ბრიტანეთის ხელოვნება მეცხრამეტე საუკუნეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანტე გაბრიელ როსეტი. პია დე ტოლომეი, 1868-1869; ტილო, ზეთი, 105.4X119.4 სმ. სპენსერის ხელოვნების მუზეუმი, კანზასის უნივერსიტეტი. (1956.0031)

ბრიტანეთის ხელოვნება მეცხრამეტე საუკუნეში – XIX საუკუნის შუა ხანებისთვის ბრიტანეთიც პოლიტიკური და სოციალური არეულობების წინაშე აღმოჩნდა. "მშიერი ორმოციანების" დეპრესიამ, "ირლანდიის კარტოფილის შიმშილობამ" (1845-1852) და ჩარტისტულმა აჯანყებამ ინგლისის სოციალურ სტაბილურობას საფრთხე შეუქმნა. საუკუნის შუა ხანების ბრიტანელი ხელოვანები რელიგიურ და ასევე, ზნეობრივ თემებზე რეალისტურ ნამუშევრებს ქმნიდნენ, მაგრამ ეს რელიზმი საკმაოდ განსხვავდებოდა ფრანგული და ამერიკული რეალიზმისგან.

1848 წელს შვიდი ლონდონელი მხატვარი თანამედროვე ბრიტანული ხელოვნების, მათი აზრით, მცდარი პრაქტიკის საპასუხოდ, პრერაფაელიტების საძმოს აარსებს. ისინი ცდილობენ ხელოვნებაში სილამაზისა და სულიერების მოპოვებას, რომლის ნაკლოვანებასაც, მათი აზრით, თანადროული ხელოვნება განიცდიდა. ამისთვის კი ისინი სამეფო აკადემიაში მიღებული "რაფაელისტური" მიდგომის სანაცვლოდ, შუა საუკუნეებისა და ადრეული რენესანსის (რაფაელამდელ) ხელოვნებას მიმართავდნენ. მათი რწმენით, ეს ადრეული ხელოვნება უფრო ზნეობრივი და "რეალური" იყო.

სარჩევი

დანტე გაბრიელ როსეტი

დანტე გაბრიელ როსეტი (Dante Gabriel Rosetti, 1828-1882) პრერაფაელიტების საძმოს წამყვანი წევრი იყო. მისი სურათი "პია დე ტოლომეი" დანტეს ღვთაებრივი კომედიის ერთ-ერთი სცენის ილუსტრაციას წარმოადგენს. სურათზე წარმოდგენილია ქმრის მიერ ღალატში ტყუილუბრალოდ დადანაშაულებული ციხეში გამომწყვდეული პია. მის გვერდით გამოსახული კრიალოსანი და ლოცვანი პიას ღვთისმოსაობაზე მიუთითებს, მზის საათი და ყორანი - წარმავალ დროსა და მოახლოებულ სიკვდილზე, ხოლო ლოცვანის ქვეშ ამოდებული პიას მიერ ქმრისადმი მიწერილი წერილის ფურცლები, მეუღლის მიმართ მის მარადიულ სიყვარულზე მიანიშნებს. ლეღვის ხე თავისი ხშირი ფოთლებით (ლეღვის ფოთოლი, ტრადიციულად, სირცხვილთან ასოცირდება), რომლითაც ფიგურაა გარემოცული, თითქოს მის შთანთქმას აპირებს. ამ ნივთებს დანტეს ნაწარმოებთან საერთო არაფერი აქვს, ისინი თავად როსეტის უკავშირდება: ჯეინ ბერდენი, რომელიც ამ და სხვა ნამუშევრებისთვის მხატვრის მოდელს წამოადგენდა, მისი მეგობრის, უილიამ მორისის მეუღლე იყო და, ამავე დროს, - როსეტის საყვარელიც. ჟესტი, რომლითაც პია/ჯეინი საქორწინო ბეჭედზე მიუთითებს, გულისხმობს, რომ იგი არა მხოლოდ თავისი მეუღლის, არამედ ქორწინების ტყვეცაა. ეს თავად როსეტის უხერხულ მდგომარეობასაც შეგვახსენებს.

ფილიპ უები.წინა პლანზე: სასექსის სერიის ერთ-ერთი სკამი, დაახლ. 1865 წელი

სხვა ბრიტანელი მხატვრები ინსპირაციის წყაროდ შუა საუკუნეებს ირჩევენ, როგორც მოდერნული ლონდონის გადარჩენის უნივერსალურ საშუალებას.

უილიამ მორისი

უილიამ მორისი (William Morris, 1834- 1896) სანამ ინტერიერის დიზაინითა და დეკორირებით დაინტერესდებოდა, პრერაფაელიტების გავლენით, მცირე ხანს, მხატვრობით იყო გატაცებული. ხელნაკეთი ნივთებისადმი მორისის ინტერესი მდარე დიზაინის მქონე მასობრივი ნაწარმის მიმართ არსებული თითქმის საყოველთაო უარყოფითი რეაქციის ფონზე ყალიბდება. 1859 წელს დაქორწინების შემდეგ, როდესაც მორისმა ახალი სახლისთვის შესაფერისი ავეჯის შოვნა ვერ მოახერხა, იგი საკუთარი დიზაინის მიხედვით, მეგობრების დახმარებით, დაამზადა. მოგვიანებით მან საკუთარი კომპანიაც დააარსა, რომელიც შუა საუკუნეებით შთაგონებული დიზაინის მრავალგვარ ნივთს აწარმოებდა. მორისის კომპანიის მიერ წარმოებული უნიკალური, არასერიული ობიექტები საკმაოდ ძვირად ფასობდა, მაგრამ სხვები, როგორიც, მაგალითად, ილუსტრაციაზე წარმოდგენილი ლერწამგადაკრული სკამია, საკმაოდ იაფი იყო, მარტივი ფორმა ჰქონდა და ქარხნულად წარმოებული ავეჯის ხელნაკეთ ალტერნატივას წარმოადგენდა. "ტოტალური" გარემოს შექმნით დაინტერესებული მორისი და მისი კოლეგები არა მარტო ავეჯს, არამედ ვიტრაჟებს, შორენკეცებს, შპალიერს და ქსოვილებსაც ქმნიან. ილუსტრაციაზე, სკამის უკან მოჩანს მორისის დიზაინით შექმნილი ფარდა სახელწოდებით ფარშევანგი და დრაკონი.

მორისის ინიციატივით შეიქმნა ე.წ. ხელოვნებისა და ხელოსნობის მოძრაობა. მორისი უპირისპირდებოდა იმ დროს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ხელოვნება მხოლოდ ელიტისთვის განკუთვნილი, მაღალპროფესიული განსწავლის შედეგად შექმნილი პროდუქტი იყო და იმედოვნებდა, რომ ახალ ეპოქაში ეს მიდგომა წარსულს ჩაბარდებოდა. თავის ლექციებში მორისი აცხადებდა: "მე არ მსურს ხელოვნება მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის, არც განათლება და არც თავისუფლება - მხოლოდ რამდენიმესთვის." მორისი, როგორც სოციალისტი, ეწინააღმდეგებოდა ცხოვრების ინდუსტრიალიზებული წესის დამაჩლუნგებელ გავლენას მუშებზე. მისი მტკიცებით, თუკი მუშები ნივთებს საკუთარი ხელით დაამზადებდნენ, მაშინ ისინი შემოქმედებით პროცესში სრული ჩართულობით კმაყოფილნი, მშვენიერ და გულწრფელ პროდუქტს შექმნიდნენ.

ჯეიმს ებოთ მაქნეილ უისთლერი. ნოქტიურნი შავსა და ოქროსფერში, შუშხუნის ვარდნა, 1875

ჯეიმს ებოთ მაქნეილ უისთლერი

ამერიკელი ემიგრანტის ჯეიმს ებოთ მაქნეილ უისთლერის (James Abbot McNeil Whistler, 1834-1903) ინტერესის საგანს ინტერიერის დიზაინი წარმოადგენდა, კონკრეტულად კი კედელი, ან ოთახი, სადაც ხელოვნების ნიმუში უნდა განთავსებულიყო, მაგრამ, ცხადია, იგი ამას აკეთებდა ელიტის გემოვნებისა და მოთხოვნების შესაბამისად. სხვებთან ერთად ისიც ჩართული იყო იმ სახელოვნებო დისკურსში, რომელმაც ხელოვნება შემდეგ საუკუნეში აბსტრაქციამდე მიიყვანა. მას შემდეგ, რაც უისთლერი 1850-იანი წლების დასაწყისში "ვესთ ფოინთიდან" გარიცხეს, მან სწავლა პარიზში განაგრძო, სადაც მალევე კურბეს რეალიზმის გავლენის ქვეშ მოექცა; მათ ერთად შეასრულეს ზღვის რამდენიმე პეიზაჟი.

1859 წელს უისთლერი ლონდონში დასახლდა. ამ დროიდან მისი ხელოვნება სულ უფრო და უფრო სცილდებოდა ხილულ რეალობას და დეკორატიულ ნიშნებს იძენდა, რასაც თავად "ესთეტიკას" უწოდებდა. მისი აზრით, სურათზე ასახულ-აგებული სივრცე გარე სამყაროსთან ყოველგვარი მსგავსების გარეშე, თავისთავად შეიძლება ყოფილიყო ესთეტიკურად მომხიბვლელი. უისთლერი დროდადრო თავის ხელოვნებას საკუთარი დიზაინით შექმნილ გარემოში ფენდა, რადგან მისი მიზანი სივრცისა და საგნების მხატვრული მთლიანობის, ჰარმონიის შექმნა იყო.

უისთლერის იდეები ხელოვნების შესახებ რევოლუციური იყო. იგი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო იმ მხატვართა შორის, ვისაც თავისი ნამუშევრები აბსტრაქციად, განყენებულობად უფრო წარმოედგინა, ვიდრე ხილული რეალობის რეპრეზენტაციად. უისთლერი ასევე ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იაპონური ხელოვნების დეკორატიული ხაზით, ფერითა და ფორმით მოხიბლულმა, მისი შეგროვება დაიწყო, თუმცა, ამ ხელოვნების მნიშვნელობა და დანიშნულება მას ნაკლებად ესმოდა. 1860-იანი წლების მეორე ნახევრიდან უისთლერი თავის ნამუშევრებს "სიმფონიებს" და "იმპროვიზაციებს" არქმევს, რადგან, მისი აზრით, სურათის მნიშვნელობას მხატვრული საშუალებები, უმთავრესად კი კომპოზიცია განსაზღვრავდა და არა თემატიკა.

1877 წელს მან გამოფენაზე გაიტანა რამდენიმე პეიზაჟი, მუსიკიდან ნასესხები სახელწოდებით "ნოქტიურნი". ნამუშევრები ინგლისში ხელოვნების ყველაზე ცნობილი კრიტიკოსის, პრერაფაელიტების მიმდევარისა და მათი ზნეობრივი მისწრაფებების მომხრე ჯონ რასქინმა (1819-1900) აბუჩად აიგდო. აფასებდა რა უისთლერის ნამუშევრებს, როგორც დაუდევრად შესრულებულსა და უაზროს, თავის მიმოხილვაში რასქინი სვამდა კითხვას - განა, შეიძლება, საზოგადოების სახეზე ერთი ქილა საღებავის შესხმისათვის მხატვარმა 200 გინეა მოითხოვოსო? 1877 წლის გამოფენაზე უისთლერის ნოქტიურნი შავსა და ოქროსფერში. შუშხუნის ვარდნა ყველაზე საკამათო ნამუშევარი იყო. რასქინის მიერ ამ სურათის მკვეთრად უარყოფითი შეფასება ხელოვნების ისტორიაში ყველაზე ცნობილი და დრამატული სასამართლო პროცესის ჩატარების მიზეზი გახდა.

შეზღუდული ფერადოვნების მქონე, მუქი ტონებით შესრულებული კომპოზიცია, ერთი შეხედვით, აბსტრაქტული გვეჩვენება. სინამდვილეში კი სურათზე ლონდონის კრემორნ გარდენის ტბის თავზე ღამის ფეიერვერკი და წინა პლანზე ნაპირის გასწვრივ მაყურებელთა ბუნდოვანი სილუეტებია ასახული. ნოქტიურნი უისთლერმა თავის ნამუშევარს ფრედერიკ შოპენის საფორტეპიანო პიესების ანალოგიით უწოდა, იმ იმედით, რომ მნახველში ამით ფერწერისა და მუსიკისათვის საერთო აბსტრაქტული თვისებების ასოციაციას გამოიწვევდა. რასქინის კრიტიკული წერილის წაკითხვის შემდეგ უისთლერმა მას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა სასამართლო მხატვარმა ძალიან გონივრულად წარმართა და თავდაცვისა და საკუთარი ხელოვნების რეკლამირების საზოგადოებრივ ფორუმად გადააქცია. უისთლერი სასამართლოს წინაშე ირწმუნებოდა, რომ ხელოვნებას არ აქვს ვიზუალური ხიბლის ქმნადობაზე უფრო მაღალი მიზანი. შესაბამისად, იგი უარყოფდა თემატიკის საჭიროებას ფერწერაში. მართალია, უისთლერს არასდროს შეუქმნია წმინდა აბსტრაქცია, მაგრამ მისი თეორიული მოსაზრებანი არსებითი აღმოჩნდა აბსტრაქტული ხელოვნების განვითარებისთვის მომდევნო საუკუნეში.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები