გლდანის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გლდანის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, სოფელ გლდანის ჩრდილოეთით, ძველ სასაფლაოზე. აგებულია IX-X საუკუნეებში.

აღწერილობა

ნაგებობა სამეკლესიანი ბაზილიკაა (11,1X10,7 მ), ნაშენია ქვიშაქვის თანაბარი კვადრებით. სამხრეთის ეკლესიის დიდი ნაწილი და მოგვიანებით მიშენებული ჩრდილო-დასავლეთი სათავსის სახურავი ჩანგრეულია. ლავგარდანი მხოლოდ შუა ეკლესიას აქვს. XVIII-XIX საუკუნეებში შუა ეკლესიისათვის დასავლეთიიდან ორი კონტრფორსი მიუშენებიათ და სახურავი განუახლებიათ.

შუა ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. მის ღრმა ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკლესიებში გასასვლელი ორი კარია. დარბაზის კამარა პილასტრებზე დამყარებულ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. დასავლთის თაღის საყრდენად დაკიდული პილასტრებია გამოყენებული. პილასტრებს მარტივი თაროსებრი კაპიტელები აქვს. კედლებზე, პილასტრებს შორის, თითო დეკორატიული თაღი გადადის. სამხრეთ კედელში ორი პარალელურწირთხლებიანი სარკმელია. კედლის დასავლეთ ნაწილში ხის ძელებზე მოწყობილი პატრონიკეს კვალია შემორჩენილი, ეკლესიის სამხრეთის კედელს მთელ სიგრძეზე სამხრ. ეკლესიის კამარის ქუსლი გასდევს. შუა ეკლესია შიგნით შელესილია გაჯით და შეღებილია მოლურჯო-მონაცრისფრო საღებავით. სამხრეთის ეკლესია, რომლის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილია შემორჩენილი, მოგვიანებით შუა ეკლესიის სადიაკვნედ გამოუყენებიათ. იგი შუა ეკლესიას თაღოვანი კარით უკავშირდება.

ჩრდილოეთის მოკლე სწორკუთხა ეკლესია ცილინდრული კამარითაა გადახურული. მასში შესვლა შუა ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილი კარით შეიძლება. მოგვიანებით ეს სათავსი სამკვეთლოდ გადაუკეთებიათ და შუა ეკლესიის აფსიდისათვის კარით დაუკავშირებიათ. სათავსის ერთადერთი სარკმელი აღმოსავლეთის კედელშია გაჭრილი. ჩრდილოეთის კედელს მთელ სიგრძეზე, 0,2 მ სიგანის საფეხური გასდევს. ამავე კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ერთი სწორკუთხა ნიშია. სამხრეთის კედელში, კამარის ქუსლში გაჭრილია მთავარი ეკლესიის კონქის თავზე მოწყობილ სამალავში ასასვლელი.

მოგვიანებით შუა ეკლესიის ჩრდილოეთის კედელზე მიუშენებიათ დამოუკიდებელი სწორკუთხა სათავსი, რომელსაც დასავლეთით სწორკუთხა კარი აქვს. კარის თავზე არქიტრავით გადახურული სარკმელია. აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია.

ფასადებიდან ყველაზე უკეთ აღმოსავლეთისაა შემორჩენილი, შუა ეკლესიის საკურთხევლის სარკმლის თავზე, ქვიშაქვის ფილაზე, წრეში ჩასმულია თანაბარმკლავებიანი ჯვარი. სამხრეთის ეკლესიის სარკმელი ძალზე დაზიანებულია. ჩრდილოეთის ეკლესიის სარკმლის ზემოთ, ქვაზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი (დაზიანებულია). შუა ეკლესიის განიერი ლავგარდანი შედგენილია თაროს, წრეთარგისა და ლილვისაგან.

ეკლესიის გარშემო შემორჩენილია ქვის გალავნის ფრაგმენტები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები