექების წლიური რაოდენობაა 1200 მმ.ნალექების მაქსიმუმი გაზაფხულზე მოდის, ხოლო მინიმუმი – ზამთარზე. მზის ნათების ხანგრძლივობა საშუალოდ 1986 საათია წელიწადში.
აწრისხევის მიდამოებში გავრცელებულია ქართული მუხა და რცხილა. მათთან შერეულია: ნეკერჩხალი, ცაცხვი და სხვა.
აწრისხევის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის (M-3,0 გ/დმ3) ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც მოიპოვება აწრისხევის მიდამოებში; შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
აწრისხევის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია: მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და პასიური კლიმატოთერაპია.
სავარაუდო ჩვენებები აწრისხევში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; კუჭ-ნაწლავისა და ღვიძლის, ნაღველგამომყოფი და შარდგამომყოფი გზების პათოლოგიები.