ბოლოშავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოლოშავა (ლათ. Turdus pilaris Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ბოლოშავა საშუალო ზომის შაშვია, ფრთა 135-150 მმ-ია, კუდი – 95-115 მმ, ნისკარტი – 15-20 მმ, წონა – 85-130 გ. სქესთა შორის განსხვავება სიდიდესა და შეფერილობაში არაა ან უმნიშვნელოა. ზრდასრული ფრინველის თავი, კისერი, ზურგის უკანა ნაწილი და კუდზედა ბუმბულები რუხია; თხემზე მუქი ღერძულა ხაზებია, ზურგის წინა ნაწილი მოწაბლისფრო-მურა. ფრთების ზემო მფარავები რუხია, მურა ელფერით; მომქნევები მოშავო-მურაა, მაგრამ უკანა მომქნევების გარეთა მარაოები რუხი. ნიკაპი, ყელი, ჩიჩახვი და მკერდი ჟანგმიწისფერ-მოყვითალოა, მუქი გასწვრივი წინწკლებით. სხეულის ქვემო მხარის დანარჩენი ნაწილი თეთრია, გვერდებზე მოწაბლისფრო წინწკლებით. იღლიისა და ფრთის ქვემო მფარავები თეთრია; საჭის ბუმბულები მოშავო-მურაა; ნისკარტის უმეტესი ნაწილი ყვითელია, ხოლო წვეროში მუქი მურა. ფეხები მურა ფერისაა.

აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური ბოლოშავა – T. p. subpilaris Brehm, 1831.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილო-დასავლეთ ციმბირს: დასავლეთით შვეიცარიამდე და აღმოსავლეთ ბავარიამდე; ჩრდილოეთით – სკანდინავიას, კოლის ნახევარკუნძულს, ჩრდილოეთ ურალს და ტაიმირის ტყის ზონას; აღმოსავლეთით აღწევს მდ. ალდანამდე; სამხრეთი საზღვარი დაახლოებით ასეთია: ავსტრია, შვეიცარია, უნგრეთი, პოლტავა, ვორონეჟი, სარატოვი, ყაზახეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ალტაი და იმიერბაიკალეთი. არეალის დიდ ნაწილში მობინადრეა, მაგრამ ზოგიერთი ადგილიდან საკმაოდ შორს მიფრინავს სამხრეთისაკენ. საქართველოში მასობრივად მოზამთრე ფრინველია.

ბიოტოპი

ბინადრობს როგორც წიწვიან, ისე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, მაგრამ ეტანება ტყისპირებსა და ტენიან ადგილებს კულტურული ლანდშაფტის სიახლოვეს. ზამთარში უფრო ხშირად მოიპოვება უთოვლო ნახნავებში და კენკროვან ბუჩქნარებში.

გამრავლება

ბუდობს ჩვეულებრივად კოლონიებად, ერთ ხეზე შეიძლება იყოს რამდენიმე ბუდე. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მეორედ ივნისის ბოლოს დებს 4-7 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 12-14 დღემდე გრძელდება. ბარტყების გამოკვებაში მამალიც მონაწილეობს.

კვება

ზაფხულში იკვებება ძირითადად მწერებით, მათი ლარვებით, მრავალფეხებით, ჭიებით, წვრილი ლოკოკინებით და ხმელეთის სხვა უხერხემლოებით. შემოდგომითა და ზამთარში ჭამს მეტწილად ნაირგვარ კენკრას.

მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებისა და კენკროვან მცენარეთა გავრცელების გამო ითვლება სასარგებლო ფრინველად.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები