გომარეთის ღვთისმშობლის ეკლესია
გომარეთის ღვთისმშობლის ეკლესია – (XI ს.), მდებარეობს სოფელ. გომარეთში, (დმანისის მუნიციპალიტეტი, დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქია), სოფლის ცენტრში.
ეკლესიას ვერტიკალურად დაყენებული ლოდოვანი გალავნითაა შემოსაზღვრული, რომელიც დარბაზული ტიპისაა. ეკლესიას მისადგომი სამხრეთიდან აქვს, ტაძარი საშუალო ზომისაა (გარე ზომები – 12X7 მ.). და გეგმით წარმოადგენს ოთკუთხედში ჩახაზულ ერთდარბაზიან შენობას საკურთხევლის აფსიდით.
ტაძრის შიდა სივრცე ვიწრო პილასტრებით ორად არის გაყოფილი, მათზეა გადაყვანილი კამარის დასაყრდნობი თაღიც. პილასტრები უბრალოდ პროფილირებულია (თარო და ლილვი) კაპიტელებით. ასევეა გაფორმებული კონქის კუთხეებიც. დასავლეთ კედელთან თაღზე დაბჯენილი ყოფილა კამარა, რომელიც კრონშტეინებს ეყრდნობა. აფსიდი განიერია და ფართო, შუაში დიდი სარკმლითა და გვერდებში სახატე და სასანთლე ნიშებით.
ტაძრის სიმაღლე მის სიგანეს ჩამოუვარდება, ამიტომ დიდი სივრცის შთაბეჭდილება იქმნება. კლასიკური პერიოდის ამ რაიონის ძეგლთა შიგა სივრცისგან მას ის ასხვავებს, რომ აქ ინტერიერის მხატვრული აღქმისას ჩნდება ერთგვარი შეუსაბამობისა თუ მოულოდნელობის და დაუმთავრებელი სივრცის შთაბეჭდილება.
ტაძარს გადახურვა არა აქვს შერჩენილი და კედლები გარღვეულია მთელ სიმაღლეზე. ფასადები ეკლესიისა შემოსილია მსხვილი ფოროვანი ბაზალტის ქვებით, რომელთა წყობა და ფორმა წესიერი არაა. ქვებს შორის ჩნდება ფართო ნაკერები, რომლებიც ბათქაშითაა ამოვსებული.
აღმოსავლეთი ფასადის სადა, მონაცრისფრო კედლის მოსართავს წარმოადგენს სიმეტრიის ღერძზე გაჭრილი სარკმელი, რომლის წირთხლები გამოყვანილია წითელი ფერის ქვით, რომელიც რბილი ჯიშისაა და ამიტომ საგრძნობლად დაზიანებულია. მარჯვენა მხარე მთლიანად გამოფიტულია, ხოლო მარცხენა მხარეს სარკმლის თაღის ირგვლივ მოჩუქურთმებული თავსართი დღეს ოდნავღა შეიმჩნევა.
სამხრეთ ფასადის ბრტყელი კედლის კომპოზიციას კარ-სარკმელთა ხვრელები ქმნის, რომლებიც მოქცეულია კედლის დასავლეთით ასიმეტრიულად. სარკმლები იმდენად პატარაა, რომ ისინი კედლის მუქ წყობაში კომპოზიციურ დატვირთვას არც კისრულობენ. ამ მხრივ მთავარი დატვირთვაც და აქცენტიც სამხრეთის კარს აქვს მინიჭებული. მისი ვეებერთელა არქიტრავის ქვა ყვითელ-ოქროსფერია და ეს ფერადოვანი ლაქა ისევე, როგორც მარცხენა სარკმლის ქვეშ, კარის აყოლებაზე ჩაყოლებული მჭახე მწვანე ფერის ქვა, აცოცხლებს კედელს. ამგვარად, როგორც ჩანს, ფერადოვანი ქვების შეხამება და თამაში კედლის ზედაპირზე, ღვთისმშობლის ეკლესიის ოსტატს გარკვეულ მხატვრულ ამოცანად ჰქონია დასახული.
კარის არქიტრავი არა მხოლოდ ფერით, არამედ დეკორატიული სამკაულითაც არის გამორჩეული. მთავარი ფართობი დათმობილი აქვს წარწერას, რომელიც, ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) გამოკვლევით, 1014-1022 წწ. თარიღდება. წარწერის მიხედვით, ტაძარი აგებულია ლიპარიტ ერისთავისა და მის შვილთა სადიდებლად. წარწერა შუაში ჩასმული, გრეხილი, ჩუქურთმიანი ჯვრით ორ ნაწილადაა გაყოფილი და მის ვრცელ არეს ოთხივე მხრივ ორნამენტული ჩარჩოს ფართო ზოლი მისდევს. ყოველი გვერდის ზოლი ახალ მოტივს იძლევა. მოტივები ერთმანეთში არ არის გადახლართული, არამედ ყოველი მათგანი ჩაკეტილია თავის თავში. „მათი სახეები ფართოდ არის ცნობილი XI-XII-XIII საუკუნეთა ორნამენტულ რეპერტუარში. მათგან საგულისხმოა მხოლოდ ქვედა ზოლი, რადგან იგი მხოლოდ გარკვეულ საუკუნეშია გავრცელებული. ქვედა ზოლი არქიტრავის მთელ სიგრძეს არ იკავებს და მარცხენა კუთხესთან მცირე მანძილზე წყდება. იგი შედგება ნასკვებით ურთიერთგადაბმული წრეებისგან, რომლებიც ირგვლივ სწორი ხაზებით შემოჩარჩულ ლენტებთან იხლართება, ზოგიერთი წრის გული დამუშავებულია, ზოგი კი თავისუფლად არის დატოვებული. ცარიელი და რელიეფურად დამუშავებული წრის არეების ცვალებადობა არ ქმნის გარკვეულ რიტმს, არამედ ნებისმიერად მისდევს ერთიმეორეს. თვით გამოსახულებანიც ფიგურებისა ნაირნაირია. აქ არის ლომი, ჯიხვი, როზეტი და ფრინველი, რომელსაც შთანთქავს დაკლაკნილი გველი“. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ორნამენტული კრებული ღვთისმშობლის არქიტრავისა არ არის ერთი საუკუნის კუთვნილება, არამედ სიცოცხლის ვრცელი დიაპაზონი აქვს (XI, XII, XIII სს.), უნდა ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ უკანასკნელი, წრეში ჩასმული ფიგურული კომპოზიციები XI ს-ის იქით ამ სახით აღარ გვხვდება.
ი. მირიჯანაშვილი
ლიტერატურა
რჩეულიშვილი ლ., ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, ტბ., 1994.