ბლოკი ჟან-რიშარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბლოკი ჟან-რიშარ - (ფრ. BLOCK JEAN-RICHARD 1884 - 1947) XX საუკუნის ფრანგი პუბლიცისტი, რომანისტი, დრამატურგი, საზოგადო და თეატრალური მოღვაწე.

ჟან-რიშარ ბლოკი დაიბადა 1884 წელს. შემოქმედების დასაწყისში იგი ებრძვის დეკადანსსა და ბურჟუაზიულ ფასეულობებს. უკვე 1910-1914 წლებში მის მიერ ქალაქ პუატიეში გამოცემულ ჟურნალ „ეფორ ლიბრის“ ფურცლებზე მკვეთრად აკრიტიკებს დეკადენტურ მოძრაობას და ემხრობა ხელოვნების დაკავშირებას რეალურ ცხოვრებასთან. მასთან თანამშრომლობენ რომენ როლანი, მარტენ დიუ გარი, შარლ ვილდრაკი, ჟიულ რომენი. იგი მხარს უჭერს რევოლუციას რუსეთში და 1921 წელს შედის ფრანგული კომპარტიის რიგებში. ამავე დროს მას ძალიან აწუხებს პიროვნების ბედი პროლეტარიატის დიქტატურის პირობებში. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ განაგრძობს ბურჟუაზიის კრიტიკას სტატიებსა და წიგნებში, რომლებშიც ამხელს ყველა სახის ადამიანურ ჩაგვრას.

20-იან წლებში ბლოკი ბევრს ფიქრობს თეატრის შესახებ. იგი კომერციული თეატრის მოწინააღმდეგეა - იბრძვის ღრმა აზრებისა და მაღალი იდეების დამკვიდრებისათვის თეატრში. მისთვის ახლოსაა როლანის ოცნება სახალხო თეატრზე, ჟემიეს რეჟისორული ძიებანი. ბლოკი ასევე მოღვაწეობს, როგორც მხატვარი. 1919-1920 წლებში წერს დრამას „უკანასკნელი იმპერატორი“, რომელიც დაიდგა ჟემიეს მიერ 1936 წელს და ტროკადეროს სახალხო ნაციონალური თეატრის რეპერტუარში შევიდა. გარდა ამისა, იგი ქმნის მრავალ ლიბრეტოს ბალეტისათვის, ლირიკულ მუსიკალურ დრამებს, ახორციელებს გერმანელი ავტორის - ლ. ფრანკის პიესის „კარლი და ანნას“ ადაპტირებას, რომელსაც 1928 წელს დგამს გასტონ ბატი.

30-იანი წლებიდან ბლოკი ერთვება პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1936 წელს აქვეყნებს წიგნს „ესპანეთი, ესპანეთი!“ ხოლო 1937 წლიდან ლუი არაგონთან ერთად იწყებს კომუნისტურ გაზეთ „სე სუარის“ გამოცემას, თანამშრომლობს „იუმანიტესთან“, წერს სცენარს მასობრივი სახალხო სპექტაკლისათვის - „ქალაქის დაბადება“ (1937) და პიესებს მუშათა თვითმოქმედი კოლექტივებისათვის.

1941 წელს ჟან-რიშარ ბლოკი იძულებულია დატოვოს საფრანგეთი და 1944 წლამდე საბჭოთა კავშირში ცხოვრობს. ამ პერიოდში 1200 რადიო-რეპორტაჟს ამზადებს, წერს პიესას - „ჩხრეკა პარიზში“ (1941). მნიშვნელოვანი პიესაა „ტულონი“ (1943), რომელსაც საფუძვლად დაედო ერთი ეპიზოდი ფრანგული წინააღმდეგობის ისტორიიდან. ეს არ იყო რეალური ფაქტის დრამატიზება, კერძოდ ფრანგული სამხედრო გემების ჩაძირვისა, რომელთა დაპატრონებასაც ჰიტლერული ჯარები ცდილობდნენ. საზოგადოების სხვადასხვა ფენების ჩვენებისას ბლოკი გმირებსაც გამოჰყოფს: ერთი მხრივ, ესენია ოკუპანტები და მათთან შეკრული მოღალატეები, და მეორე მხრივ, ჭეშმარიტი პატრიოტები. პიესა მთავრდება სასამართლო სცენით, სადაც მსჯავრდებულის სავარძელში მოღალატე კოლაბორაციონისტები გვევლინებიან. ტულონში ბლოკი ქმნის ახალ სტილს, რომელსაც საფუძვლად დაედო დოკუმენტურ-რეალისტური დრამა და რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა.

ჟან-რიშარ ბლოკი გარდაიცვალა 1947

გამოცემები ქართულ ენაზე
  • ჩვენ თქვენთანა ვართ! : [1941 წელს მოსკოვში მყოფი ფრანგი მწერლის წერილი]: სტატია გაზეთიდან "იზვესტია" N148 / ჟან-რიშარ ბლოკი. ლიტერატურული საქართველო თბილისი, 1941. 4 ივლისი, N27




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები