გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის სპორტის სასახლე

გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლე − (ინგლ. Tbilisi Sports Palace), სპორტული დარბაზი თბილისში. გაიხსნა 1961 წელს (არქიტექტორები: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე; კონსტრუქტორი დავით ქაჯაია).

სპორტის სასახლის მშენებლობა მნიშვნელოვანი წარმატება იყო ქართული საბჭოთა არქიტექტურის განვითარების იტორიაში. ის ყურადღებას იპყრობს, როგორც მხატვრული სახის გადაწყვეტით, ისე კონსტრუქციულ-საინჟინრო თავისებურებებით. სასახლის პროექტზე მუშაობა 1955 წელს დაიწყო, ხოლო მშენებლობას 1957 წელს, მისი საჯარო განხილვის შემდეგ შეუდგნენ. სპორტის სასახლე 1961 წელს გაიხსნა.

არქიტექტორებმა სპორტის სასახლის საფუძვლად კვადრატი აიღეს (88×88 მ). კვადრატულია ცენტრალური დარბაზიც (76×76 მ), რომლის პერიმეტრზე განლაგებულია 9305 მაყურებელზე გათვლილი ამაღლებული ტრიბუნები (პარტერში დამატებითი ადგილების განთავსების შემთხვევაში მაყურებელთა რიცხვი 1200 ადგილით იზრდებოდა). მთავარი არენა 23×45 მ. მართკუთხედში თავსდება. დარბაზს შესასვლელი ოთხივე მხრიდან აქვს. აქედან, სამი მაყურებლისთვის, ხოლო ერთი (უკანა) სპორტსმენთა და მომსახურე პერსონალისთვის იყო განკუთვნილი. ადმინისტრაცია პირველ და მეორე სართულებს შორისაა განლაგებული და მოხერხებულად უკავშირდება ყველა სივრცეს. შენობა სამსართულიანია. პირველი სართული მიწაშია ჩაღმავებული, ნაგებობაში შესასვლელები მეორე სართულიდანაა მოწყობილი. მთავარი არენის გარდა შენობაში ორი სატანვარჯიშო დარბაზია, ხოლო სპორტსმენთა საჭიროებებისთვის დამხმარე სათავსებისგან შემდგარი სპეციალური ბლოკია გაკეთებული.

სპორტის სასახლის განსაკუთრებულობა მის კონსტრუქციულ-საინჟინრო თავისებურებაშია. დარბაზი გადახურულია რკინაბეტონის ანაკრები გარსის გუმბათით. გარსი სფერული ფორმის მონოლითურ რვაწახნაგა კონტურში ჩადგმული ასაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციაა, რომლის წახნაგებსშორისი სივრცეები თხელი ბეტონის ფილითაა გადახურული. გუმბათის მთელი სიმაღლე შევსებულია დაწყობილი რიგებით შექმნილი სალტეებით. ეს კონსტრუქცია მზა ელემენტების მონტაჟზეა დამყარებული და იწყობა ძვირადღირებული და შრომატევადი ხარაჩოების გარეშე (შეტანილია ინდივიდუალურ კონსტრუქციათა საერთაშორისო კატალოგში). უნდა აღინიშნოს, რომ 76 -მეტრიანი მალი უდიდესი იყო საბჭოთა კავშირში და რადგანაც მსგავსი კონტრუქციის აგების გამოცდილება არ იყო, წინასწარ კონსტრუქციის შესამოწმებლად აგებულ იქნა 30-მეტრიანი საცდელი გუმბათი. შენობის ინტერიერი სადაა. ნათელი ფოიეები გრძივი მიმართულების სივრცობრივ მონაკვეთებს ქმნიან დარბაზის ოთხივე მხარეს. ღია სტოა-გალერეა ვესტიბიულის ფუნქციას ასრულებს. ის გარე სივრციდან ინტერიერში გადასაყვანი პირველი საფეხურია. ფართო ფოიედან ადამიანი დარბაზის შუასიმაღლეზე ხვდება და მის წინაშე ვრცელი, თავისუფალი სივრცე იშლება. აღსანიშნავია, რომ შენობის გარე სიმაღლე 16 მეტრია, ხოლო შიგნით დარბაზისა 34 მეტრი, რაც ძლიერ მხატვრულ ზემოქმედებას ახდენს მნახველზე.

შენობის ფასადთა აღქმის დროს გუმბათი გარკვეულ საფეხურებს ქმნის. ის გამოყოფს სხვადასხვა გეომეტრიული ფორმების მნიშვნელობას. გუმბათის გლუვი სიბრტყისთვის საფუძველია შენობის მთელ პერიმეტრზე განთავსებული ღია თარედზე დაყრდნობილი შემინული ჰორიზონტალური რეგისტრი. საერთოდ, ნაგებობის გარე მხატვრული სახის შექმნაში ფასადების ჰორიზონტალურ დანაწევრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ორი რეგისტრიდან ქვედა ღია თაღოვანი გალერეაა, ხოლო ზედა შემინული სიბრტყე, რომელიც უწყვეტი ფრიზივით გარს უვლის მთელ კორპუსს. სპორტის სასახლეში ხაზგამულია კედლის მნიშვნელობა. ეკლარის თეთრი ქვის კვადრებით მოპირკეული ქვედა რეგისტრის მასიური კედლები მტკიცე საფუძველს უქმნიან მთელ ნაგებობას, ხოლო მასში მოთავსებული თაღედი პროპორციული აგებულებით, კედლის სიბრტყესთან გაერთიანებული მსუბუქი ბურჯებით გარკვეულ სიმსუბუქეს ანიჭებენ მას. თაღების ერთიანობა ზევიდან შემოვლებული დეკორაციული თაღედითაცაა ხაზგამულია. შენობას გარკვეულ პოდიუმს უქმნის კიბეთა საფეხურებში თითქმის შეუმჩნევლად გადაზრდილი დაბალი ცოკოლი. ის ერთიანი რუხი ტეშენიტის ქვითაა მოპირკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სასახლეში არ არის გამოყენებული ისტორიული ხუროთმოძღვრული ფორმები ან ძველი ქართული დეკორაციული სამკაულები, აქ მაინც თვალშისაცემია ძველი ეროვნული და ახალი, საბჭოთა არქიტექტურული ტრადიციების ცოცხალი კავშირი.

მოსაპირკეთებელი მასალით, ღია თაღედით და მათი პროპორციული აგებულებით, მთელი ორგანიზმის სივრცობლივი გადაწყვეტის ხასიათითა და ნაგებობის საერთო იერით სპორტის სასახლის ავტორებმა შეძლეს არქიტექტურა დაემორჩილებინათ გარემოსთვის.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები