გადამწერები ძველ ეგვიპტეში
გადამწერები – ახალი სამეფოს ეპოქიდან შემოინახა თავისებური ტექსტების კრებული, სადაც ყველა ხელობაზე მაღლა (გლეხის, ჯარისკაცის, მეეტლის, მცხობელის, დაბალი რანგის ქურუმისაც კი, გადამწერის ხელობაა დაყენებული, ამიტომ მოწაფეს მოუწოდებენ, ისწავლოს წერა-კითხვა და გახდეს „გადამწერი“, რადგან გადამწერი თვისუფალია მძიმე შრომისაგან და თავის თავს ეკუთვნის.
ეგვიპტეში სახელმწიფოს შექმნა და დამწერლობის წარმოშობა ქრონოლოგიურად ერთმანეთს ემთხვევა, და შესაბამისად, მაშინვე გაჩნდა წერა-კითხვის მცოდნე ადამიანებზე მოთხოვნილება. სახელმწიფოს განვითარებასთან ერთად, ეს მოთხოვნილება იზრდებოდა, მაღლდებოდა გადამწერების კვალიფიკაცია და განათლება. თანდათან მათგან წარმოიშვა განათლებული ფენა, რომლის წარმომადგენლები არა მარტო ადგენდნენ ადმინისტრაციულ დოკუმენტებს, არამედ ქმნიდნენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ახდენდნენ სატაძრო ბიბლიოთეკებში დაცული პაპირუსების რესტავრაციას და კოპირებას. ეგვიპტეში, სადაც სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერ იარაღად იყო მიჩნეული (ჯერ კიდევ ჰერაკლეოპოლისის პერიოდის დროს (ჩვ.წ.-მდე 2134-2040 წწ.) დაწერილ დარიგებაში მეფე არიგებს თავის ვაჟს, რომ „სიტყვა ყველაზე ძლიერი იარაღია“, გადამწერები სულ უფრო მეტი პატივისცემით სარგებლობდნენ. მართალია, გადამწერი (თუ ის სათანადო წარმოშობის არ იყო), სოციალურად უმაღლეს კლასს არ მიეკუთვნებოდა, რადგან არ გააჩნდა შემოსავლის საკუთარი წყარო და მუშაობდა, როგორც სახელმწიფო ანაზღაურებაზე მყოფი ადმინისტრაციის მოხელე, მაგრამ, განსხვავებით სხვა მსგავსი მოსამსახურეებისაგან, ის არ იყო ვინმეზე დაქვემდებარებული. გადამწერის პროფესია ასევე წარმოადგენდა ერთგვარ ტრამპლინს ნიჭიერი ადამიანისათვის, რადგან ეგვიპტეში ხშირია შემთხვევები, როცა უბრალო წარმოშობის ადამიანმა უმაღლეს მდგომარეობას მიაღწია თავისი ნიჭის და განათლების წყალობით, რომლის მიღებაც, ეგვიპტური ტექსტების თანახმად, საკმაოდ ღარიბ ადამიანსაც შეეძლო.