ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია
ბოჭორმის წმინდა გიორგის ტაძარი − (X ს.) მდებარეობს ახლანდელი სოფ. ბოჭორმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, გომბორის ქედზე (თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია). ტაძარი დგას კახეთის სამთავროს პოლიტიკური ცენტრის, ბოჭორმის დიდი ციხესიმაგრის შუაგულში. იგი ექვსაფსიდიანია, ამ ტიპის ძეგლებს შორის განსაკუთრებული მხატვრული სრულქმნილებით გამოირჩევა და X-XI სს. მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს.
არქიტექტურა
ტაძრის არქიტექტურაში არაჩვეულებრივი მხატვრული სიმძაფრითაა წარმოდგენილი გუმბათით გაერთიანებული ექვსაფსიდიანი სივრცე. აფსიდათა შორის ძლიერი, მრგვალი სვეტები და კედლის პილასტრები, ქმნის რა მძლავრ მოცულობებს, „უკუშექცეულ“ აფსიდებთან ერთად განაპირობებს ცენტრის მიმართ სივრცის შთამბეჭდავ პლასტიკურ მოძრაობას. მოხატულობას ამძაფრებს კარ-სარკმლის ღიობებიდან შემოსული სინათლის რიტმული „რწევა“, რომელიც ექვს მწყობრ სარკმლად იკვრებოდა გუმბათის ყელში.
ტაძრის უნიკალური გუმბათი იმსხვერპლა XX ს. 20-იანი წლების ანტირელიგიურმა ვანდალიზმმა, რომლის დროსაც ტაძარი ააფეთქეს. ბოლო დროს აღმოჩენილი ერთადერთი ფოტო გვიჩვენებს, რომ ტაძრის გუმბათი, მრგვალი ყელითა და მასზე ერთიან თაღნარში მონაცვლეობით ჩასმული სარკმლებით, ეხმაურება X-XI სს. ტაოკლარჯულ არქიტექტურულ სტილს, რაც ტაძრის უმაღლეს ხუროთმოძღვრულ მახასიათებლებთან ერთობლიობაში იძლევა საშუალებას, მისი აშენების თარიღად ვივარაუდოთ ბაგრატ III-ის მიერ მცირე ხნით კახეთის შემოერთების წლები.
თანადროული ტრადიციისამებრ, აგებისას ეკლესია არ მოუხატავთ, ინტერიერი შეუმოსავთ ქვიშაქვისა და შირიმის თლილი პერანგით. სივრცის ერთ-ერთი მთავარი გამაცხოველებელი მახვილი კი უნდა ყოფილიყო წმ. გიორგი ძლევამოსილის ჭედური ხატი (ზომითა და იკონოგრაფიით სწორუპოვარი). უმნიშვნელოვანესია ბაგრატ ბატონიშვილის ცნობა: „წელსა ამას 1800 გამოჩნდა ნაწილი წ~სა მთავარმოწამისა გიორგისა მკლავი, ხოლო წელსა ამას 1800 ინება მეფემან გიორგიმ [XII-მ] მოჭედა ხატისა ნისა მთავარმოწამისა გიორგისა, ბოჭორმად წოდებულისა, რომელიცა ასვენია თელავის წმიდის მოწამის, ქეთევან დედოფლის ეკლესიაში, რომელიცა იყო ძველად მოჭედილ, გარნა სიძველისა გამო არღვის ახსოვდა ნაწილი მის შორის და ჰკურნებდა მრავალთა სნეულთა და უძლურთა სულთა უკეთურთა. ხოლო აჰყარეს რა ვერცხლი იგი, ჰპოეს მკერდსა მას შინა დაფარული მკლავი წმიდისა, რომელიცა მოსჭედა მეფემან ძვირფასად და შთაასვენა კ[ვალა]დ ნაწილივე ხატსა მას შინა, რომლისა ძალითა და სასწაულითა იძლივა ომარ ხან, რომელსაცა დღესასწაულობენ დღესასწაულსა მისსა ერნი კახეთისანი ნოემბრის 10“. ამ ცნობის მიხედვით ბოჭორმის ტაძარი წარმოგვიდგება უნიკალური სიწმინდის მცველად, რაც საქართველოს ეკლესიის ისტორიაში მის მნიშვნელობას აძლიერებს. მოგვიანებით (XI-XII სს. მიჯნაზე) ეკლესია შეუმოსავთ მხატვრობით. ამ ფრესკულმა სამკაულმა ჩვენამდე ძლიერ დაზიანებული სახით მოაღწია, მაგრამ თავდაპირველი ერთიანობის აღდგენა რამდენადმე მაინც შესაძლებელია.
მოხატულობა
საკურთხევლის კონქში ორი ანგელოზი მუხლმოყრით განადიდებს საყდარს ზედა მჯდომ მაცხოვარს, ბემის თაღზე კი წინასწარმეტყველები გრაგნილზე წარწერებით თითქოს მოასწავებენ მესიის განკაცებას. თემა მძაფრდება ეკლესიის მამათა – უფლის საღმრთო მესაიდუმლეთა – რიგში, ბემის კედლებზე კი „ფერისცვალება“ და „ლაზარეს აღდგინება“ ამზადებს მოახლოებულ მსხვერპლს, რომლის თემა ვითარდება მიმდებარე ორ აფსიდაში ე.წ. „ათორმეტი საუფლო დღესასწაულის“ ციკლით, რომელიც იწყება „ხარებით“ და გვირგვინდება „ჯვარცმით“.
მოხატულობაში დომინირებს წმ. გიორგის თემა, რომელიც საკურთხევლის მოპირდაპირე კონქის სივრცეს იკავებს და თანამიმდევრული თხრობით ასახავს წმინდანის ცხოვრებას დიოკლიტიანე მეფის წინაშე წარდგომიდან თავისკვეთამდე. ჩრდილო-დასავლეთ აფსიდაში ცალკე ციკლად გამოტანილია ქრისტეს სასწაულები. კონქში გამოსახულია „ქორწილი კანას გალილეას“. აქვე კედლებზე ეშმაკეულისა და უსინათლოს განკურნებათა სცენებია. სიმბოლურად ნაჩვენებია ქრისტეს, როგორც სულის მხსნელისა და ნათლის დამამკვიდრებლის, გზა.
მთავარ თემას ასახავს საკურთხევლის სატრიუმფო თაღის წარწერა: „სახლსა შენსა შვენის სიწმინდე, უფალო, სიგრძეთა დღეთასა“ (ფსალმუნი 92,5). „ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიის“ მხატვარი წარმოგვიდგენს უფლის განკაცებას, ღვთისმშობლისა და წმ. ეკლესიის თემების განვითარებას. საკურთხეველში გამოსახულ მხსნელად მოსული მსხვერპლის იდეას შეესაბამება სამხრეთ-დასავლეთ აფსიდაში უფლის მეორედ მოსვლა და საშინელი სამსჯავრო, ეს სცენა აზრობრივ-მხატვრული სიმძაფრით გამორჩეულია არამარტო ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში.
კონქის ნალისებურად შებერილ სივრცეში გამოსახულია უფალი „ძველთა დღეთაჲ“ ორ ცისარტყელაზე. მისტიკურობას აძლიერებს „დიდების“ რკალშივე მოქცეული მავედრებელი ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი – აქეთ-იქით სამსჯავრო მოციქულებითა და ანგელოზთა ულევი დასით. ქვემოთ, უშუალოდ აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან ანგელოზთა ნაღარით მოხმობილი მართალთა და ცოდვილთა გუნდები. მხატვარმა ეს სცენა ბრწყინვალედ გამოსახა ცოდვა-მადლის დაპირისპირებით: რაც მეტად უახლოვდებიან მაცხოვარს მართალნი, მით უფრო მატულობს მათში სიმსუბუქე, სიმწყობრე, ჰარმონია; შესაბამისად, უარყოფილი ცოდვილნი კი თანდათან მძიმდებიან, დაბლა ეშვებიან, ირევიან და ჯოჯოხეთის ცეცხლში ინთქმებიან. სცენას ასრულებს გასასვლელი კარით ერთმანეთისაგან გათიშული სამოთხე (ღვთისმშობლით) და ჯოჯოხეთი (სატანითა და კრულვის სკვნილებით).
„მეორედ მოსვლის“, ანუ როგორც მას უწოდებენ, „უფლის ცეცხლოვანი მოსვლის“ მისტიკური ჟღერადობის გაგრძელებაა ექვს აფრა-ტრომპში გამოსახული სერობინ-ქერობინები. მათი ცეცხლოვანი ფრთები, ლაჟვარდის სივრცეებში აფრიალებული, თითქოს ქმნიან ცეცხლოვან გამყოფ საკრალურ რკალს ცად ნაგულისხმევ გუმბათსა და მიწად ნაგულისხმევ გუმბათქვეშა სივრცეს შორის.
ხატწერის მხატვრულობას განსაკუთრებით აძლიერებს მისი ფერადოვანი წყობაც. პალიტრა შედგენილია მდიდრული მინერალური საღებავებით: მაღალხარისხოვანი ლაჟვარდით (ბიდახშანი), ინტენსიური სინგურით, ბუნებრივი ოქროთი (აურიპიგმენტი), თბილი ტონალობის მიწის საღებავებით.
მოხატულობა, სტილის მიხედვით, თარიღდება XI-XII სს. მიჯნით. ამ პერიოდის კახეთში მოხდა დიდი პოლიტიკური გარდატეხა: დამოუკიდებელი კახეთის სამეფო 1104-1105 წწ. დავით IV აღმაშენებლის მიერ გაერთიანებულ საქართველოს შეუერთდა. ინტერესს ამძაფრებს ინტერიერში დაცული ისტორიული პირის გამოსახულება. ეკლესიაში სამხრეთ-დასავლეთ კარიდან შემოსული მლოცველისთვის მოპირდაპირე აფსიდის ქვედა რეგისტრში მთელი ტანითაა წარმოდგენილი ქტიტორის ვეება ფიგურა, რომელიც ვედრებით მიემართება ცათა მიმანიშნებელ ნახევარწრეში ჩაწერილ ქრისტეს ფიგურას. იმავე რეგისტრში მეორე მხარეს სიმეტრიულად დგანან გოლგოთის ჯვრით შეწყვილებული წმ. დედოფალი ელენე და იმპერატორი კონსტანტინე დიდი. გამქრალია ქტიტორის სახე, ასევე არ იკითხება ფრაგმენტირებული წარწერაც. ტრადიციული კაბა და განსაკუთრებით კი ფურცლოვანი ოქროთი მორთული მკლავი მიგვანიშნებს, რომ აქ გამოსახული უნდა ყოფილიყო თავისი დროის უმაღლესი ფეოდალი. 1104-1110 წწ. იგი უნდა ყოფილიყო კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე IV ან აღსართან II, რომელიც თავისი მმართველობის ორი წლის განმავლობაში ბოჭორმას ვერ მოხატავდა, მით უმეტეს – უმძიმესი პოლიტიკური სიტუაციის პირობებში. კახეთის შემოერთებამდე საგულისხმო ქტიტორია მეფე კვირიკე IV. ამდენად გასარკვევია, თუ შემოერთებულ კახეთში ვის შეეძლო ებრძანებინა ბოჭორმის მოხატვა. კონსტანტინესა და ელენეს ფიგურებით თუ ვიმსჯელებთ, საქმე იმაშია, რომ „ძეგლისწერის“ მიხედვით, რუის-ურბნისის კრების შემდეგ საეკლესიო ღვაწლის გამო მეფე დავით IV-ს ერთხმად ადარებდნენ კონსტანტინე დიდს – „სახისდასაბამ უცთომელისა ქრისტეანობისა, ვითარცა დიდი კოსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის“; იგივე ისმის დავითის ისტორიკოსის პირითაც – „.... ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმაკსა და შეასაკუთრა ღმერთსა, რომელითა მიიღო მადლი მოციქულობისა, ვითარცა პავლე და ვითარცა დიდმან კოსტანტინე“.
ეს ტრადიცია იმდენად მტკიცე ჩანს, რომ რუის-ურბნისის კრების შემდეგ დავითის სიცოცხლეში ვერც ერთი დიდი ფეოდალი ვერ გაბედავდა კონსტანტინე დიდის გვერდით დადგომას. ბუნებრივია, ვერც დემეტრე I, რომელიც ისტორიიის მიერ დავითის „მორჩად“ და დიდი მამის საქმეთა კეთილად გამაგრძელებლად აღიქმებოდა, იკადრებდა იმავეს (მოხატულობის სტილიც არ თანხვდება მისი ეპოქის მხატვრულ ტენდენციებს). ამდენად, 1104-1105 წწ. შემდეგ ტაძრის ქტიტორის თითქმის ერთადერთ სავარაუდო იდენტიფიკაციად შეიძლება ჩაითვალოს მეფე დავით IV აღმაშენებელი. თუმცა შემორჩენილ გამოსახულებებში ყველგან (გელათი, სინის მთის ხატი, ნუმიზმატიკური მასალა) იგი საიმპერატორო სამოსლით გამოისახება, ბოჭორმაში მდგომი მავედრებელი პირი კი როგორც უკვე ვთქვით, ტრადიციული კაბითაა. მაგრამ ამასაც ისტორიული ახსნა მოეძებნება: 1112 წლამდე დავით მეფე, სავარაუდოდ, მამის – გიორგი II-ს – თანამოსაყდრეა და ამდენად, შესაძლოა ქართული ტრადიციისამებრ, იგი არ ატარებდა საიმპერატორო სამოსს. ეს არგუმენტი კი რამდენადმე აზუსტებს ბოჭორმის მოხატვის თარიღს 1104-5-1112 წწ.,–ით.
ამრიგად, ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიის სტილისმიერი თარიღი (XI-XII სს-ის მიჯნა) ქტიტორის გამოსახულების საფუძველზე, მკაფიოდ დაიყო ორ შესაძლო მონაკვეთად: ეკლესია მოიხატა 1102 წლამდე კვირიკე IV-ის დაკვეთით, ან 1104-5-1112 წწ. (რუის-ურბნისის კრებიდან გიორგი II-ის გარდაცვალებამდე პერიოდში) მეფე დავით IV აღმაშენებლის ნებით. მეტი არგუმენტი მოეპოვება მეორე თარიღს. კონსტანტინე დიდის გამოსახულებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქტიტორის იდენტიფიკაციისათვის, თუ წარმოვიდგენთ, რომ X-XIII სს. საქართველოს მონუმენტურ მხატვრობაში ეს არის ერთადერთი ჩვენამდე მოღწეული გამოსახულება ამ წმ. იმპერატორისა. ისიც ნიშანდობლივია, რომ ერთადერთი მინანქარი მისივე გვხვდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ დროს – XI ს. მიწურულიდან, დავით-მეფე აღარ ატარებს დაქვემდებარებულ ბიზანტიურ ტიტულს და იმპერატორს უსწორდება. ამ ფონზე ბოჭორმის ქტიტორის აზრობრივი დაპირისპირება კონსტანტინე დიდთან კიდევ უფრო ლოგიკური ხდება.
საგულისხმოა მოხატულობის სისტემის იდეური გააზრების კიდევ ერთი ასპექტი: თუ ეკლესიის აგების თანადროული ხატი წმ. გიორგის წარმოგვიდგენს როგორც წამების გზით ძლევამოსილ წმინდანს, საუკუნის შემდეგ ეკლესიის მოხატულობაში უკვე წინ წამოწეულია მთავარმოწამის წმ. მხედრობის თემა. ჩრდილო-დასავლეთ კარიდან ეკლესიაში შესულ ადამიანს საკურთხევლის გვერდით აფსიდაში მთელი რეგისტრის სიგანეზე წარმოუდგება ტყვეთა გამომხსნელი წმ. გიორგი – ცხენზე ამხედრებული მშვიდი ტრიუმფატორი. ალყის დროს, ალბათ, იგი სალოცავი ხატის ფუნქციას შეიძენდა. გამოსვლისას ნავედრებ მორწმუნეს გამოაცილებდა დასავლეთ აფსიდაში ასევე მთელი ტანით ამხედრებული წმ. გიორგი, ბოლოს კი – კარის აქეთ-იქით ჰერალდიკურად შეწყვილებული ტრადიციული ორი წმ. მხედარი. თითქმის რეალურ სივრცეში გადმოსული ოთხგზის გამეორებული წმ. მხედრის თემა ბოჭორმაში არაჩვეულებრივად შთამბეჭდავია. თავისი ჟღერადობით იგი თითქმის ეპასუხება „მესიის მახვილის“ რელიგიურ სულისკვეთებას, „მესიის მახვილისა“, რომლისთვისაც ომი ქრისტიანობის დაცვისა და ხსნის გზა იყო, ამ გზაზე კი წმ.გიორგი – ყველაზე დიდი მეოხი და სასურველი.
ა. ოქროპირიძე
|