ბლუზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მა რეინი,
ამერიკელი ბლუზის მომღერალი

ბლუზი - (ინგლ. blues, შემოკლ. blue devils-ის – მელანქოლია, სევდა) აფრო-ამერიკელთა ლირიკული სიმღერა, სრულდება ნელი ტემპით.

ბლუზის, როგორც ჟანრის აღმოცენებისა და განვითარების შესახებ საუბარი ძალზე რთულია, ფაქტობრივად, შეუძლებელია კიდეც. ვინაიდან მუსიკის ამ სახეობის პირველი ბგერითი ჩანაწერები მხოლოდ XX საუკუნის 20-იან წლებში შესრულდა, როდესაც ამერიკელ შავკანიანთა მუსიკალური ხელოვნების ეს უნიკალური სახე უკვე ჩამოყალიბებული იყო, თუ სად, როგორ, როდის დაიბადა ბლუზი არავითარი ცნობები არ არსებობს, ამიტომაც ამ თემაზე საუბრისას შეიძლება მხოლოდ სავარაუდო ვერსიების გამოთვლა.

ძნელია იმის მტკიცება, თუ რომელი წინამორბედი ჟანრი უდევს საფუძვლად ბლუზს. ალბათ სამართლიანი იქნება აღვნიშნოთ, რომ ბლუზის ფესვები ამერიკელი ზანგების საერთო მუსიკალურ ტრადიციებშია, რომლებმაც საფუძველი ჩაუტარა სპირიჩუელსაც, შრომის სიმღერებსაც და მრავალ სხვა ჟანრსაც. რა თქმა უნდა, ამ ჟანრებს და ბლუზს ბევრი რამე საერთო გააჩნიათ, მაგრამ უფრო მეტი თვისებებით ბლუზი გამოირჩევა მათგან. ასე, მაგალითად, ბლუზში, როგორც სპირიჩუელში გამოყენებულია პოლირიტმია; ბლუზს ახასიათებს ე. წ. “Off-pitch” (სიზუსტეს აცდენილი) ინტონიერება, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაა შრომის სიმღერებში ხშირად შემხვედრი ინტონირება, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაა შრომის სიმღერებში ხშირად შემხვედრი „Dirty tone”-ები; ბლუზების ტექსტები, მსგავსად შრომის სიმღერებისა, უმეტეს შემთხვევაში ნაღვლიან, ნოსტალგიურ ან უმძიმეს ყოფასთან დაკავშირებულ თემატიკას ეყრდნობიან და ა. შ. დროთა განმავლობაში ბლუზის თემატიკას სასიყვარულო ელემენტი დაემატა და, საბოლოო ჯამში, ყველა დანარჩენი თემა ბლუზის ტექსტებიდან განდევნა.

ერთი სიტყვით, ბლუზის ჟანრი XIX საუკუნის 80-90-იან წლებში ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებოდა, ხოლო თავისი საბოლოო სახე XX საუკუნის 10-იან წლებში მიიღო.

პირველ რიგში, აღსანიშნავია ბლუზის პოეტური და მუსიკალური სტრუქტურა. ბლუზის პოეტური ტექსტის სტროფი სამი თანაბარი ნაწილისგან შედგება, სადაც თითო ნაწილი ლექსის ერთ სტრიქონს წარმოადგენს. როგორც წესი, პირველი და მეორე სტრიქონი იდენტურია, ხოლო სტროფის დამაბოლოებელი მესამე სტრიქონი შემაჯამებელი ინფორმაციის მატარებელია. მაგალითად:

Everybody knows me moanin’
Everybody knows me moanin’
But I’m moanin’ cause I lost my little baby!

ბუნებრივია, რომ ბლუზის მუსიკალური ფორმა აგებულია პოეტური ფორმის გათვალისწინებით და ამიტომაც სამ მუსიკალურ წინადადებას შეიცავს.

აღსანიშნავია ბლუზის უნიკალური დამახასიათებელი თვისება − განსაკუთრებული მელოდიკა. ევროპულ მუსიკალურ ხელოვნებაში ცნობილია შვიდსაფეხურიანი დიატონური ბგერათრიგები, რომლებსაც ხალხურ კილოებს უწოდებენ, რადგანაც ისინი ევროპელი ხალხის ფოლკლორიდან არიან ცნობილი. არსებობის დაწყებისთანავე ბლუზი ეყრდნობა ზანგური ხალხური მუსიკის ბგერთარიგს, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა „Off-pitch“ ტონების განსხვავებულ ნაირსახეობას, ე. წ. „Blue Tones“ (ნაღვლიანი, ან ბლუზის ბგერები) ენიჭება.

დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მცდარი აზრი, რომ ბლუზის ბგერები მხოლოდ დიატონური ბგერათრიგის საფეხურების ამაღლება ან დადაბლებაა. სინამდვილეში კი ბლუზის ტონები − დამოუკიდებელი ბგერებია, რომლებსაც ტემპერირებულ წყობაში არ გააჩნიათ მკაფიოდ ფიქსირებული სიმაღლე, როგორც ეს დიატონურ კილოში ხდება, და ამიტომ მათ Off-pitch ტონები, ანუ სიზუსტეს აცილებული ბგერები უწოდეს, რადგანაც ბლუზის ბგერები ტემპერირებულ წყობაზე მიჩვეული ადამიანის ყურისათვის მართლაც რომ „უსუფთაოდ” ჟღერს.

აღსანიშნავია, რომ თუკი კლასიკურ მუსიკაში გამოყენებად ხალხურ კილოებს სწავლობენ როგორც აღმავალი, ისე დაღმავალი მიმართულებით, ბლუზის კილოს მხოლოდ დაღმავალი მიმართულებით სწავლობენ. ეს განპირობებულია იმით, რომ ბლუზში მუსიკალური გამომსახველობის კულმინაცია ემთხვევა ფრაზის დასაწყისს და მუსიკალური აზრის შემდგომი განვითარება დაღმავალი მიმართულებით მიმდინარეობს.

მრავალი მუსიკალური მაგალითის ანალიზის შედეგად შესაძლებელი გახდა ბლუზის ეროპული მუსიკისათვის ჩვეული ფორმებისგან განმასხვავებელი, დამახასიათებელი თვისებების განზოგადოება.

  • ბლუზის ფორმა ყოველთვის სამ თანაბარ წინადადებას შეიცავს;
  • ბლუზის მელოდიური ფუძეა ბლუზის კილო, მისთვის დამახასიათებელი ბლუზის ბგერებით;
  • ბლუზის მელოდია მეტწილად დაღმავალი მიმართულებით ვითარდება;
  • ბლუზის მელოდია ხშირად რომელიმე ბლუზის ბგერით იწყება;
  • ბლუზის მელოდიური განვითარება კულმინაციით იწყება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ბლუზი როგორც სასიმღერო ჟანრი ჩამოყალიბდა, ხოლო შემდგომში უკვე საკრავიერ სფეროში გადაინაცვლა და ელექტრონული საკრავების შექმნის შემდეგ გადაიზარდა სტილში, რომელსაც დღეს ვიცნობთ „Rhythm;Blues” -ის სახელით.

ზანგთა ფოლკლორის ამ „პაწაწინა” ჟანრს მუსიკოსები კვლავ და კვლავ უბრუნდებიან აი უკვე 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და იგი მუსიკალური აღმაფრენის დაუშრეტელ წყაროდ იქცა.


წყარო

საუბრები თანამედროვე ხელოვნებაზე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები