ბერნული დანიელ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერნული დანიელ I (1700 – 1782). მათემატიკოსი, მექანიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი, ფიზიოლოგი.

ძმები ნიკოლაი II და დანიელ I

დაიბადა ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენში; მამის – იოჰან I-ის ხელმძღვანელობით მიიღო შესანიშნავი განათლება. აქტიურ კვლევებს აწარმოებდა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, განსაკუთრებით მათემატიკასა და მექანიკაში.

მათემატიკაში დანიელ ბერნულს ეკუთვნის ალგებრულ განტოლებათა ამოხსნის რიცხვითი მეთოდი უკუქცევითი მწკრივების დახმარებით; შრომები აქვს ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში, ალბათობათა თეორიაში; განსაზღვრა e რიცხვი, როგორც ზღვარი გამოსახულებისა (1+1/n)n, როცა n →∞.

მეტად მნიშვნელოვანი იყო დანიელ ბერნულის გამოკვლევები მწკრივთა თეორიაში, რომელიც დაკავშირებული იყო მექანიკის პრობლემებთან. სიმის რხევისადმი მიძღვნილ ნაშრომში (1755) მიღებული შესაბამისი კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლების ამოსახსნელად მან პირველად გამოიყენა ტრიგონომეტრიული მწკრივები, რომელთაც შემდგომ ფურიეს მწკრივები უწოდეს.

დანიელ ბერნულის ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ჰიდროდინამიკას, აირების კინეტიკურ და რხევათა თეორიას. მისი მრავალი წლის მოღვაწეობის გვირგვინი იყო 1738 წელს გამოქვეყნებული თხზულება „ჰიდროდინამიკა“. თვით ტერმინიც „ჰიდროდინამიკა“ მას ეკუთვნის.

დანიელ ბერნული იკვლევდა დრეკადი სხეულების მექანიკასაც; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მასალათა გამძლეობის საკითხების დამუშავებაში. ხელი შეუწყო დრეკადი წირების თეორიის განვითარებას. მან ეილერს მიაწოდა იდეა გამოეყენებინა ვარიაციული აღრიცხვა დრეკადი წირის განტოლების გამოსაყვანად.

დანიელ ბერნული იყო არა მარტო მათემატიკოსი, არამედ შესანიშნავი ექსპერიმენტატორიც.

ეილერი და დანილ ბერნული ბაზელში შეისწავლიდნენ მედიცინას, დაინტერესებულნი იყვნენ ფიზიოლოგიის ამოცანებით და ცდილობდნენ გადაეყვანათ ისინი მათემატიკის ენაზე. ასე შეისწავლიდა დანილ ბერნული სისხლის დინებას ძარღვებში, როგორც ჰიდროდინამიკის ამოცანას. ეილერი კი მათემატიკურ მეთოდს იყენებდა მუსკულატურის ზოგიერთი მოძრაობის კვლევისას.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები